ქრისტიან-დემოკრატებს ახალქალაქში კანდიდატები ეყოლებათ

“სამხრეთის კარიბჭე” ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ლევან ვეფხვაძეს მომავალ არჩევნებზე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ გეგმებზე ესაუბრა. 

შუშან შირინიანი, ახალქალაქი 

- ბატონო ლევან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ძირითადად იმ სოფლებს ესტუმრეთ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეროვნებით ქართველია. რა მიზანს ისახავდა თქვენი ვიზიტი ამ სოფლებში და რატომ არ აირჩიეთ სხვა დასახლებული პუნქტები? 

- არა, პირველ ჯერზე უბრალოდ ასე გამოგვივიდა. თანაც ეს არ არის მხოლოდ ქართული სოფლები, ესაა შერეული სოფლები. ჩვენ ისეთ დასახლებულ პუნქტებს ვესტუმრეთ, სადაც ვიცოდით, ჩვენი კანდიდატები ვინ იქნებოდნენ. ვიყავით ოკამში, აზმანაში, აფნიასა და გოგაშენში. ამ სოფლებში შეხვედრები გვქონდა. სოფლებს ეთნიკური ნიშნით არ ვარჩევთ. ახლა ნინოწმინდაში მივდივარ, სადაც ქართული სოფლები საერთოდ არ არის, იქ მხოლოდ სომხური დასახლებებია. სადაც კანდიდატები გვყავს, იქ დავდივართ. რამდენიმე კვირის შემდეგ მომდევნო ვიზიტი გვექნება და სხვა სოფლებს ვესტუმრებით. თვითმმართველობა ქართულ ან სომხურ თვითმმართველობას არ ნიშნავს. მთავარია, ხალხს კარგად ესმოდეს პრინციპი – რა არის ადგილობრივი არჩევნები.  

- რამდენი კანდიდატი გეყოლებათ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და მთელ საქართველოში? 

- კანდიდატები ყველგან გვეყოლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1 200 ადამიანი. რასაკვირველია, ახალქალაქის ყველა სოფელშიც. ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და გაიმარჯვოს, ამიტომ კანდიდატები ყველა სოფელში გვეყოლება და მათ შორის შევარჩევთ პიროვნებებს, რომლებიც უფრო კომპეტენტურები იქნებიან და საკრებულოში საკუთარი სოფლის პოზიციებს უკეთესად დაიცავენ.

თუ ჩვენი კანდიდატები ხმათა უმრავლესობას მიიღებენ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გამგებელი თბილისიდან აღარ დაინიშნება. გამგებელი, უბრალოდ, მენეჯერია, იგი პოლიტიკური სახე არ გახლავთ. საკრებულო კონკურსს აცხადებს და გამგებელს ამის შემდეგ ამტკიცებს. სისტემა ასეთია, თუმცა სხვა საქმეა, ის როგორ მუშაობს. როდესაც საკრებულოს უმრავლესობაში ერთი პარტიაა და თბილისშიც და სხვა რეგიონებშიც ეს პარტია დომინირებს, გამოდის, რომ განკარგულებებს პარტიული ხაზით იძლევიან და დეპუტატებიც უბრალოდ ასრულებენ მას. 

- თქვენი პარტიის ოფისი ახალქალაქში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გაიხსნა. მას შემდეგ ოფისის საქმიანობაზე აღარაფერი გვსმენია... 

- დიახ, ჩვენ გვაქვს ოფისი ახალქალაქში. ის ოფიციალურად გაიხსნა და არც დაგვიხურავს. გახსნა არჩევნების დროს მოხდა, შემდეგ ოფისი შევიცვალეთ, რადგან საპარლამენტო პარტია ვართ და ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია ადგილი გამოგვიყოს. 

- ამ შეხვედრების დროს ძირითადად რა პრობლემები გამოიკვეთა და როგორ აპირებთ მათ მოგვარებას? 

- თბილისში ჩასვლის შემდეგ აქ არსებულ პრობლემებს აუცილებლად დავაყენებ დღის წესრიგში. ნომერ პირველი პრობლემა მოსავლის რეალიზაციის საკითხია, რა უნდა ვუყოთ კარტოფილს, სტაფილოს და ასე შემდეგ, რომლებიც სოფლებში ტონობით აქვთ. ამ პროდუქციას, ფასის კუთხით, თურქეთიდან ან სომხეთიდან შემოტანილი საქონლისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. ჩვენ პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან პირდაპირი კითხვები გვექნება. რატომ იყიდა თავდაცვის სამინისტრომ კარტოფილი თურქეთში და არა აქ? მათი მხრიდან იყო დაპირება, რომ კარტოფილს ჯავახეთში შეიძენდნენ, რასაც მოსახლეობისთვის პირდაპირი სოციალური ეფექტი ექნებოდა. 

- ახლა თითქოს კარტოფილის იმპორტი არ ხორციელდება... 

საზღვარი დეკემბრის ბოლოს დაიკეტა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თურქეთიდან და სომხეთიდან საქონელი წინასწარ მოიმარაგეს, რის გამოც საზღვრის დაკეტვამ ფასებზე გავლენა აღარ მოახდინა. 

- როგორ შეაფასებთ სახელმწიფო პოლიტიკას კონკრეტულად ჩვენს, სომხური მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში? 

- ზოგჯერ სოციალური საკითხების მოგვარება ეგრეთ წოდებული ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მოწესრიგების გასაღებია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. რატომ იყო პრობლემატური რუსული სამხედრო ბაზის დახურვა? იმიტომ, რომ იქ ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობდა და მაღალი შემოსავალი ჰქონდა. პრაქტიკულად, ნახევარი ახალქალაქი იქ იყო. მთავრობა სამხედრო ბაზის გაყვანის შემდეგ ხალხს ჰპირდებოდა, რომ სოციალურ პროექტებს განახორციელებდა, მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს. აქ უკვე პოლიტიკური და სოციალური პრობლემები ერთმანეთს გადაეჯაჭვა. 

- თქვენ რის გაკეთებას გვპირდებით? 


- როდესაც მუნიციპალურ პროექტებზე ვსაუბრობ, მაგალითად, გზების საკითხის მოგვარებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთიდან რაიმე კომპანიას ჩამოვიყვან და მშენებლობას ის აწარმოებს. ჩემი აზრით, ასეთ პროექტებში, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ჩაერთოს. ამ ხალხს სახელმწიფომ უნდა ასწავლოს. უნდა შეიქმნას გადამზადების პროფესიული ცენტრები. სახელმწიფომ კადრები ისე უნდა მოამზადოს, რომ დამქირავებელმა მათზე უარის თქმა ვეღარ შეძლოს. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი