ხალხს წყალი კვლავ არ აქვს, პასუხისმგებელი კი არავინაა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელსაც ორგანიზაცია “მილენიუმ დეველოფმენტი” აწარმოებდა, დასრულებული არ არის, პასუხისმგებელი პირების მონახვა კი ვერ ხერხდება. 

რამდენიმე სხვა სოფლის მსგავსად, წყლის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში. 2009 წელს ამ სოფელში ახალი წყალსადენი გაიყვანეს, თუმცა, ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ დაგეგმილი სამუშაო ბოლომდე არ მიიყვანა. 

სოფელ თორიაში რამდენიმე თვეა სასმელი წყალი არ მოდის. სოფლის მცხოვრებლები ერთი წყაროთი სარგებლობენ, რომელიც მთელი სოფლის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. სხვა ონკანებიდან კი დაბინძურებული წყალი მოდის. სოფლის მცხოვრებლების თქმით, წყლის რიგს დილიდანვე იკავებენ, შინაური პირუტყვის დასარწყულებელ წყალზე კი საუბარიც ზედმეტია.

“წყალი არ არის, ონკანიდან წყლის წვრილი ნაკადი მოდის. მთელი თვეა, პირუტყვს ნორმალურ წყალს ვეღარ ვასმევთ. წველადობა შემცირდა, მიზეზი ზუსტად არ ვიცით, შესაძლოა ისიც იყოს, რომ ჭუჭყიან წყალს სვამენ. ზაფხულში თითქოს ახალი წყალსადენი გაჰყავდათ, რემონტს აკეთებდნენ, რომლის შეჩერების მიზეზი სამუშაოების ხელმძღვანელმაც არ იცის. ნუთუ ეს ნორმალურია?!” - ჩივის სოფლის მცხოვრები პოღოს პეტროსიანი. 

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს მიმღები კომისიისთვის წყალსადენის მშენებლობის აქტი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა ჩაებარებინათ, თუმცა, ამ დროისთვის სამშენებლო კომპანია ნინოწმინდაში უკვე აღარ იყო. ორგანიზაციის ასეთი ქმედების მიზეზი გაუგებრად რჩება. აკაკი გოროშვილი, რომელიც ტენდერში მოგებული სამუშაოს შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი, გასული წლის ბოლომდე ტელეფონით საუბრისას თავს იმართლებდა, რომ სამუშაოს დასრულების საშუალება მეტეოროლოგიურმა პირობებმა არ მისცათ, ხოლო ამ წლის დასაწყისიდან მასთან დაკავშირება ფაქტორივად შეუძლებელია. 
უნდა აღინიშნოს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისთვის ჩვეული მკაცრი ზამთარი, რომელიც ყოველწლიურად ნოემბრის თვეში დგება, წელს მხოლოდ ახლახანს, 24 იანვარს დაიწყო და ამ დრომდე ყველა სამუშაო, რომელიც ამინდზე იყო დამოკიდებული, შეიძლებოდა ჩვეულ რეჟიმში შესრულებულიყო. 

“სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმებული ვიყავით, რომ ეს უკანასკნელი დანიშნულ დღეს ჩამოვიდოდა და ერთად განვიხილავდით მიზეზებს, რომელთა გამოც წყალსადენის რეაბილიტაციის დასრულება ვერ მოხერხდა. ვადა ამოიწურა, მაგრამ არ ჩამოსულან. მასთან დაკავშირება არ შეგვიძლია, რადგან ყველა საკონტაქტო ტელეფონი გამორთულია. მას აუცილებლად მოვძებნით და ტენდერის მოგების შედეგად აღებული ვალდებულების პუნქტების შეუსრულებლობის გამო პასუხს ვაგებინებთ”, - ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვლადიმერ სტამბოლციანი. 

წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ტენდერის პირობების შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 173 890 ლარი გამოიყო. თუმცა “მილენიუმ დეველოფმენტმა” თანხა სრულად ვერ მიიღო, რადგან სამუშაო დაუსრულებლად მიატოვა. ამ თანხიდან 17 278 ლარი დაუხარჯავი დარჩა. აქედან, 1 200 ლარი დარჩა კატნატუს მონაკვეთიდან, სადაც ყველა მილი ჩაყრილი არ არის, 2 000 ლარი ტორიასთვის გამოყოფილი თანხიდან, ხოლო 13 997 ლარი მცირე ხანჩალის მონაკვეთიდან.
 
იურიდიული საკითხების მთავარი სპეციალისტის სერგო ქსპოიანის თქმით, აკაკი გოროშვილმა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, სამუშაოს დასრულების შემთხვევაშიც კი, ტენდერით გათვალისწინებული მთელი თანხის 5 პროცენტის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა მაინც უნდა გადაიხადოს. თუ კომპანია რეაბილიტაციის სამუშაოებს არ დაასრულებს, დარჩენილი თანხა გადაეცემა სხვა ორგანიზაციას, რომელიც წყალსადენის ბოლომდე გაყვანისა და რეაბილიტაციის პასუხისმგებლობას აიღებს. 

წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი