26 იანვარს ერევანში ეკონომიკური თანამშრომლობის სომხურ-ქართული სამთავრობათშორისი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ჯავახეთში მცხოვრები სომხების საკითხს არ შეხებიან.
სამთავრობათშორისი კომისიის მე-8 სხდომამ, მხარეთა შეფასებით, ნაყოფიერად ჩაიარა და მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი შეთახმებების მიღწევა მოხერხდა.
“სამთავრობათშორისი კომისიის მე-8 სხდომა ძალიან საინტერესო იყო, რადგან, პრაქტიკულად, ყველა სფეროს საკითხები განვიხილეთ. შევეხეთ კულტურის, სოციალური სფეროს, ენერგეტიკისა და მაკროეკონომიკის საკითხებს. მინდა განვაცხადო, რომ კომისიის დღის წესრიგში შესულ ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა ჩვენი ქვეყნების სამომავლო თანამშრომლობის სტიმულირებას მოახდენს”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობისა და განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებების, ასევე, რიგი რეგიონული საკითხების შესახებ ისაუბრეს.
მხარეები 400 კ/ვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ბრიფინგზე სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის განვითარებას მიესალმნენ.
“საქართველოსა და სომხეთს ენერგეტიკის სფეროში კარგი ურთიერთობა აქვთ. რამდენიმე ხელშეკრულება მაშინაც არსებობდა, როდესაც ენერგეტიკის მინისტრის პოსტი მეჭირა. ჩემი აზრით, ეს მშენებლობა სომხეთისთვისაც მომგებიანი იქნება და საქართველოსთვისაც”, - აღნიშნა გილაურმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეაფასა.
“ეს პროექტი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის პროგრამაში ჩართული უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომლის დაფინანსებასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ. დარწმუნებული ვარ, წელს სამშენებლო სამუშაოები მაღალი ტემპით განხორციელდება”, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარგსიანმა.
ჯავახეთში მცხოვრები სომხების საკითხი სომხურ-ქართული მოლაპარაკებების მიღმა დარჩა. კომისიის თანათავმჯდომარის ვალოდია ბადალიანის თქმით, ეს საკითხი სხდომის დღის წესრიგში არ იყო, თუმცა, სომხურ-ქართული ურთიერთობების ეს მნიშვნელოვანი რგოლი უყურადღებოდ რომ არ დაეტოვებინა, თანათავმჯდომარემ აღნიშნა, რომ “ამ რეგიონების სომხებისათვის დიდი მნიშვნელობა გზების მშენებლობას ექნება” .
ბრიფინგის დროს “ზემო ლარსის” საკონტროლო-გამშვები პუნქტისა და სომხურ-თურქული საზღვრის გახსნის საკითხებსაც შეეხნენ.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი