ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ამორტიზებული გზის შეკეთებას, ნაგვის ბუნკერების დადგმას და გარე განათებას პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
ნათია მარტინენკო, ახალციხე
უსწორმასწორო გზა, ტალახი, წყლის გუბეები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, მაწანწალა ძაღლები და სიბნელე გვარამაძის ქუჩის ყოველდღიურობაა.
ეს ქუჩა კერძო დასახლებაა, რომელსაც “მდიდრების უბანსაც” უწოდებენ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ყოველი წვიმის შემდეგ მოვარდნილი ნიაღვრები მათ ეზოებს დატბორავს.
“რადგან კარგი სახლები გვიდგას, არ ნიშნავს, რომ მდიდრები ვართ! მდიდრები რომ ვიყოთ, ამდენი პრობლემა არ გვექნებოდა”, - ამბობენ გვარამაძის ქუჩის მცხოვრებლები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ყურადღება არავინ მიაქცია, პრობლემის მოგვარება საკუთარი სახსრებით სცადეს.
,,30 წელია, აქ ვცხოვრობ, მუდამ ასე იყო, აქ სულ ტალახი და გუბეებია. ზაფხულში შევკრიბეთ თანხა და გზა მოვხრეშეთ, მაგრამ არც არაფერი ეშველა და არც არავინ დაინტერესებულა ჩვენი მდგომარეობით”, - წუხს გვარამაძის ქუჩაზე მცხოვრები ტომა სიგოვა.
მოსახლეობის თქმით, წვიმიანი ამინდების შემდეგ გზაზე გავლა საერთოდ შეუძლებელი ხდება.
“ისეთი ნიაღვარი მოდის ქუჩაზე, ვერ გაივლი”, - ამბობს ოლეგ წიქარიშვილი.
ამავე დასახლებაში მცხოვრებ მერი ხანიკიანი ამბობს, რომ ერთ-ერთი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა ეზოს ერთ მხრეს ქვის ყორე მთლიანად ჩამოუშალა.
“ძლიერი წვიმა იყო და ჩამომინგრია კედელი, იქნებ მოგვხედონ!“ - ამბობს იგი და თუმცა იქვე დასძენს, რომ მაშინ დახმარების სათხოვნელად არავისთვის მიუმათავს.
ამორტიზებული გზა, ეგრეთ წოდებული “მდიდრების დასახლების” ერთადერთი პრობლემა არ არის. ამ დასახლებაში არც ნაგვის მანქანა დადის და არც ბუნკერები დგას. მოსახლეობამ მარტივი გამოსავალი იპოვა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქუჩაზე მისასვლელი რკინა-ბეტონის ხიდის ქვეშ ყრის.
ამ ქუჩაზე მცხოვრები ვართუშ ხანიკიანი ,
ამბობს, რომ დასახლებაში რამდენიმე
ნაგვის ბუნკერი აუცილებლად უნდა დაიდგას: “მერე მაინც აღარ ჩაყრის მოსახლეობა ნაგავს ამ ხიდში”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ გვარამაძის ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ იციან. მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი გვარწმუნებს, რომ პრიორიტეტი ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობაა და გვარამაძის ქუჩა ამიტომ დარჩა ყურადღების მიღმა: “წელს თუ მოვახერხეთ და თუ იყო ინვესტიციები, ყველანაირად ვეცდებით, მივხედოთ გვარამაძის ქუჩასაც”.
მისივე მტკიცებით, გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია თუ მოხერხდა, შემდეგ გარე განათებისა და ნაგვის გატანის პრობლემაც მოგვარდება: ,,ერთი წლის უკან ქალაქში 34 ნაგვის ბუნკერი იდგა, შემდგომ დავამატეთ 42. ახლა 40 ახალი ბუნკერი შევიძინეთ, რომლებიც ქალაქში ერთ თვეში დაიდგმება”. თუმცა, გამგებელი აქვე დასძენს, რომ ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტი საერთო საცხოვრებლები და ის კორპუსებია, სადაც ყველაზე მეტი მოსახლე ცხოვრობს.
შპს “კეთილმოწყობის” უფროსი ამირან ნოზაძე გვაიმედებს, რომ გვარამაძის ქუჩაზე ნაგავმზიდი აუცილებლად დაინიშნება: ,,მოსახლეობას ამ მხრივ პრობლემა არ შეექმნება. ნაგვის მანქანა აუცილებლად ივლის”.
გვარამაძის ქუჩის მოსახლეობა ფიქრობს, რომ მათი პრობლემების გახმაურების შემდეგ მაინც დაინტერესდება აღნიშნული დასახლებით ადგილობრივი ხელისუფლება და უახლოეს მომავალში პრიორიტეტული ქუჩების სიას გვარამაძის ქუჩაც შეემატება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი