ვის და რატომ არ მოსწონს მასწავლებელთა სერტიფიცირება
1 თებერვლიდან სერტიფიცირების გავლის მსურველი პედაგოგების რეგისტრაცია დაიწყო. უკვე დამტკიცდა მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაც, რომელსაც პედაგოგების ნაწილი არ ეთანხმება.
“ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 26-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება განათლების და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ¹1101 ბრძანებით დამტკიცდა.
დებულების თანახმად, 2014 წლამდე ყველა მოქმედმა მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს სასერტიფიკატო გამოცდა, რათა მასწავლებლობის უფლება მოიპოვოს. ამ დრომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყება შეუძლიათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების დიპლომში მითითებული აქვთ პედაგოგის ან საგნის სპეციალისტის კვალიფიკაცია. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების უფლების მოსაპოვებლად მათ სკოლაში მუშაობის სულ მცირე ერთი წლის სტაჟი უნდა ჰქონდეთ.
სასერტიფიკატო გამოცდა ამავე წლის ივლისში დაიწყება, მანამდე კი პედაგოგებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ. გამოცდა ორსაფეხურიანია, მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში და საგნობრივ ნაწილში მოუწევთ.
მიმდინარე წელს გამოცდას მხოლოდ ქართულის, მათემატიკისა და უცხო ენების პედაგოგები ჩააბარებენ. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის ლია ბერიძის განმარტებით, არაქართულენოვან სკოლების პედაგოგებისთვის წელს სერტიფიცირება არ იგეგმება. თუმცა, გამოცდაზე გასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი გამოცდას იმავე პროგრამით ჩააბარებენ, რომელი პროგრამითაც ქართულენოვანი სკოლის პედაგოგები აბარებენ: “რადგან ამ სკოლებისთვის ჯერ არ არის დადგენილი ქართული ენა მეორე ენად, ამიტომ ამ სკოლის პედაგოგები წელს სერტიფიცირებას ვერ გაივლიან”.
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების თანახმად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი გასცემს მასწავლებლის სერტიფიკატს, რომელიც მოქმედებს გაცემიდან რვა წლის განმავლობაში.
რვა წლის შემდეგ მასწავლებელი ვალდებულია, გაანაახლოს მასწავლებლობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისთვის, მასწავლებელმა შესაბამისი რაოდენობის კრედიტი უნდა დააგროვოს.
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებას არ ეთანხმება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები. ისინი აცხადებენ, რომ დებულება და ზოგადი განათლების რეფორმის განხორციელება მათთან შეთანხმების, დიალოგისა და კონსულტაციების შემდეგ უნდა მომხდარიყო.
“ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკვლევები საქართველოში განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს. ეს იმის ბრალია, რომ ერთპიროვნულ და გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამენ. განათლების სისტემა არ არის მარტო ერთი და ორი ადამიანის საქმე. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, თანაბრად ისარგებლონ განათლებით და გამოთქვან საკუთარი აზრი”, - განმარტავს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მანანა ღურჭუმელიძე.
მათი განცხადებით, მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება არ ითვალისწინებს მასწავლებელთა უფლებებს და ინტერესებს; სერტიფიცირების პოლიტიკის საკითხებს, როგორიცაა ნებაყოფლობითობა, ხელფასზე ასახვა. ამბობენ, რომ არ არსებობს საგამოცდო პროგრამა და სავარაუდო ტესტები, შესაბამისი ლიტერატურა, არ არის დადგენილი გამსვლელი ქულა ანუ მინიმალური ბარიერი და არ არის დადგენილი გასაჩივრების პროცედურა.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების აზრს იზიარებენ ახალციხის საჯარო სკოლების პედაგოგებიც. მათი თქმით, სერტიფიცირება საჭიროა, თუმცა ამისთვის შესაბამისი პირობები არ აქვთ.
“მთავარია სერტიფიცირების პროცესი როგორ წარიმართება. ჩვენ არა გვაქვს სავარაუდო ტესტები, რაც მეცადინეობას გაგვიადვილებს, ასევე არ ვიცით გამსვლელი ქულა რამდენია, ანუ ყველას ერთნაირი ცოდნის დონე გვაქვს გამოცდას თუ ჩავაბარებთ? ამიტომ უნდა იყოს განსაზღვრული კატეგორიებიც”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი ბადრი კაპანაძე.
მეექვსე საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელს მაია მექვაბიშვილს მიაჩნია, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირება ადრეა და ჯერ უფრო მნიშვნელოვანი, სოციალური პრობლემებია მოსაგვარებელი: “როდესაც სკოლიდან გავდივარ, მარტო იმას ვფიქრობ, როგორ მოვაგვარო ჩემი ეკონომიური პრობლემები. ნამდვილად არ მაქვს განწყობა, რომ დავჯდე და ვიმეცადინო”.
მისივე თქმით, მეცადინეობისთვის არც დრო აქვს და არც შესაბამისი ლიტერატურა: “ისეთი დატვირთვით ვმუშაობთ სკოლაში, რომ მეცადინეობის დრო არ გვრჩება”.
ლია ბერიძე ამბობს, რომ სავარაუდო ტესტები არ არსებობს, თუმცა სკოლებში დარიგდა ლიტერატურა, რომელიც ყველა საგამოცდო საკითხს მოიცავს: “ყველა მიეჩვია იმას, რომ გამოცდისთვის აუცილებლად სავარაუდო ტესტები უნდა ჰქონდეთ! შეიცვალა ეს მეთოდი, მასწავლებლებს მითითებული აქვთ ყველა ის რესურსი, საიდანაც შეუძლიათ იმეცადინონ”.
რაც შეეხება გამსვლელ ქულებს და მინიმალურ ბარიერს, ლია ბერიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პედაგოგები ეტაპობრივად მიიღებენ: “გააჩნია, ტესტი რამდენკითხვიანი იქნება, იმის მიხედვით გადაწყდება გამსვლელი ქულების რაოდენობა”.
მეექვსე საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგს ქეთევან გურგენიძეს მიაჩნია, რომ პედაგოგთა სერტიფიცირებამ მხოლოდ მასწავლებლების სკოლაში დარჩენის საკითხი არ უნდა გადაწყვიტოს: “კარგი იქნება, მოხდეს სერტიფიცირებისთვის პედაგოგების მიზანმიმართული გადამზადება, ანუ რისთვის ვემზადებით - მარტო იმიტომ რომ ხელფასი მოგვემატოს, თუ იმიტომ, რომ კარგი მასწავლებლები ვიყოთ?”
ახალციხის რესურსცენტრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში მომუშავე 1200-მდე პედაგოგიდან, 2010 წელს გამოცდის ჩაბარების სურვილი მხოლოდ 160 მათგანს აქვს.
ლია ბერიძის თქმით, პედაგოგებს გამოცდისთვის გადამზადება შეუძლიათ. მათ ამისთვის სპეციალური ვაუჩერები დაურიგდებათ.
პროფკავშირების აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საგაფიცვო კომიტეტი შეიქმნა. მათი განცხადებით, თუ არ შედგება დიალოგი განათლების სამინისტროსთან და არ შეიცვლება მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება, საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა გაფიცვები დაიწყება. პირველი მასშტაბური გაფიცვა კი მიმდინარე წლის 2 მარტსაა დაგეგმილი.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი