ჭადრაკის წრეზე სიარული მოსწავლეებს ავარიულ შენობაში უწევთ, რომელიც თითქმის სამი წელია, გაყიდულია. არ არის გამორიცხული, ერთ დღეს მფლობელმა შენობის გათავისუფლება მოითხოვოს და ახალგაზრდა მოჭადრაკეები ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ.
ჭადრაკის წრე ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ერთიანდება, სადაც ჭადრაკის გარდა მძლეოსნობის, ძალოსნობის, ჭიდაობის, ფეხბურთისა და კრივის წრეები ფუნქციონირებს. სასპორტო სკოლას ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.
საჭადრაკო კლუბი ახალციხეში ჯერ კიდევ ორმოცდაათიან წლებშ, ახლანდელი მერიის შენობაში არსებობდა. 1983 წელს, როდესაც ძველი შენობა დაინგრა და მის ნაცვლად ამჟამინდელი, ექვსსართულიანი შენობა აშენდა, საჭადრაკო წრისთვის ოთახი რუსთაველის ¹45-ში გამოინახა. მოსწავლეები დღემდე აღნიშნულ ფართში აგრძელებენ მეცადინეობას. გარდა იმისა, რომ შენობა ავარიულია, თითქმის სამი წელია, გაყიდულია.
“მაშინ გვითხრეს, დროებით გადადით და შემდეგ სხვა ოთახს მოგიძებნითო. 25 წელი გავიდა და ისევ ამ შენობაში ვართ”, - ამბობს ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლის მწვრთნელი ჭადრაკში ზაქარია დიდიმამიშვილი.
მისივე თქმით, სამი წლის წინ, როდესაც შენობა გაიყიდა, მათ ფართის დატოვება მოსთხოვეს: “თუმცა მას შემდეგ არავის მოუკითხებია. არც ვიცით, ვინაა მეპატრონე. გასვლას არავინ გვთხოვს, უბრალოდ, ვიცით, რომ გაყიდულია”.
რუსთაველის ¹45-ს რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს. შენობა სახელმწიფოს საკუთრება იყო და წლების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ იყიდებოდა. ოთახი, სადაც ახლა ჭადრაკის მეცადინეობები ტარდება, ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურში ოფიციალურად 2007 წლის 24 აგვისტოს არის რეგისტრირებული. 121 კვ.მ. ფართი ამჟამინდელმა მფლობელმა ლია ლეკიშვილმა სახელმწიფოსგან შეიძინა.
“არანაირი მიზანი არ მქონია, როცა ეს ფართი შევიძინე. უბრალოდ, იყიდებოდა და ვიყიდე. არც რაიმე კონკრეტული მაქვს მოფიქრებული, რისთვის გამოვიყენებ ფართს. უბრალოდ, ჩემს საკუთრებაშია”, - ამბობს ლია ლეკიშვილი და დასძენს, რომ ჭადრაკის წრეს ფართის დატოვებას ჯერჯერობით არ სთხოვს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ შენობის მფლობელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, მაგრამ ჭადრაკის წრისთვის ოთახს აუცილებლად გამოყოფენ.
“ვგეგმავთ სპორტული სკოლის გარემონტებას. ამის შემდეგ მოგვეცემა საშუალება, რომ ჭადრაკის წრე იქ გადავიყვანოთ”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე და დასძენს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მოჭადრაკეებისთვის სპორტულ სკოლაში ფართს გამონახავენ.
“იმის გამო, რომ მოთხოვნა ნამდვილად არის, ვგეგმავთ ერთი ოთახი როგორმე გამოვნახოთ. თუმცა ჯერ უნდა შევისწავლოთ ყველაფერი, ვინ იქნება მასწავლებელი, არის თუ არა კონტიგენტი”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი.
ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ჭადრაკის წრეზე 28 მოსწავლე ირიცხება. ასაკი განსაზღვრული არაა. ყოფილა შემთხვევა, როცა წრეზე სკოლამდელი ასაკის ბავშვიც მიუღიათ.
“შარშან მივიღეთ 4 წლის ბავშვი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. შეიძლება ათი წლის ბავშვმაც ისწავლოს. გვყავს მეათე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებიც, სტუდენტებიც”, - გვიხსნის ზაქარია დიდიმამიშვილი.
ახალციხის საჭადრაკო გუნდი აქტიურად მონაწილეობს სხვადსხვა ტურნირებში. პირველი ლიგის შესარჩევ ჩემპიონატში, რომელიც ნოემბრის ბოლოს თბილისში ჩატარდა, ახალციხის ჭადრაკის წრის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. დიდიმამიშვილის თქმით, მართალია, ათეულში მოხვედრა ვერ მოახერხეს, მაგრამ ტურში მონაწილეობაც წარმატება იყო.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი