ახალი ბარიერები სომხურ-თურქულ ურთიერთობებში


 საკონსტიტუციო სასამართლომ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასთან სომხურ-თურქული პროტოკოლების შესაბამისობა დაამტკიცა, თუმცა, თურქული მხარე დოკუმენტების დამტკიცებას არ ჩქარობს და ახალ ბარიერებს ქმნის. 

12 იანვარს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ “სომხეთის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა” და “სომხეთის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განვითარების შესახებ” სომხურ-თურქული პროტოკოლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო განხილვები ჯერ კიდევ გასული წლის 17 ნოემბერს დაიწყო. 

გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ერევნის ქუჩებში საპროტესტო აქცია გაიმართა. დაახლოებით 14-მა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოაწყო მსვლელობა შეძახილით “არა!”. 

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ პროტოკოლები სომხეთის კონსტიტუციისა და სომხეთის გამოცხადებული დამოუკიდებლობის შესაბამისად მაინც მიიჩნია. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სომხეთის გამოცხადებულ დამოუკიდებლობასთან შესაბამისობის დამტკიცებამ თურქული მხარის უკიდურესი უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად თურქულმა მხარემ გამოაცხადა, რომ თუ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ისინი პროტოკოლებზე საერთოდ უარს განაცხადებენ. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოდ ძალაში მისი გამოქვეყნების შემდეგ შევა. 

სომხურ-თურქული ურთიერთობების განვითარების შესახებ მსჯელობისა და მოლაპარაკებების დაწყებიდან თურქული მხარე მუდმივად აყენებდა არცახის დავიწყების, თურქეთის საზღვრების აღიარებისა და გენოციდის პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობას. პროტოკოლების ხელმოწერის მომენტიდანვე თურქული მხარე პროტოკოლების შინაარსით უკმაყოფილი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კი ეს უკმაყოფილება უფრო გააღრმავა და საბოლოოდ, მათი მხრიდან მწვავე განცხადებების გაკეთების მიზეზიც გახდა. 

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ თაიფ ერდოგანი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ განცხადებაში ამბობს, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობების განვითარება მხოლოდ ყარაბაღის საკითხში წინსვლის შემთხვევაში დაჩქარდება.  

19 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელშიც თურქული მხარე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ პირობებს აყენებს და ეს გადაწყვეტილება მოვლენათა შემდგომ განვითარებასა და სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ სწრაფვას ეჭვქვეშ აყენებს. 

ამ განცხადების გაკეთებიდან ერთი დღის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ ნალბანდიანის ინიციატივით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ახმედ დავუდოღლუმ (თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი) განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის მიუღებელი პირობები და აღნიშნა, რომ პროტოკოლების ხელმოწერის მომენტიდან მან ამ დოკუმენტაციის თურქეთის საზოგადოებრიობისა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს – მეჯლისისთვის წარდგენა დაიწყო და მოსაზრება, რომ თურქეთი პროტოკოლების დამტკიცებას შეგნებულად აჭიანურებს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს პროტოკოლების ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტები თურქეთის მეჯლისის საგარეო ურთიერთობების კომისიაში გაიგზავნა. საბოლოო გადაწყვეტილება 45 დღის განმავლობაში უნდა გამოეტანათ და თუმცა უკვე სამი თვე გავიდა, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არსებობს. 

პრეს-კონფერენციის დროს ედუარდ ნალბანდიანმა ჟურნალისტებს განუმარტა: “სომხეთი ამ პროტოკოლებთან მიმართებაში თანმიმდევრულია და მზადაა ისინი წინასწარი პირობების გარეშე რეალობაში განახორციელოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პროტოკოლებში ასახულ ხელშეკრულებებთან მიმართებაში თურქეთიც ასევე თანმიმდევრული იქნება”(წწწ.არმარ.ამ). 

,თურქული მხარის უკმაყოფილების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა. 

“ჩვენი აზრით, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პროტოკოლების დამტკიცების გადაწყვეტილების მიღება სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე გადადგმული მეტად დადებითი ნაბიჯია. სასამართლოს გადაწყვეტილება სომხეთის პარლამენტს საშუალებას აძლევს ისინი იმ სახით წარმოადგინოს, რა სახითაც ეს დოკუმენტები მოლაპარაკებისა და ხელმოწერის დროს არსებობდა. არ არის არავითარი ნიშანი იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პროტოკოლებს რამენაირად ზღუდავს”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა (წწწ.არმარ.ამ). 

სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების საკითხის მოგვარება თავიდანვე ცხადი იყო რომ ადვილი არ იქნებოდა. ორივე მხარეს ფაქტების თავისებური აღქმა აქვს, ხოლო როგორი იქნება სამი თვის წინ ხელმოწერილი პროტოკოლების ბედი, ამას დრო გვიჩვენებს. 

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი