პატარა ხანჩალში თივის ზვინები იწვის
18 იანვარს სოფელ პატარა ხანჩალში თივის კიდევ ერთი ზვინი დაიწვა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა. დამნაშავეების მოძებნა დღემდე ვერ ხერხდება.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
პატარა ხანჩალი ნინოწმინდიდან ცხრა კილომეტრში მდებარეობს. სოფელში დაახლოებით 520 ადამიანი ცხოვრობს. უმრავლესობისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ზამთარში საქონლის გამოსაკვებად, თითქმის ყველა ოჯახი ათობით ტონა თივას იმარაგებს. ბოლო ხანებში ცეცხლმოკიდებული თივის ზვინი სოფელში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ბოლო ხანძარი 18 იანვარს 22:00 საათზე მოხდა. დაიწვა სერჟ ავაკიანის კუთვნილი თივა. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურმა ხანძრის დროულად ჩაქრობა მოახერხა და 40-ტონა თივიდან მხოლოდ 1,5 ტონა დაიწვა.
ყოველი მორიგი ხანძრის შემდეგ თანასოფლელები დაზარალებულებს ეხმარებიან და ამიტომ თივის ზვინები ისევ დგას ყველა ოჯახში. ადგილობრივები ამბობენ, რომ კიდევ ერთი ხანძრის შემთხვევაში დახმარებას ვეღარ შეძლებენ, რადგან თივა საკუთარი საქონლის გამოსაკვებადაც აღარ ეყოფათ.
მოვლენების გარკვევის მიზნით სოფლის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.
პირველი ხანძარი 2009 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. ღამის სამ საათზე არტიუშ ნაზარიანის ეზოში მდგომ თივის ზვინს ცეცხლი მოეკიდა. ცეცხლმა 25 ტონა თივა და თივის ქვეშ შენახული 15 ტონა კარტოფილი გაანადგურა. არტიუშ ნაზარიანმა პოლიციას დილითვე მიაკითხა და საქმის გამოძიება სთხოვა.
“ჩვენი თანამშრომლები პოლიციის სამმართველოსგან მიღებული განკარგულებების შესაბამისად მუშაობენ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობთ, რომ გამოძიების შემდეგ დადებითი შედეგები გვექნება და დამნაშავეებს გამოვავლენთ”, - განუცხდა სოფლის მოსახლეობას რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ონიკ მგდესიანმა.
მეორე ხანძარი იმავე წლის 3 ნოემბერს, ღამის პირველის ნახევარზე მოხდა. ამჯერად ცეცხლი ვაგრამ ესოიანის თივას მოეკიდა.
“სამი ნოემბრის ღამეს გამოძახება მივიღეთ და შემთხვევის ადგილისკენ დაუყოვნებლივ გავეშურეთ. ხანძრის ჩაქრობისა და უკან, რაიონში დაბრუნების შემდეგ, ზუსტად მეორე დღეს, 4 ნოემბრის ღამის ორ საათზე კიდევ ერთი გამოძახება დაფიქსირდა. იწვოდა პავლუშ პოდოსიანის თივა. ხანძრის ლოკალიზების შემდეგ რაიონისკენ მიმავლებმა იგივე პიროვნებისგან მეორე გამოძახება მივიღეთ, აღმოჩნდა, რომ თივის ზვინს ცეცხლი ახლა მეორე მხრიდან ეკიდა. იძულებული გავხდით, მარაგები სასწრაფოდ შეგვევსო და უკან დავბრუნებულიყავით”, - გვიამბობს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ხელმძღვანელი სამველ მოსოიანი.
21 დეკემბერს ერთდროულად ორი ოჯახის ეზოში გაჩნდა ხანძარი. მარტინ მაროზიანის თივისთვის მოკიდებულ ცეცხლთან ბრძოლის დროს სამსახურის უფროსმა გამოძახება სოფლის მეორე ბოლოში მცხოვრებისგან მიიღო, ამიტომ მეორე მეორე სახანძრო მანქანის გამოძახება გახდა საჭირო.
“მეხუთე წელია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ხელმძღვანელად ვმუშაობ და ასეთი შემთხვევა არ მახსოვს. 2009 წლის განმავლობაში რაიონში დაფიქსირებული ოცი ხანძრიდან ხუთი სოფელ პატარა ხანჩალში იყო”, - ამბობს სამველ მოსოიანი.
კვირაზე მეტია საპატრულო პოლიცია სოფელზე ოცდაოთხსაათიან კონტროლს ახორციელებს. თუმცა ჯერჯერობით ვერაფრის გარკვევა ვერ მოხერხდა, ყოველ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლები ასე ამბობენ. სოფლის მოსახლეობა ღამით თავად დარაჯობს საკუთარ ქონებას.
სოფლის მცხოვრებლები, ისევე როგორც დაზარალებულები, პრესასთან ღიად საუბარს და ვინაობის გამხელას ერიდებიან. შიშობენ, რომ მორიგი ხანძრის პროვოცირება არ მოახდინონ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის სამველ ირიციანის თქმით, სოფლის მცხოვრებლებს გამოძიების დახმარება შეუძლიათ, მაგრამ ამას არ აკეთებენ: “როგორც მილიციის ყოფილმა უფროსმა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეუძლებელია შემთხვევა ისე მოხდეს, რომ ამის შესახებ ორმა ან სამმა ადამიანმა არ იცოდეს. რატომღაც ყველა მალავს, არც ვიცი ვის. შეხვედრაზე ხალხს შევთავაზეთ, რომ ნებისმიერმა მსურველმა, ვინც ხანძრის მოწყობაში დამნაშავეზე რაიმე იცის, ანონიმურად დაგვირეკოს ან თუნდაც დაწეროს და განყოფილებაში შეაგდოს. ჩვენ პოლიციის მხრიდან ანონიმურობის დაცვასა და უსაფრთხოების შენარჩუნებას ვპირდებით. იმედი გვაქვს, ამ საქმის გამოძიებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს ვინმეს კეთილგონიერება”.
დაეხმარება თუ არა გამოძიებას ხალხის კეთილგონიერება, იპოვნიან თუ არა ისინი ხანძრის გამჩენებს თუ მან თავისი საქმე გააკეთა და მიიმალა, ამას დრო გვიჩვენებს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი