ერთი თვეა, რაც ასპინძის ქუჩის ცენტრალურ გზაზე სასმელი წყლის მილია დაზიანებული. მიწიდან ამოსული წყალი გზაზე მიედინება და მიმდებარე ტერიტორია იტბორება.
სასმელი წყლის მილის დაზიანებას ასპინძის ქუჩის მცხოვრებლებისთვის წყლის მიწოდება არ შეუწყვეტია, თუმცა გზაზე გადმოსული წყალი მოსახლეობას ერთი თვეა, პრობლემებს უქმნის.
ცენტრალური გზის შუა ადგილიდან დიდი რაოდენობით წყალი დილის საათებში ამოდის, მაშინ, როცა მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება.
ასპინძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაზიანებული მილის შეკეთება სპეციალისტებმა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
“დატბორილია ყვლაფერი. როცა ყველგან სიმშრალეა, აქ ტალახია. რამდენჯერმე იყვნენ მოსულები, შპს “წყალკანალიდან” თუ კეთილმოწყობის სამსახურიდან, არ ვიცი, მაგრამ გაკეთება მაინც ვერ შეძლეს”, - ამბობს ასპინძის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებული მილი კომპეტენტურმა სამსახურმა უნდა შეაკეთოს. ასე გაცილებით მარტივად და ეფექტურად მოგვარდება პრობლემა და არც ხელმეორედ გადაითხრება ძლივს დაგებული ასფალტის საფარი: “თავდაპირველად, ის ადგილი, საიდანაც წყალი ამოდის, პატარა ადგილზე იყო გათხრილი, ახლა თანდათან უფრო დიდდება. ძლივს გვეღირსა ასფალტი და ახლა ისევ უნდა გააფუჭონ, მერე ამას ვინღა გაგვიკეთებს?!”
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის დავით ათუნაშვილის განმარტებით, აღიშნული პრობლემის მოგვარება შპს “საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებულ კომპანიას” ევალება: “როდესაც ქალაქში არსებობდა შპს “წყალკანალი”, მაშინ მას ეხებოდა ასეთი პრობლემების მოგვარება. შემდეგ ეს შპს დაიშალა, გაერთიანდა და გახდა “საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია”. აქ დასაქმებული მომსახურე პერსონალი ხელფასს იქიდან იღებს, წყლის გადასახადიც იმ ორგანიზაციაში მიდის, ამიტომ ორგანული კანონით ჩვენ აგვეკრძალა ყველა ის საქმიანობა, რაც წყალსა და კანალიზაციას უკავშირდება”.
მისივე თქმით, “საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია” ამჟამად აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს: “ამიტომ ჩვენ მეგობრულად, ისევ ჩვენი ძალებით გადავწყვიტეთ მოვაგვაროთ ეს პრობლემა”.
იმის გარკვევა, რატომ ვერ ხერხდება ამ ეტაპზე აღნიშნული პრობლემის მოგვარება, “საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის” წარმომადგენელთან სამცხე-ჯავახეთში, გურამ შეშაბერიძესთან ვცადეთ. თუმცა მან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა, იმ მოტივით, რომ ამისთვის სათავო ოფისიდან, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, თანხმობა არ ჰქონდა.
დაზიანებული მილის შეკეთება შპს “კეთილმოწყობის” სამსახურს დაევალა. აღნიშნული სამსახურის უფროსის ამირან ნოზაძის თქმით, სამუშაოები ამ კვირაში უნდა დასრულდეს (8-12 თებერვალი): “რკინის მილში გაუყვანიათ პლასტმასის მილები, როგორც ჩანს, ეს პლასტმასის მილია გახეთქილი. მაგრამ ავარიის მიზეზი უფრო ზუსტად რომ გაირკვეს, ამისათვის გზის გაჭრაა საჭირო”.
ასპინძის ქუჩა გამონაკლისი არ არის. ორ კვირაზე მეტია, დაზიანებულია საკანალიზაციო ჭა ყოფილი ოფიცერთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მანქანა, ან ფეხით მოსიარულე რომ არ ჩავარდეს, ჭაში ხის ტოტია “ჩარგული” და შორი მანძილიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საკანალიზაციო ჭაში ხე ამოვიდა.
დავით ათუნაშვილის განმარტებით, ქალაქის საკანალიზაციო ქსელი მოძველებული და ამორტიზებულია, ამიტო ეს ორი შემთხვევა გამონაკლისი არ არის. არაა გამორიცხული მსგავსმა პრობლემამ სხვა ქუჩებზეც იჩინოს თავი: “როდესაც წყალი დიდი ნაკადით მოდის, მოძველებული საკანალიზაციო ჭები ვეღარ ატარებს და ზედაპირზე ამოდის”.
გამგებელი ამბობს, რომ ქალაქის წყალ-კანალიზაციის სისტემის გამოსაცვლელად “საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებულ კომპანიას” 10 მილიონი ლარი გადმოერიცხა: “ეს 10 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ახალციხის სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გასაკეთებლად. სამუშაოები როდის დაიწყება ამ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული, თუმცა პროექტის თანახმად ორ წელიწადში უნდა დასრულდეს”.
მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ქსელი ამ ეტაპზე არა მხოლოდ რამდენიმე ქუჩის, არამედ მთელი ქალაქის უმთავრესი პრობლემაა. კვირა არ გავა, რომელიმე ქუჩაზე ფეკალურმა მასამ რომ არ ამოხეთქოს, რაც გარდა იმისა, რომ გადაადგილებას აფერხებს, ანტისანიტარიას იწვევს და ეპიდემიების გავრცელების საფრთხეს ქმნის. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მომდევნო ორ წელიწადში წყალ-კანალიზაციის ქსელი ეფექტურად შეკეთდება და მსგავსი პრობლემები აღარ შეიქმნება.
მანანა სარაშვილი, ახალციხე.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი