როგორია ქართული მედია დღეს

რა მდგომარეობაშია ქართული მედია; როგორ იცვლება მათი მუშაობა; რა განსხვავებაა რეგიონულ და ცენტრალურ მედიას შორის და როგორია პროექტის “დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო ინტეგრაციისათვის” შედეგები – ამ საკითხებზე “სამხრეთის კარიბჭე”, ორგანიზაცია “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” პროექტის, კავკასიის ჟურნალისტთა ქსელის დირექტორს პაატა გურგენიძეს ესაუბრა.

- ამ ეტაპზე როგორ შეაფასებთ თავისუფალი მედიის მუშაობას საქართველოში? 

ამერიკული ორგანიზაციის “ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, პრესის თავისუფლების ინდექსი კავკასიის რეგიონის ყველა ქვეყანაში დაეცა. 2000 წლიდან 2009 წლამდე სომხეთმა და აზერბაიჯანმა 10-11 ქულა დაკარგეს, ჩვენ კი – 13 ქულა. საქართველოში პრესის თავისუფლება სომხეთსა და აზერბაიჯანზე მაღალია. ჩვენ თავისუფალი მედიის კატეგორიაში ვერ ვხვდებოდით, მაგრამ ნაწილობრივ თავისუფალი კატეგორიის მაღალ ეშელონებში მაინც ვიყავით. ახლა კი ზღვარზე ვართ, ჩვენმა ინდექსმა ერთი ქულაც რომ დაკარგოს, არადამოუკიდებელი მედიის მქონე ქვეყანათა რიგში აღმოვჩნდებით, სადაც აზერბაიჯანი დიდი ხანია შედის, სომხეთმა კი იქ ახლახანს გადაინაცვლა. 

- რითი ახსნით სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგომარეობის გაუარესებას? 


პრესის თავისუფლების დონე მთელ მსოფლიოში დაეცა. ჩვენს ქვეყნებში ბოლო 10 წლის განმავლობაში ის მეტად დრამატულ ვითარებაში გაუარესდა, რაც სულაც არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ცუდი კანონმდებლობა გვაქვს. თუმცა სომხეთისა და აზერბაიჯანის კანონმდებლობა, საქართველოსთან შედარებით, უარესია. 

საქმე ისაა, რომ როგორც საქართველოში, ისე მის მეზობელ ქვეყნებში დამოუკიდებელი პრესის შევიწროება ხორციელდება არა პირდაპირი ცენზურისა ან სამართლებრივი დევნის მეშვეობით, არამედ გამოიყენება ამ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ძლიერი იარაღი – მედიის ძირითადი საშუალებების კონტროლი მთავრობისა და მმართველი ელიტის მიერ მისი მესაკუთრეების კონტროლის მეშვეობით. ეს ძირითადად ტელევიზიებს ეხება, რადგან ყველაზე გავლენიან მედიასაშუალებად მაინც ტელევიზია რჩება. ეროვნული მასშტაბის ტელევიზიები, რომელთაც “რინგზე” ისედაც უპირატესობა აქვთ, რადგან მათი მაუწყებლობა მთელ ერამდე აღწევს, რეკლამის გაყიდვით მიღებული თანხების გარდა, მათ მფლობელთა მეშვეობით მილიონობით და ათობით მილიონობით სუბსიდიებს იღებენ. რატომ უნდა დაკარგონ ფული, თუ ეს ბიზნესია. აქ საკითხი ძალიან მარტივად დგას - ისინი პროპაგანდას ეწევიან მთავრობის შეკვეთით, რითიც ეს უკანასკნელი, ხელისუფლების მუდმივად შენარჩუნების მიზნით, საკუთარი ელიტის სიმტკიცეს უზრუნველყოფს. 

ნაკლებად გავლენიანია ბეჭდვითი მედია, ამიტომაც ის მეტნაკლებად დამოუკიდებელი მედიასაშუალებების რიგებში დარჩა. დამოუკიდებელი მედია თავისუფალ ჟურნალისტებსა და შტატიან თანამშრომლებს სიტყვის თავისუფლებას ანიჭებს. ეს თავისუფლება ერთგვარად შეზღუდულია მედიის აღნიშნული საშუალებების აუდიტორიის სიმცირით და ამიტომ მმართველ ელიტას თავისუფალი ბეჭდვითი მედიის არ ეშინია. 

- განსხვავდება თუ არა საქართველოს რეგიონული მედია ცენტრალურისგან? 

რასაკვირველია, სხვაობა დიდია. თბილისის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უფრო კარგად ფინანსდება, თუ ტელევიზიებზე ვილაპარაკებთ, აქ შედარების საშუალებაც კი არ არის. როგორც მე ვიცი, გაზეთების არსებობა მაინც ბაზარზეა დამოკიდებული, ისინი პროსამთავრობო პროპაგანდისთვის არ გამოიყენება. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონულ პრესაში უფრო დასავლური სტანდარტებით მუშაობენ, რისკენაც, პრინციპში, ისედაც უნდა ვისწრაფვოდეთ, ვიდრე თბილისის პრესაში. 

- რითი ახსნით ასეთ მდგომარეობას? 

ამის მიზეზი ისაა, რომ პირველ რიგში, რეგიონულ პრესასთან სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი, დასავლური ფონდები მუშაობდნენ, მეორე მხრივ კი, რეგიონებში სწორედ ასეთი – დამოუკიდებელი პრესაღა დარჩა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ პრესა დამოუკიდებელია და სტანდარტებს ინარჩუნებს, ეს ნაწილობრივ ნიშნავს, რომ ის ყვითელ პრესას არ მიეკუთვნება, თბილისში კი “სიყვითლით” გამორჩეული გაზეთი ძალიან ბევრია. გაზეთი ამ ნიშაში რაც მეტი ინტენსიურობით მუშაობს, კომერციულად მით უფრო რენტაბელურია. 

- თქვენი აზრით როგორია ჟურნალისტების პროფესიული დონე?

თუ პროფესიული კუთხით განვიხილავთ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქართველ ჟურნალისტებს ბევრ ტრენინგზე დასწრების საშუალება ჰქონდათ, მათ შორის, დასავლელი ტრენერებიც ჩამოდიოდნენ და სხვადასხვა საზღვარგარეთული ფონდებიც იყვნენ ამ საქმით დაკავებული. საქართველოში ჟურნალისტთა ძალიან კარგი სკოლაა. თითქოსდა, ჟურნალისტთა განათლების დონე მეტად არ უნდა გვაღელვებდეს, მაგრამ ვფიქრობ, ტრენინგებისა და ჟურნალისტური განათლების სისტემის გაუმჯობესების საჭიროება მაინც დარჩენილია, რადგან ჟურნალისტიკა სწრაფი ტემპებითYვითარდება და ტრადიციულ ფორმებს მუდმივად იცვლის. 

მეორე მხრივ კი, ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც ადრე თავისუფალ პრესაში მუშაობდნენ და ადგილობრივთან ერთად, დასავლური განათლებაც მიიღეს, ამ “პროპაგანდის კარგად დაფინანსებულ მანქანებში” გადავიდნენ. დამოუკიდებელმა მედიამ დაკარგა ადამიანური რესურსები, რადგან ადამიანები ფულის გამო სხვა სფეროში მიდიან, დისკვალიფიცირდებიან და ჟურნალისტური სამუშაოსთვის გამოსადეგ და საჭირო უნარ-ჩვევებს კარგავენ. 

- პროექტი “დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო ინტეგრაციისათვის” მესამე წელია გრძელდება და მალე დასრულდება კიდეც. რა მიზნები ჰქონდათ დასახული პროექტის ორგანიზატორებს და რას მიაღწიეს? 

პროექტი გულისხმობს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერას, რათა საქართველოს სხვა რეგიონებთან და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან საინფორმაციო ნაკადები გაუმჯობესდეს. ამ პროექტის ძირითადი მიზანი ჟურნალისტების კავკასიურ ქსელში ჩართვა და თავად ამ ქსელის განვითარება იყო. დასახულ მიზნებს მივაღწიეთ თუ არა, ამას უფრო კარგად პროექტის დასრულების შემდეგ დავინახავთ თუ ყველაფერი ის, რაც ამ დროის განმავლობაში შევქმენით, სიცოცხლისუნარიანი იქნება. 

ყველაზე მთავარი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ჟურნალისტთა ასოციაციის შექმნა იყო. ამ ორგანიზაციის წევრებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გაზეთებსა და დამოუკიდებელ მედიასთან საკუთარი კავშირები აქვთ. მათ კავკასიის ჟურნალისტთა ქსელის მეშვეობით, რომელიც ასევე დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, ინტერნეტის საშუალებით, შეუძლიათ ინტერვიუები აიღონ ჩვენი პოლიტიკოსებისგან, მიიწვიონ ექსპერტები ინტერნეტით გამართულ ფორუმებსა და დისკუსიებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი რეგიონული გაზეთების ფონდის დაარსება იყო, რომელიც თანხებს თავისივე წევრი გაზეთების არაკომერციული კრედიტებით დასაფინანსებლად აგროვებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ურთიერთდახმარების ეს ფონდი რეგიონული გაზეთების მხარდაჭერის კარგი მექანიზმი იქნება. 

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი