უსახსრობის გამო ახალგაზრდა სპორტსმენები ჩემპიონატებზე ვერ მიდაინ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარება ახალციხის ფუტსალის საფეხბურთო გუნდისთვის “ზღვაში წვეთია”. სავარჯიშო ინვენტარის გარდა გუნდს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც აქვს.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

ახალციხის ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთი) საფეხბურთო გუნდი, სადაც 1994, 96 და 97 წელს დაბადებული ბავშვები ვარჯიშობენ, არსებობის რვა წელს ითვლის. 120 ახალგაზრდა ექვს ჯგუფადაა დაყოფილი. მათ რამდენიმე მწვრთნელი ავარჯიშებთ, ერთ-ერთი გელა მაისურაძეა, რომელიც ამავდროულად სამცხე-ჯავახეთში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. 

გელა მაისურაძე ამბობს, რომ ანალოგიური საფეხბურთო გუნდები საქართველოს ბევრ რეგიონში არსებობს და მათგან განსხვავებით, ბევრად კარგი პირობებიც აქვთ. ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ სპორტსმენები ვარჯიშს უკეთეს საფეხბურთო გუნდში ამჯობინებენ.  

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გუნდს საჩუქრად ინვენტარი გადასცა. თუმცა ამით გუნდის პრობლემები არ მოგვარებულა. მთავარი დაფინანსების საკითხია. გელა მაისურაძის თქმით, ხელმძღვანელებს თანხების მოძიება თვითონ უწევთ: “გვიხდება ხალხის შეწუხება, რომ შეჯიბრებებისთვის და ტურნირებისთვის თანხები ვინმემ გადმოგვცეს, მაგრამ ხანდახან ჩვენი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება”.  

ბავშვები, რომლებიც აღნიშნულ გუნდში ვარჯიშობენ, ძირითადად პირველ საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამიტომ, მწვრთნელმა დახმარება პირველი სკოლის დირექტორსაც სთხოვა: “მითხრა, რომ იანვრის ბოლომდე მომეცადა, ახალი ბიუჯეტი დამტკიცდებოდა და მერე გადაწყვეტდა, შეძლებდა თუ არა ჩვენს დახმარებას. მას მერე არ მივსულვარ, დარწმუნებული ვარ, უარს მეტყვის”. 

ფინანსების სიმწირის გამო სპორტსმენები ყოველთვიურად 10 ლარს იხდიან. თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთაც ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ.

ფუტსალის ფეხბურთელები ხშირად იღებენ მოწვევებს სხვადასხვა ჩემპიონატიდან და თამაში სხვა ქალაქებშიც უწევთ. 

“ბავშვები საქართველოს პირველობაზე ყოველთვის გამყავს, შეზღუდვებით, მაგრამ მაინც. ამასწინათ, 1997 წელს დაბადებულები შოთა იამანიძის ტურნირზე მყავდა და მეორე ადგილი ავიღეთ”,
- ამბობს მწვრთნელი. თუმცა აქვე დასძენს, რომ ზოგჯერ ტურნირზე უსახსრობის გამო ვერ მიდიან, - მეორე გუნდმა, რომელიც ამავე ტურნირის ფინალში გავიდა, გადამწყვეტი თამაში ვერ ითამაშა, უსახსრობის გამო თბილისში ვეღარ წავედით”.

გელა მაისურაძემ დახმარებისთვის გამგეობას მიმართა, საიდანაც დაპირება უკვე მიიღო: “20 თებერვლიდან საქართველოს ჩემპიონატი იწყება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. გამგებელი და მისი მოადგილე იმედს მაძლევენ, რომ დამეხმარებიან”. 

ახალციხის გამგებლის პირველი მოადგილის ზურაბ ჯინიუზაშვილის თქმით, გამგეობა არავის დაფინანსებას არ შეჰპირებია: “გვყავს საფეხბურთო გუნდი, სადაც სკოლის ასაკის ბავშვები ვარჯიშობენ და ფეხბურთის ფედერაცია თუ რაიმე ჩემპიონატს ჩაატარებს, მხოლოდ ამ გუნდის სახელით გამოვალთ. რაც შეეხება სხვა, კერძო საფეხბურთო გუნდს, მისი დაფინანსების უფლება არ გვაქვს”.

ფუტსალის ფეხბურთელებს კი იმედი აქვთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ და კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებენ.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი