ბავშვები საკვირაო სკოლიდან

სოფელ არალის წმინდა ელისაბედის სახელობის საკვირაო სკოლამ რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირება დაიწყო და ათი ბავშვის ცხოვრება მას შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. 

მანანა სარაშვილი, ადიგენი

სკოლა წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის მამა იოსების (გაჩავა) ხელმძღვანელობით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს ლოცვა-კურთხევითა და გერმანული ორგანიზაციის, კავშირ “რიას” ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. საინტეგრაციო ცენტრში სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ათი ბავშვი სწავლობს.

სკოლაში სამი პედაგოგი მუშაობს, მათგან ორი მშობელია. პედაგოგები აღნიშნულმა ორგანიზაციამ სპეციალურად გადაამზადა.

“ტრენინგები ჩაგვიტარდა თბილისშიც და ადგილზეც. ძირითადად გავიარეთ შემდეგი საკითხები - რამდენი ნაწილისაგან შედგება მთლიანი გაკვეთილი, როგორ შეიძლება მივუდგეთ შშმ ბავშვებს, როგორ უნდა შეიქმნას მათთვის ადეკვატური გარემო. ბავშვმა სრული ნდობა უნდა გამოგიცხადოს”, - ამბობს პედაგოგი და მშობელი თამარ მათოშვილი. 

გერმანელების მხარდაჭერით კავშირმა “რიამ” სარეაბილიტაციო ცენტრი პირველად თბილისში გახსნა. მისი ნახვის შემდეგ გაუჩნდა  მსგავსი სკოლის სოფელში გახსნის სურვილი მამა იოსებს.
  
“რამდენჯერმე ვიყავი მისული და წამოსვლა აღარ მინდოდა, საოცარ შედეგებს იღებენ. ამიტომ გამიჩნდა სურვილი, ასეთი სკოლა ჩემს სოფელშიც გამეხსნა, თან ვიცოდი, რომ ასეთი ბავშვები სოფელში ცხოვრობდნენ”, - ამბობს მამა იოსები.

ვიდრე სკოლის გახსნისთვის რესურსების მოძიებას დაიწყებდა, სამი სოფელი: უდე, არალი და წარბასთუმანი შემოიარა და ის ოჯახები აღრიცხა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ცხოვრობდნენ: “სწორედ ამ სოფლებიდან და ოჯახებიდან შეირჩა ეს ათი ბავშვი”. 

ამის შემდეგ საკვირაო სკოლის გახსნის ბედი უკვე იმ გერმანულ ორგანიზაციას უნდა გადაეწყვიტა, რომელიც ასეთ ფონდებს აფინანსებს. თუმცა მამა იოსებმა პირველ ცდაზე დახმარება ვერ მიიღო: “ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოში ომი დაიწყო, ამიტომ დაფინანსებაზე უარი მივიღე, იმ მოტივით, რომ კრიზისი იყო”.  

იდეის განხორციელებაზე უარი მაინც არ უთქვამს. შემთხვევით ერთ-ერთი გერმანელი წმინდანის დრამატული ისტორია წაიკითხა, შემდეგ ეს ისტორია აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წიგნის სახით მისწერა: “წმინდა ელისაბედი პროტესტანტი იყო, შემდეგ მართლმადიდებელი გახდა. იგი მოსკოვის ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორის, სერგის ცოლი იყო. სერგი ბოლშევიკებმა ააფეთქეს, მისი მეუღლე ციხეში შევიდა და მკვლელს შეუნდო. ამის შემდეგ ჯერ მონაზვნად აღიკვეცა, შემდეგ იღუმენი გახდა და მართლმადიდებლური მონასტერი დაარსა. მას ისეთი დრამატული იტორია აქვს, რომ შეძრა ჩვენი გერმანელი სპონსორები და სკოლის გახსნისთვის დაფინანსებას შეგვპირდნენ”.  

სკოლის ფართზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ იზრუნა და სკოლას სოფელ არალის ბაგა-ბაღის რამდენიმე ოთახი დაუთმო. სარემონტო სამუშაოები მამა იოსებმა ორგანიზაციის დახმარებით შეასრულა, ჯერჯერობითYმხოლოდ ერთი, სამუშაო ოთახი და სველი წერტილებია გარემონტებული. გაზაფხულიდან სატრაპეზო ოთახისა და სამზარეულოს შეკეთება დაიწყება.

საკვირაო სკოლა ოფიციალურად 1 თებერვალს გაიხსნა. ცენტრში სხვადასხვა სირთულისა და დიაგნოზის ბავშვები დადიან. პედაგოგები თითოეული ბავშვის დასახმარებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ყველა მეთოდი მოსწავლეების ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს.

ნიკა 18 წლისაა. მარჯვენა მხარე პარალიზებული აქვს. 6-7 თვის იყო, როცა ნეიროტოქსიკოზის დიაგნოზი დაუსვეს. 

“ფილტვების ანთებამ ფილტვში ნახველის დაგროვება გამოიწვია, რაც შემდეგ ჩირქად გადაიქცა. ორგანიზმი მთლიანად მოეწამლა, მას შემდეგ ეტლით გადადგილდებოდა. რაც საკვირაო სკოლაში დაიწყო სიარული, ეტლი არც სკოლაში და არც სახლში აღარ გამოუყენებია. ამბობს, რომ “ასე ლამაზი არ არის”, - ამბობს ნიკას დედა თამარ გიქოშვილი და დასძენს, რომ ეს მან მამა იოსების სიყვარულით გააკეთა.

“სკოლაში ახალი დაწყებული ჰქონდა სიარული. ერთხელ ცენტრში რომ მივედი, ნიკამ დერეფანში დამინახა, უცბად წამოდგა და “მამაოს” ძახილით ჩემსკენ წამოემართა”, - იხსენებს მამა იოსები.

ნიკას მეტყველება უჭირს, თუმცა ცდილობს, ყველას საუბარში ჩაერთოს და ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს. განსაკუთრებით ეკა მასწავლებელი უყვარს. როცა იგი სხვა მოსწავლეს ეხმარება, მაშინ ნიკას გვერდით დედა უნდა ჰყავდეს, მას ხშირად კითხულობს და ამიტომ დედა სკოლაში ყოველთვის დაჰყვება.  

მასწავლებლები ამბობენ, რომ გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწიეს. 

“ბავშვი ძალიან ენერგიული გახდა, სახლში რასაც აკეთებდა, იმაზე მეტი უნდა რომ გააკეთოს და ამას ძალიან დიდი მონდომებით ცდილობს”, - ამბობს თამარ გიქოშვილი.

საკვირაო სკოლა 11 წლის გიორგისთვისაც წარმატებული აღმოჩნდა. პატარა იყო, როცა ექიმებმა გენტამიცინი გაუკეთეს. წამალმა გიორგის სმენა დაუქვეითა, რის გამოც მას მეტყველებაც არ შეუძლია.

“როგორც კი გიორგი სასკოლო გახდა, ლოგოპედის კურსები გავიარე. ვასწავლი წერა-კითხვას, ელემენტარულ მათემატიკას, უკვე გამრავლების ტაბულაზე გადავედით. ძალიან მოსწონს აქაურობა და უნდა, რომ ყოველდღე იაროს”, - ამბობს გიორგის დედა მანანა ტაბატაძე, რომელიც ამავე სკოლის პედაგოგია.  

გიორგის არ ესმის და ვერც საუბრობს, თუმცა რაც სკოლაში სიარული დაიწყო, გარკვეულ სიტყვების წარმოთქმას ცდილობს. საკლასო ოთახის კედელზე მისი ნახატებია. როცა სტუმრები ნამუშევრების დათვალიერებას იწყებენ, გიორგი მათთან დგება და ხელის დადებით ახვედრებს, რომ ავტორი თავადაა. 

ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი დღეები შაბათი და კვირაა, რადგან სკოლაში მხოლოდ ამ დღეებში დადიან. შაბათ-კვირას მათი დილა წრეზე მოწყობით, მისალმებით, სიმღერითა და ფიზიკური ვარჯიშით იწყება, შემდეგ მაგიდასთან სხდებიან და რიცხვზე, თვეზე, სეზონსა და ამინდზე საუბრობენ. 

შემდეგ ახალი გაკვეთილი იწყება, თაბახის ფურცლებისგან რვეულებს აკეთებენ, ფერადი ფურცლებისგან სხვადასხვა ფიგურებს ჭრიან და საკუთარ რვეულებს აფორმებენ. ასე მათი ხელის კუნთები და სახსრები უნდა გავარჯიშდეს. 

სოფო ერთ-ერთია ათი მოსწავლიდან, რომელსაც სკოლის გავლენა უკვე ეტყობა - დამოუკიდებლად მუშაობას ცდილობს და ამისთვის შექებას ხშირად იმსახურებს. ყველაზე ჩუმი, სევდიანი და მორიდებულია. ბავშობიდან ეტლით გადაადგილდება და თითქმის არ ლაპარაკობს. ხანდახან თუ გაიღიმებს, ისიც მაშინ, თუ რაიმე სასიამოვნოს ეტყვი.  
სოფო და ნიკა გაკვეთილზე ერთმანეთის გვერდით, ხელჩაკიდებულები სხედან. მას შემდეგ, რაც საკუთარი ეტლი ნიკამ ავტოფარეხში გამოკეტა, სოფოსაც სთხოვს, რომ იგივე გააკეთოს. თუმცა სოფოს მასთან შედარებით რთული მდგომარეობა აქვს და ამიტომ ეტლის გარეშე გადაადგილებას ჯერ ვერ ახერხებს.  

საკვირაო სკოლის ბავშვებს ყველაზე მეტად ხატვის გაკვეთილი უყვართ, ხატავენ პეიზაჟებს ამბობენ, რომ კარგად გამოსდით და ამიტომ. საკლასო ოთახი მათ მიერ შესრულებული უამრავი ნახატით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფიგურებით და თიხისგან გაკეთებული მძივებითაა აჭრელებული.

ბავშვებმა უფრო ხალისიანად რომ იმუშაონ, პედაგოგები ხანდახან ნაცნობ სიმღერას წაიმღერებენ. მოსწავლეები სიმღერის ტექსტიდან სიტყვებს ჩუმად და მორიდებით იმეორებენ და მასწავლებლებისგან შექებას სულმოუთქმელად ელოდებიან. 

სამუშაოს დასრულების შემდეგ საკუთარ ნამუშევრებს კმაყოფილები საქაღალდეში აწყობენ, სახელსა და გვარს აწერენ და კარადაში საგულდაგულოდ ინახავენ.  

სწავლის საათები მალე სრულდება, სახლში წასვლა არავის უნდა. მათი სურვილია, მეცადინეობები მთელი კვირა გრძელდებოდეს. 





1 comment:

დატოვე კომენტარი