ხიშნიკა მოდის!
ენუქ ხაჩიკიანს ახლობლების გარდა ახალციხეში არავინ იცნობს, ხიშნიკას კი ყველა იცნობს, არადა ენუქ ხაჩიკიანი სწორედ ხიშნიკაა.
რვა საათია. მარტის დილაა, სუსხიანი და უმზეო. რაბათის მხრიდან გამოსული ბიჭი სირბილით ჭრის ქუჩას და ხიდზე ჩერდება, მოაჯირს ეყუდება. ცოტა ხნით წყალს ჩასცქერის, მერე ქუსლით ტროტუარზე მოგროვებულ ნაგავს ქექავს და ქალაქის ცენტრისკენ მიდის. ხიშნიკას კიდევ ერთი, ჩვეულებრივი დღე დაიწყო.
მას გრძელსახელოიანი, გაცრეცილი ქურთუკი აცვია, თან ყველანაირ ამინდში გახსნილი. მზისგან გაშავებული სახე და შეშინებული გამოხედვა აქვს. ერთი ან ორი ზომით დიდი ფეხსაცმლით დაფრატუნებს და თოკით დამაგრებულ შარავალს წამდაუწუმ ისწორებს. თუმცა როცა სასურველ გამვლელს დაინახავს, შარვალი მაშინვე ავიწყდება. ქალაქში ის ყველას იცნობს და იცის, ვინ რამდენ თეთრს გაიმეტებს მისთვის.
ლაპარაკი არ უყვარს, მორჩილად დაგიდგება წინ, მხოლოდ ხელს გამოგიწვდის და ფულს ელოდება.
,,ხიშნიკა მოდის!” - დაიწივლებენ 14-15 წლის გოგონები და აქეთ-იქით იფანტებიან. თან ცალი თვალი ,,ბირჟისკენ” გამოურბით, ბიჭები თუ გვიყურებენო, რადგან ხიშნიკას გოგოების დასაწიოკებლად ისინი აგზავნიან. ხიშნიკაც გოგოებს კოცნის, ზოგს ხელზე, ზოგსაც მკლავს გადახვევს, წიოკობენ გოგოები, იქითა მხარეს ბიჭები იცინიან. ხიშნიკას ეს მოსწონს, მერე გოგოებს ლოყაზე კოცნასაც თუ გაუბედავს, ე!–ე!-ე! ესმის ,,ბირჟიდან” და ისიც წყნარდება.
რადგან სულ ქუჩაშია, ამიტომაც გადავწყვიტე სახლში ჩამეწერა. ზის ჩემ წინ სავარძელში ხიშნიკა, დაბნეული, თითებს აწვალებს და მესაუბრება.
ენუქა ქვია, ხაჩიკიანია და 16 წლისაა.
- რად გინდა, რატომ მეკითხები? – აქეთ მიბრუნებს კითხვას.
გაზეთს ვაჩვენებ და ვუხსნი, რომ მასზე წერილს ვაკეთებ. იდეა, როგორც ჩანს, არ მოეწონა, ხელი აიქნია, თუმცა პასუხების გაცემა არ შეუწყვიტავს. მიყვება იმას, რაც განსაკუთრებულად ახსოვს.
,,აქ ვსწავლობდი ინტერნატში, მერე დამიჭირეს, ,,სუმკა” მოვპარე ერთ ქალს. ხონში ვიჯექი. იქ ცუდი იყო. გარეთ კარგია, - ამ ყველაფერს უკვე თავჩაღუნული ამბობს, - მერე აღარ მომიპარავს».
რაბათში ცხოვრობს, მშობლებთან და და-ძმასთან ერთად: ,,მამა მუშაობს, დედა კი სულ რეცხავს. საჭმელი გვაქვს მაკარონი. ჩემი ფულით კანფეტებს და კოკა-კოლას ვყიდულობ. ,,პაპიროსს” აღარ ვეწევი, თავი დავანებე, აღარც ვსვამ», - მეუბნება გახარებული.
«კანფეტები ჩემი პატარა დისთვისაც მიმაქვს, აი, ამხელაა», - ხელებს მაგიდის სიმაღლეზე წევს.
,,ენუქა დამიძახე», - მთხოვს რატომღაც.
შაბათ-კვირა განსაკუთრებით უხარია - ,,ეკლესიაში დავდივარ, იქ უფრო მაძლევენ ფულს», - მეუბნება და პირჯვარს იწერს.
,,წერა-კითხვა არ ვიცი», - ამბობს წყნარად, ისევ თავჩაღუნული და ვხვდები, რატომ არ მოხიბლა წერილის იდეამ.
ენუქას ფეხბურთელობა უნდა, თუმცა... ,,შარიკებით» ვთამაშობდი, ბურთი არ მქონია», - თავისივე ნათქვამზე ეღიმება, გულახდილობის ხასიათზე დგება და სურვილსაც მიმხელს, - ,,კოსტუმ-შარვალი უნდა ვიყიდო და ცოლი მოვიყვანო, სამი შვილი უნდა მყავდეს. დიდი მაღაზია მინდა მქონდეს საჭმელების და კანფეტების».
კედლის საათს ხშირად ახედავს და თან მეკითხება: ,,რომელი საათია? სახლში უნდა ავიდე, თორემ ჩემები ტირილს დაიწყებენ, ენოხჩიკა დაიჭირესო», - მიხსნის და თვალს მარიდებს, რადგან ცრუობს. გარეთ ყოფნას არის მიჩვეული და ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. ფეხზე დგება და ოთახში ბოლთას სცემს.
,,ფულს როცა ვაგროვებ, მერე დიდი ბიჭები მართმევენ», - გამოტყდა უნებლიედ.
ისევ სავარძელს უბრუნდება და იბუზება. საჭმელზე უარი მითხრა, თან უცნაურად შემომხედა, ახლა მე მოვიბუზე.
,,წავალ, ხო», - ნელ-ნელა წამოდგა, კარებიდან გამომხედა, გაზეთისკენ თითი გაიშვირა და მითხრა: ,,მაგას ჩემზე რომ დაწერ, ორ ცალი მომეცი».
საღამოა, ფოსტის წინ ბიჭების ხმაურია, ხიშნიკაც მათთანაა. მამჩნევს და ჩემსკენ მოდის, ხელს მიწვდის და ფულს მთხოვს. მეც იგივეს ვაკეთებ, ხელისგულს ვუშვერ, ეღიმება და ხელზე მკოცნის, მერე მკლავს მხვევს და გულში მიხუტებს. ალბათ ვერ მიცნო, ვფიქრობ მე. ,,ორი გაზეთი შენზეა», -მესმის ხიშნიკას ხმა. მერე ჯიბიდან კოწახურის კანფეტებს იღებს, მაძლევს, მხარზე ხელს მიტყაპუნებს და გარბის.
ბნელა, ერთ-ერთ განათებულ სასურსათო მაღაზიის მინასთან ხიშნიკა დგას, შიგნით იხედება და ალბათ ასეთ მაღაზიაზე ოცნებობს.
დილით ისევ ,,აწიოკდება» ხიშნიკას გამო სადგურის, პოკერ-კლუბებისა და ფოსტის მიმდებარე ტერიტორია, მისი ძირითადი სამუშაო ადგილები ხომ აქაა.
თუ რომელიმე ადგილზე დააგვიანა მისვლა, ხალხი ერთმანეთს ეკითხება: ,,ხიშნიკა ნეტა სადაა, ხომ არაფერი დაემართა?»
დილის რვა საათია. რაბათის მხრიდან გამოსული ბიჭი გზის ცენტრალურ გადმოსასვლელს ჭრის და გეზს ქალაქის ცენრტისკენ იღებს. ხიშნიკა მოდის!
გულო კოხოძე, ახალციხე
30.03.2009
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი