ბიბლიოთეკებში ისევ პრობლემებია

მკითხველების რაოდენობა იზრდება, წიგნადი ფონდი უცვლელი რჩება

ადიგენის მუნიციპალიტეტში მოქმედი ექვსი ბიბლიოთეკიდან ორი დაბა აბასთუმანში ფუნქციონირებს. მკითხველი და პრობლემები არცერთ მათგანს არ აკლია. 

ნათია პარუნაშვილი, ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული 56 ბიბლიოთეკიდან ამჟამად მხოლოდ ექვსი ფუნქციონირებს: ცენტრალური და საბავშვო ადიგენში, საქალაქო და საბავშვო აბასთუმანში და თითო-თითო უდესა და არალში. 

აბასთუმნის საქალაქო ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი ამჟამად 20 000-ს შეადგენს, წლების წინ რაიონის ყველაზე მდიდარ ბიბლიოთეკად ითვლებოდა. აქ არა მხოლოდ ქართული, არამედ რუსული, სომხური და აზერბაიჯანული წიგნები ინახებოდა. 

ბიბლიოთეკა 1945 წელს დაარსდა. ორსართულიან შენობას, 200 კვადრატული მეტრი ფართით, წვიმისგან გაყვითლებული ჭერითა და ალაგ-ალაგ დამპალი იატაკით, ერთი შეხედვით ეტყობა, რომ დიდი ხანია, მზრუნველი ხელი არ შეხებია. ერთი გამონაკლისის გარდა - გასულ წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბიბლიოთეკის სახურავი შეაკეთა.  

,,წლების განმავლობაში ოთახშიც ისევე წვიმდა, როგორც გარეთ, ამიტომ დალპა იატაკი. თანამშრომლები ვცდილობდით, როგორმე დაგვეცვა წიგნები დაზიანებისგან”, - ამბობს საქალაქო ბიბლიოთეკის თანამშრომელი მანანა ბაღდოშვილი. 

აბასთუმნის ბიბლიოთეკისაგან განსხვავებით შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია სოფლების უდისა და არლის ბიბლიოთეკები. ბოლო წლებში აქ წიგნადი ფონდიც განახლდა, შერემონტდა კიდეც და კომპიუტერებითაც აღიჭურვა. ეს სიახლეები რატომღაც აბასთუმნის ბიბლიოთეკას არ შეხებია. 

,,ადრე ყოველთვიურად 100-მდე წიგნი შემოდიოდა. ახლა თანხის უკმარისობის გამო წელიწადში 15-20 წიგნს გვაძლევენ. ძირითადად, ენციკლოპედიები და საცნობარო ლიტერატურაა”, - ამბობს აბასთუმნის საქალაქო ბიბლიოთეკის გამგე მაგული დემეტრაძე და ამატებს, რომ მკითხველი უფრო მხატვრულ ლიტერატურას ითხოვს. 

ბიბლიოთეკის თანამშრომლები მცირე ანაზღაურებით მუშაობენ. მაგული დემეტრაძეს მუშაობის 24-წლიანი გამცდილება აქვს. იგი იხსენებს, რომ წლების წინ, ინფიცირებული მკითხველის მომსახურების გამო, დამატებით ხელფასის 30 პროცენტსაც აძლევდნენ. ახლა მისი ხელფასი 100 ლარია და რადგან სამსახურში სოფელ ვარხნიდან დადის, თანხის დიდი ნაწილი გზაში ეხარჯება. 

აბასთუმნის საქალაქო ბიბლიოთეკის ფილიალი, საბავშვო განყოფილება, კურორტის სპეციფიკადან გამომდინარე, სხვა შენობაშია. ,,ეს ინფექციური ზონაა. აქ ტუბერკულოზით დავადებულიც შემოდის. წიგნიდან ადვილად დაავადდები. ბავშვებს მათთან კონტაქტი რომ არ ჰქონდეთ, სხვა ფართია გამოყოფილი”, - ამბობს ბიბლიოთეკის გამგე. 

აბასთუმნის საბავშვო ბიბლიოთეკა ისტორიულ შენობაში მდებარეობს. იგი 1955 წლის მაისში გაიხსნა. მანამდე აქ უცხოვრია რუს ფერმწერს მიხეილ ვასილის ძე ნესტეროვს, რომელმაც აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია მოხატა.

,,აქ ყველასთვისაა წიგნები, სკოლამდელი დაწესებულების ბავშვებისგან დაწყებული, უფროსკლასელებით დამთავრებული. აბასთუმნის მცხოვრებლების გარდა ამ ბიბლიოთეკას ზაფხულში დასასვენებლად ჩამოსული ბავშვებიც აკითხავენ”, - გვიხსნის საბავშვო ბიბლიოთეკის უფროსი ბიბლიოთეკარი ნანა ბაღდოშვილი.

საბავშვო ბიბლიოთეკას 350-მდე მკითხველი ჰყავს. აქაც არა მხოლოდ ქართული, არამედ სომხური და რუსული წიგნებიცაა, დაახლოებით 17 200. 

,,წიგნს ხშირად ვკითხულობ. ბოლოს წავიკითხე კონსტანტინე ლორთქიფანიძის ,,კოლხეთის ცისკარი” და შარლოტა ბრონტეს ,,ჯეინ ეარი”, - ამბობს აბასთუმნის ევგენი ხარაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ივანიძე. 

,,გვაქვს ბაკურ სულაკაურის რამდენიმე გამოცემა, საბავშვო ისტორიული ლიტერატურა, საბავშვო ლოცვები, თანამედროვე ილუსტრირებული ზღაპრები”, - ამბობს ბიბლიოთეკარი პირიმზე მამუკაშვილი.

სახარბიელო მდგომარეობაში არც საბავშვო ბიბლიოთეკაა: ერთი ოთახის კედლები დაბზარულია, გამოსაცვლელია იატაკი, ჩამსხვრეულ მინებს თანამშრომლები საკუთარი სახსრებით აკეთებენ. გარდა ამისა, წლებია, საბავშვო ბიბლიოთეკა ელექტროენერგიის გარეშეა. 

,,1996 წლიდან ვმუშაობ და დღემდე დენი არ გვაქვს. საბნელის გამო ბავშვებისთვის საჭირო ლიტერატურას წიგნსაცავებში სანთლის შუქზე ვეძებთ”, - გვითხრა ნანა ბაღდოშვილმა.

წლების განმავლობაში ელექტროენერგია არც საქალაქო ბიბლიოთეკაში იყო. გასულ წელს, ბიბლიოთეკარმა ზინაიდა ლობჟანიძემ ელექტროგაყვანილობა საკუთარი ძალისხმევით მოაწესრიგა. თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა. დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს თანამშრომლები ხელფასებიდან იხდიან. 

დაწესებულებაში ამჟამად შემცირებული საშტატო ერთეულით მუშაობენ. საქალაქოში - სამი, საბავშვოში კი ორი თანამშრომელია. ისინი ინაწილებენ დამლაგებლისა და დარაჯის ფუნქციებსაც. ზამთარში ოთახებს პატარა შეშის ღუმელით ათბობენ.

დაბა აბასთუმანში 1200-მდე მოსახლეა. ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ დაახლოებით 670-მდე ადგილობრივი მკითხველი ჰყავთ. მიმდებარე სოფლებში ბიბლიოთეკის დახურვით კი მკითხველების რაოდენობამ გაცილებით მოიმატა. 

,,მოდიან სოფლებიდან - ვარხნიდან, წახნიდან, ხარჯამიდან. ზაფხულში უფრო მეტი მკითხველია. 2009 წლის მონაცებით მათი რიცხვი 900-ს შეადგენდა”, - განმარტავს მაგული დემეტრაძე.  

2006 წლის პირველი ოქტომბრიდან, ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის მიუხედავად, თანამშრომლების კეთილი ნებით აბასთუმნის ბიბლიოთეკების კარი არ დაკეტილა. ისინი ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ. 

,,მკითხველები ითხოვდნენ ბიბლიოთეკების გახსნას. მათ 1000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს და ალბათ, ამანაც განაპირობა დაკეტილი ბიბლიოთეკის გახსნა”, - ამბობს მანანა ბაღდოშვილი. 

“წიგნის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. რატომ აუქმებენ ბიბლიოთეკებს?! წიგნი სულიერი საზრდოა, რომელიც ახლანდელ თაობას განსაკუთრებით სჭირდება”, - გვითხრა აბასთუმნის კავშირგაბმულობის თანამშრომელმა ანა იანუსკინამ. 
 
მკითხველთა მოზიდვისა და სასიამოვნო გარემოს შექმნის მიზნით, აბასთუმნის ბიბლიოთეკაში ხშირად ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება, მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეთა იუბილეები. კედლები კი აბასთუმანში დასასვენებლად ჩამოსულ საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრების, აბასთუმნის წარსულისა და დღევანდელობასთან ამსახველი ფოტოებითაა დამშვენებული. ბიბლიოთეკაში ფიქრობენ, რომ წიგნები დაკარგულ მკითხველებს, ბიბლიოთეკები კი ძველებურ ისერსახეს მალე დაიბრუნებენ. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი