25 იანვარს, რამდენიმესაათიანი თოვის შედეგად, ნინოწმინდიდან სოფლების - განძის, ფოკისა და წალკის მიმართულებით გზები ჩაიკეტა და მოსახლეობამ გადაადგილება ვეღარ შეძლო.
გზებზე გაჩერებული მოსახლეობის დასახმარებლად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სპეციალური ტექნიკა გააგზავნა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვლადიმერ სტამბოლციანის თქმით, წალკის გზაზე 15 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ გზა თანდათანობით გაიწმინდა და ხალხმა დანიშნულების ადგილას მიღწევა შეძლო.
ასეთივე მდგომარეობა იყო სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზეც. სოფელ ჟდანოვაკანის მკვიდრის თადევოს მარკოსიანის თქმით, ნამქერმა გზა იმდენად სწრაფად დაფარა, რომ უკან მობრუნება შეუძლებელი გახდა: “სოფლიდან 10 საათზე გამოვედი და სოფელ ეფრემოვკასთან უკვე საცობში მოვხვდი. უკან წასასვლელი გზა აღარ ჩანდა, რადგან თოვლი უცბად ფარავდა გზას. ორი საათი ვიცადეთ, ამბობდნენ, რომ ნინოწმინდიდან თოვლის საწმენდი ტექნიკა მოდიოდა. დაახლოებით 12 საათისათვის ნინოწმინდის საგზაო განყოფილების კუთვნილი ტექნიკა მართლაც გამოჩნდა და ერთი მხრიდან გზაც გაიხსნა”.
სომხეთისა და თბილისისაკენ წალკის გავლით მიმავალ გზებს მილენიუმის პროგრამის ფარგლებში ასუფთავებენ, მუნიციპალიტეტის შიდა გზები კი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით იწმინდება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მსგავსი შემთხვევებისთვის 50 ათასი ლარია გათვალისწინებული. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, გზების ორ საათზე მეტხანს ჩაკეტვა დაუშვებელია.
“ადგილობრივ საგზაო განყოფილებასთან შეთანხმებული ვართ, ისინი მუნიციპალიტეტის შიდა გზებს ასუფთავებენ. სიტუაციას ვაკონტროლებთ, გზა მაქსიმუმ ორი საათით შეიძლება ჩაიკეტოს. მთელი ტექნიკა გზებზეა”, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ვლადიმერ სტამბოლციანი.
ზამთრისათვის უჩვეულოდ თბილმა ამინდებმა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს თოვლიანი ზამთარი მოანატრა, ამ უკანასკნელის დადგომამ კი მხოლოდ პრობლემები მოიტანა. ნინოწმინდის საგზაო განყოფილების თანამშრომელები ირწმუნებიან, ისინი სრულ მზადყოფნაში არიან და შესაბამისად გზები დიდი ხნით არცერთი მიმართულებით არ ჩაიკეტება.
არარატ თთთიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი