სოფელი ქალაქში


რატომ ინახავს პირუტყვს ახალციხეში მცხოვრები მოსახლეობა; სად აქვთ გაშენებული საქონლის სადგომები და არსებობს თუ არა რაიმე ტიპის აკრძალვა საქონლის სადგომის გაშენებისას. 

თამარ თოთაძე, ახალციხე

ქუჩაში მოსიარულე პირუტყვი ახალციხელებისათვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. არც თუ ისე მცირეა იმ ქუჩების ჩამონათვალიც, სადაც კორპუსების ეზოები საქონლის სადგომებითაა სავსე. 

ამ მხრივ განსაკუთრებით ქალაქგარე უბნები გამოირჩევა, თუმცა გამონაკლისი არც ცენტრალური ქუჩებია. კორპუსების უკან გაშენებული საქონლის სადგომები ჩვეულებრივი მოვლენაა ცხრა აპრილის, რუსთაველისა და ასპინძის ქუჩებზე.  

ასპინძის ქუჩის მოსახლეობა საქონლის სადგომებიდან გატანილ ნაკელს მდინარეში ყრის ისევე, როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რაც მდინარეს ორგანული ნივთიერებებით აბინძურებს. 

“ასეთი დაბინძურების შედეგად მდინარეებისა და ტბების წყლებში იცვლება ჟანგბადის ბალანსი, რაც ზეგავლენას ახდენს წყლის ბიომრავალფეროვნებაზე. ასევე, მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის”, - განმარტავს ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე. 

მიკრობიოლოგიური ორგანიზმებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული სასმელი წყალი კი ნაწლავური და ინფექციური დაავადებების ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზია. 

“ოჯახში სამი პატარა ბავშვი გვყავს. ძროხა რომ არ გვყავდეს, ბავშვები შიმშილით დაიხოცებიან. იმდენის საშუალება არ გვაქვს, რომ რძის პროდუქტები მაღაზიაში შევიძინოთ”, - ამბობს ცხრა აპრილის ქუჩაზე მცხოვრები დიასახლისი.  

საქონელს წმინდა დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობაც ინახავს. სადგომები მათაც სახლებთან ახლოს აქვთ. 

“დილით ფანჯარას ვერ ვაღებ, სახლში უსიამოვნო სუნი რომ არ შემოვიდეს. მართალია, უჭირს ადამიანს და ძროხა ჰყავს, მაგრამ ხომ შეიძლება, სადგომები სახლთან ახლოს არ იყოს?” - ამბობს ამ ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი. 

აკრძალვა, რომლის თანახმადაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე “ნახირი” არ უნდა დადიოდეს, ჩვენს ქალაქში არ არსებობს. თუმცა ქალაქის არქიტექტორის დავით ჩაჩანიძის თქმით, არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლის თანახმადაც საქონლის სადგომები დასახლებული ადგილისა და სავალი ნაწილისგან მოშორებით უნდა იყოს გაშენებული: 
“ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საქონლის სადგომებისა და თვითნებურად შემოღობილი ბოსტნების გაშენება მიზანშეწონილი არ არის. ეს ყველაფერი უკანონოა და ახლო მომავალში ვეცდებით, რომ ყველაფერი ავიღოთ”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ამბობენ, რომ მოსახლეობის სოციალური პირობების გათვალისწინებით, გამგეობა ამას არ კრძალავს.  

“მოსახლეობა არ ცდილობს, რომ სისუფთავე დაიცვას და ქალაქის იერსახეს გაუფრთხილდეს. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვიღაცისთვის ეს ერთი ძროხა შეიძლება შემოსავლის წყარო იყოს”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი.  

უკანონოდ შემოღობილი ბოსტნები და საქონლის სადგომები ქალაქის იერსახეს რომ ამახინჯებს, ამაზე არავინ დავობს. არც ისაა საკამათო, რომ ეს არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია და არაერთი ოჯახი ამით ირჩენს თავს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ასეთი ოჯახები გარკვეულ სტანდარტებს უნდა იცავდნენ და საფრთხესა და დისკომფორტს არ უქმნიდნენ მეზობლად მცხოვრებ მოსახელობას.  






 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი