არჩევნებისთვის ჯერ არ ემზადებიან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი გაირკვა, თუმცა 
ქალაქში წინასაარჩევნო სამზადისი ჯერ არ იგრძნობა. 

თამუნა უჩიძე, ახალციხე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტმა უკვე დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვითაც არჩვენების ჩატარება სწორედ მაისში განისაზღვრება.
 
“პრეზიდენტი მიესალმება ოპოზიციის ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესში. რამდენიმე ოპოზიციურმა სუბიექტმა სურვილი გამოთქვა და მათ მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო სიების გადამოწმებაში”, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.  

რეგიონებში პოლიტიკური ცხოვრება არჩევნებამდე რამდენიმე თვით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისთვის კი რამდენიმე დღით ადრე ცოცხლდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე დაზუსტებულია, ქალაქში წინასაარჩევნო განწყობა ჯერ არ იგრძნობა.  

საშტაბო რეჟიმში მუშაობაზე 15 თებერვლიდან გადავალთ”, - აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი და ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე.  

“კონსერვატიული პარტიის” ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას ჯერ ოფისიც არ აქვს. “რადგან გამოცხადდა არჩვენების დღე, ოფისსაც გავხსნით”,
- ამბობს “კონსერვატიული პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი. 

მისი თქმით, რადგან აქამდე მთელი საქართველო არჩევნების დანიშვნის მოლოდინში იყო, წინასწარი სამუშაოები უკვე ჩატარებულია: “გარკვეულწილად უბნები დაკომპლექტებული გვაქვს, მოძიებული გვყავს კანდიდატებიც. თუმცა ჯერ მათი ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ”.

“კონსერვატიული პარტიის” კანდიდატად ახალციხეში ოლეგ სანდროშვილი მოიზარება. “იმ პარტიებს, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობენ არჩევნებში, ახალციხეში წარმომადგენლები ჯერჯერობით არ ჰყავთ, მაგრამ თუ ეყოლებათ, ჩვენ შორის პრაიმერი ჩატარდება და კანდიდატის ზუსტი ვინაობა ამის შემდეგ გაირკვევა”, - ამბობს იგი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ათუნაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებიდან არჩევნებმდე არ ცხოვრობს: “პარტიაში ჩვეულებრივი მუშა პროცესია. პარტია მხოლოდ არჩევნების წინა დღეებში არ უნდა მიდიოდეს მოსახლესთან და ეკითხებოდეს მისი პრობლემების შესახებ”. 

სახელისუფლებო პარტიას კანდიდატებზე “სავარაუდო მონახაზი” უკვე აქვს.

“დამკვირვებლებზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. ჯერ სიები უნდა გადამოწმდეს. ამაზე უკვე მიდის პარტიის ცენტრალურ ოფისში გეგმის შემუშავება და კონკრეტული დავალებებიც ძალიან მალე გვექნება”, - განმარტავს ათუნაშვილი. 

არჩევნებისთვის მზადება არც ახალციხის საოლქო საარჩენო კომისიაში დაუწყიათ. 

“დრო ძალიან ცოტაა, მით უფრო სიების დასაზუსტებლად”, - ამბობს ახალციხის საოლქო საარჩენო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო მიქაბერიძე. 
 
სიების გადამოწმების პროცესი 15 მარტამდე უნდა დასრულდეს. 
ამ ეტაპზე სიების მონიტორინგი პარტიებმა პირველი აგვისტოს მონაცემებით უნდა დაიწყონ. თუ აქამდე არჩევნების პერიოდში იქმნებოდა სპეციალური ჯგუფები, რომლებშიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციებიდან არჩეული პირებიც იყვნენ ჩართულნი, ამჯერად სიების გადამოწმებას პარტიები დამოუკიდებლად აწარმოებენ. ამ პროცესში 12 პოლიტიკური პარტიაა ჩართული და თითოეულის ანგარიშზე 10 000 ლარია დარიცხული. ამ პროცესისათვის 1 200 000 ლარია გამოყოფილი. 

თამარ გოგოლაძის განცხადებით, საარჩევნო სიების შემოწმებისთვის დრო საკმარისი არაა: “ასე მოკლე დროში მთელი საქართველოს მასშტაბით სიების დაზუსტება შეუძლებელია. თან რამდენი ენთუზიასტი გეგულებათ ამ მშიერ საქართველოში, რომ მცირე თანხით, თუ ერთხელ სახლში არავინ დახვდათ, ერთსა და იმავე ადგილზე ათჯერ მივიდეს?!” 

გასულ წელს, კარდაკარ შემოვლის პრინციპით სიების გადასამოწმებლად კაცს საშუალოდ 70-დან 100 ლარამდე უხდიდნენ. 

“სიების გადასამოწმებლად სწორი მექნიზმის ამუშავება შეუძლებელია და მით უფრო ქალაქში. ეს პროცესი სოფლებში შედარებით იოლია, თუმცა სოფლებში დაშინება და მუქარაა სამაგიეროდ მეტი”, - ამბობს თამარ გოგოლაძე.

დავით ათუნაშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” “პრაქტიკულად სიები გადამოწმებული აქვს”: “შარშან გვქონდა დავალება, თითოეული მოსახლე უნდა შემოგვევლო. არა მარტო სულადობა დაითვალეს, აღწერეს, ვის რამდენი საქონელი ჰყავს, რა რაოდენობის მიწა აქვს”. 

ბოლო, საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხეში ამომრჩეველთა რაოდენობა 35 167 კაცი იყო. თამარ გოგოლაძისა და ოლეგ სანდროშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა სიებში ბევრი მკვდარი სული იყო.  

“მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ოპოზიციაა სიების მონიტორინგში ჩართული, ცდომილებისგან დაზღვეულნი არც ახლა ვართ”,
- ამბობს ოლეგ სანდროშვილი. 

პარტიების მიერ სიების გადამოწმების პროცესი ხუთი თებერვლიდან ოფიციალურად გახსნილადაა გამოცხადებული. რამდენად ზუსტი იქნება ამომრჩეველთა სიები, ამჯერად ეს თანაბრადაა დამოკიდებული ხელისფლებაზეც და ოპოზიციაზეც. 



 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი