განათლების რეფორმის შეცდომები თუ საუკუნის პრობლემა?
განათლების სამინისტროს პრიორიტეტებში ახალი სიტყვა – კულტუროლოგია გაჩნდა. მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი საგნის დამატება იგეგმება.
სკოლებში ახალი საგნის - კულტუროლოგიის სწავლებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში, აჭარის რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მანამდე კი ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში აღნიშნა.
“განათლების რეფორმისას დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ... ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც ძირითადად აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს, როგორც სხვა საგნები: ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა. იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან. აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესები, რთული სიტუაციების დაძლევის გზები, რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული”, - ნათქვამია უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.
იმაზე, რომ სკოლებში კულტუროლოგია უნდა ისწავლებოდეს, ისევე როგორც განათლების, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები, ასევე მშობლები და ბავშვებიც ერთხმად თანხმდებიან. თუმცა, იმის შესახებ, რას გულისხმობს საგანი კულტუროლოგია - კულტურის ისტორიასა და თეორიას, თუ ხელოვნებათმცოდნეობას, ან ვინ უნდა ასწავლოს სკოლებში ახალი დისციპლინა, აზრი ორად იყოფა.
სამი წელია, სკოლებში ხელოვნება პირველიდან მეთორმეტე კლასამდე ისწავლება და ეს საგანი მოსწავლეებს არა მხოლოდ საქართველოს ხელოვნების ისტორიას აცნობს.
“კულტუროლოგიაში ალბათ ხელოვნების ისტორიასთან ერთად, ეთიკის ნორმებიც მოიაზრება, ამდენად, პროგრამის შედგენა იოლი საქმე არ იქნება. ვფიქრობ, ამ საგნის სწავლება დაწყებითი კლასებიდან კი არა, საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს”, - ამბობს მხატვარი რამაზ კორშია.
მეექვსე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ხელოვნების მასწავლებელი ლია ხალაძე ახალი საგნის დამატებას მიზანშეწონილად მაღალ კლასებში მიიჩნევს, რადგან “პატარებს უჭირთ სახელმძღვანელოში მოცემული საკითხების გაგება”.
კორშია იმ ფაქტს, რომ დღის წესრიგში კულტუროლოგიის სწავლების საკითხი დადგა, განათლების სისტემაში არასწორად გატარებული რეფორმით ხსნის: “როგორ უნდა ასწავლო დღეს კულტურა დაწყებით კლასებში, როცა მისაღებ გამოცდებზე ტესტში დასმულ კითხვაზე – უნდა დაუთმო თუ არა ავტობუსში მოხუცს ადგილი, თუ დაწერ დიახ, არასწორად ჩაგითვლიან, რადგან შენ ბილეთი გაქვს ნაყიდი, მოხუცს კი არა”.
პირველი საჯარო სკოლის მაღალი კლასების ხელოვნების მასწავლებელს ნანა ჩიტაძეს პირველიდან მეთორმეტე კლასამდე ხელოვნების სწავლება ზედმეტად მიაჩნია და ფიქრობს, უკეთესი იქნება, თუ ეს საგანი კულტუროლოგიით შეიცვლება: “ბავშვები წიგნებს აღარ კითხულობენ, გმირები აღარ ჰყავთ. მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებზე არიან გადართულნი. ეთიკაში რომ მოიკოჭლებენ, ეს უწიგნურობის ბრალია”.
პედაგოგს ეთიკის ნორმების სწავლება მაღალ კლასებში მიზანშეწონილად არ მიაჩნია: “ეს ბავშვებს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ასწავლო”.
ჩიტაძის მოსაზრებას იზიარებენ უფროსკლასელებიც.
“თუ ზრდილობა თავიდანვე არ ასწავლე პატარებს, ჩვენს ასაკში თუნდაც მიჩვეულ ბილწსიტყვაობას ვეღარ გადაეჩვევი”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ვაკო სამსონიძე.
მარინა მაისურაძე სამი შვილის დედაა, პატარა პირველ კლასში, უფროსი მეთერთმეტეში, შუათანა კი მეხუთე კლასში სწავლობს: “თუ ყურებზე ხელი არ დაიდე და ისე არ შეხვედი სკოლაში, ისეთ სიტყვებს გაიგონებ, გაწითლდები. რატომ უნდა ისმენდნენ პატარები უფროსკლასელებისგან გინებას?!”
დღეს მოზარდებისგან ხშირად გაგონილ “უკუღმა გინებაზე” საუბრობს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტისა და ძეგლთადაცვის სამსახურის უფროსი იური ზარიძეც: “ახალგაზრდებში მოდური საკუთარი დედის გინებაა. შიშით შენიშვნასაც ვერ მისცემ, მოგიბრუნდება და შენც შეგაგინებს. თუ ამის შესახებ ოჯახში და სკოლაში არ ვასწვლეთ თუნდაც ტელეეთერში ბოლო დროს მომრავლებული შოუებიდან კარგს ვერაფერს გაიგებენ”.
უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალი საგნისათვის პედაგოგების მოძებნა გაჭირდება, ნაწილს კი მიაჩნია, რომ საამისოდ კადრები საკმარისია.
“საეჭვოა, ქვეყანაში გამოინახოს კულტუროლოგიის იმდენი სპეციალისტი, რომ ყველა საჯარო სკოლაში შესაძლებელი გახდეს ამ საგნის სწავლება”, - ამბობს ორი მოსწავლის მშობელი ნატო დიასამიძე.
მისი თქმით, თუკი საგანი საზოგადოების სამოქალაქო კულტურის ამაღლებას გულისხმობს, ეს საკითხი შესაძლოა, მართლაც გადაწყდეს. მაგრამ თუკი ამ ყველაფერთან ერთად ხელოვნების ისტორია და თეორიაც იგულისხმება კადრების მოძებნა ნამდვილად გაჭირდება.
“ეს საგანი ღრმად განსწავლულმა ადამიანმა უნდა ასწავლოს. შესაძლოა, საამისოდ კადრები გადაამზადონ, ან სულაც ასეთები კულტურის სფეროდან აიყვანონ”, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ლია სულუაშვილი.
ნამდვილად დაიწყება თუ არა, კულტუროლოგიის საწავლება სკოლებში, ამას განათლების სამინისტრო გადაწყვეტს. რამდენად სწორად შეირჩევა პროგრამა და კადრები ახალი საგნისთვის, ესეც სამინისტროს კომპეტენციაა. მანამდე კი, რამდენად ზრდილობიანები ვიქნებით და დავიცავთ თუ არა ეთიკის ნორმებს ჩვენს გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი