უთოვლო ბაკურიანი – ცოტა დამსვენებლით

 გასულ წლებთან შედარებით ბაკურიანში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ სეზონზე კურორტს მაინც ცოტა დამსვენებლები ეწვივნენ.

ნატალია კოპაძე, ბორჯომი


ბაკურიანში დაახლოებით 200 სასტუმროა, ამათგან ოთხი წელს გაიხსნა. ცხადია, სასტუმროებში განსხვავებული ფასებია და გაცილებით მეტი ღირს ერთი ღამის გათევა, ვიდრე კერძო ბინებში. ჩვეულებრივ ბინაში რომ გადაწყვიტოს დამსვენებელმა ღამის გათევა, ყველაზე ცოტა, დღეში 10 ლარის გადახდა მოუწევს. საოჯახო სასტუმროებში ფასები 60 ლარიდან იწყება, ევროსტანდარტების სასტუმროებში კი 60 დოლარიდან.

სასტუმრო ,,თბილისი” ბაკურიანის ცენტრში მდებარეობს. გასულ წლებში სრული დატვირთვით მუშაობდა.

“მდგომარეობა მკვეთრად 2008 წლის მოვლენების შემდეგ შეიცვალა. წელს, იანვარში, თოვლი არ მოვიდა და დამსვენებელიც მცირე რაოდენობით ჩამოვიდა”, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი ინგა გვალია.

მისივე განმარტებით, დამსვენებელთა სიმრავლე მხოლოდ 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე შეიმჩნეოდა, ამის შემდგომ კი რაოდენობამ საგრძნობლად იკლო: “სასტუმროში 70 ოთახია. ერთი ადამიანის დასვენება 3-ჯერადი კვებით 40 დოლარიდან იწყება. უცხოელი დამსვენებლებიდან წელს ჩვენთან, ისევე, როგორც მთელს ბაკურიანში, ძირითადად აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები ისვენებდნენ”.

ბაკურიანში მცხოვრები გიორგი ტაბატაძე დამსვენებელთა რაოდენობის კლებას შემდეგნაირად ხსნის: “2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ მოსახლეობას გაუჭირდა, ამას ისიც დაემატა, რომ იმ დროს როდესაც ზამთრის არდადეგები იყო, ბაკურიანში თოვლი არ მოვიდა, არადა, დამსვენებელი ძირითადად თოვლის გამო ჩამოდის”.

იმავეს ამბობს საოჯახო სასტუმრო ,,აისბერგის” დირექტორი ირინა ქუმარიტაშვილიც: “სასტუმრო 20 ადამიანზეა გათვლილი. ერთი ღამე, რაშიც კვებაც შედის, 60 ლარია. 15 იანვრამდე სასტუმროს ნომრების 80 პროცენტი დაკავებული იყო, ახლა კი თითქმის ცარიელია”.

ბაკურიანის ტურისტული სააგენტოს მენეჯერის მარიკა მაკიევას განმარტებით, 2009 წელს ბაკურიანს 45 ათასი დამსვენებლი ესტუმრა. ესენი იყვნენ: ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, უკრაინელები, რუსები, პოლონელები, გერმანელები, ამერიკელები, ესპანელები, იტალიელები და ასე შემდეგ. იგი ვარაუდობს, რომ მარტის ბოლომდე დამსვენებლების რაოდენობა მოიმატებს და გასულ წელთან შედარებით დიდი განსხვავება არ იქნება.

ბაკურიანის რწმუნებული ლევან შავკანი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ თოვლის არმოსვლის გამო ბაკურიანში საკურორტო სეზონი ჩავარდა: “სასრიალოებზე თოვლი მუდამ იყო. თუმცა იყო ხარვეზებიც იმ თვალსაზრისით, რომ ცოტა დამსვენებელი ჩამოვიდა იანვრის შუარიცხვების შემდგომ”.

მისივე თქმით, დამსვენებლების მეორე ნაწილის ჩამოსვლას ბაკურიანში 5 იანვრის შემდეგ ელოდნენ: “თუმცა უთოვლობამ ხელი შეგვიშალა. თან 2008 წლის მოვლენებსაც თუ გავითვალისწინებთ, ეს ნორმალურიცაა. გარკვეული რაოდენობით დამსვენებლები დღესაც არიან ბაკურიანში”. 

დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, რაშიც გართობის საშუალებებიც მოიზარება, 2010 წელს ბაკურიანში რამდენიმე ფესტივალი მოეწყო. ჩატარდა “ყინულის ფესტივალი”, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტმა გააკეთა ეგრეთ წოდებულ ,,კუკუშკაზე” ანიმატორები, რომლებიც ბავშვებს ართობდნენ. დაგეგმილია ბაკურიანობის დღესასწაული და სხვადასხვა სახის შეჯიბრებები. 

ლევან შავკანის განმარტებით, ბაკურიანში ამ ეტაპზეც გრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები. გასულ წელს დაიწყო წყალკანალიზაციის მშენებლობა, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა “მილენიუმმა” 14 მილიონი ლარი გამოყო.

დაგეგმილია წრიულ გზაზე და დიდველის მიმართულებით ასფალტის დაგება; დავამატებთ გარე განათების ბოძებს; 2010 წელს დასრულდება ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება”, - ამბობს ბაკურიანის რწმუნებული და განმარტავს, რომ გასულ წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ბაკურიანისთვის 13 550 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა ცენტრალური პარკის კეთილმოწყობას მოხმარდა. წელს კი თანხა გაორმაგდა. იგი გვარწმუნებს, რომ ეს 28 000 ლარიც პარკის კეთილმოწყობისთვისაა საჭირო, რადგან გაუმჯობესებული პარკი, ბაკურიანში გაცილებით მეტ ტურისტსა და დამსვენებელს მიიზიდავს.  




  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი