ახალციხის რაიონული საავადმყოფო ერთ-ერთი იყო იმ ას ახალ საავადმყოფოს შორის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო. თუმცა არც ახალციხეში და არც საქართველოს სხვა ქალაქში, ამ პროგრამის ფარგლებში დღემდე არცერთი ახალი საავადმყოფო არ აშენებულა.
თამარ თოთაძე, ახალციხე
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიზნით 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიგეგმა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, “ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალურ გეგმას” წლის დასაწყისშივე მოაწერა ხელი. პროექტის თანახმად საქართველოს ახალი, სრულიად რეორგანიზებული ჰოსპიტალური სექტორი ექნებოდა, საფუძველი ჩაეყრებოდა 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, რაც გამოიწვევდა საწოლების რაოდენობის გაზრდას 5 ათასიდან 7800-მდე.
ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ახალი საავადმყოფოსა და ამბულატორიის მშენებლობისთვის 520 მილიონი ლარის ინვესტირება დაიგეგმა. ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაციის ვადად სამი წელი განისაზღვრა. ხოლო ამ პროცესის ადმინისტრირება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა.
საქართველოში 2007 წელს სახელმწიფოს ბალანსზე 244 საავადმყოფო იყო დარეგისტრირებული. მათ შორის ახალციხის რაიონული სავაადმყოფოც, რომელიც დღემდე სახელმწიფოს ეკუთვნის.
იმ პერიოდში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე იდო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “საქართველოში 100 ახალი საავადმყოფოს პროექტი დიდი წარმატებით დაიწყო”. მაგრამ პროექტი წარმატებული რომ არ გამოდგა, ამას მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ შემუშავებული ახალი პროექტი ამტკიცებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2009 წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტით უკმაყოფილოა და მთავრობამ ახალი გეგმა შეიმუშავა.
“მას “ჯანდაცვის ახალი რეფორმა” ერქმევა და მისი ძირითადი ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საავადმყოფოები იარსებებენ, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ”, - განაცხადა ნიკა გილაურმა.
მისივე თქმით, ახალი რეფორმის მთავარი კომპონენტები, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის სამედიცინო დაზღვევა და ჯანდაცვის ხარისხის ამაღლება იქნება.
პროექტის თანახმად, რეგიონებში არსებული საავადმყოფოების რეაბილიტაციისა და ახალი საავადმყოფოების მშენებლობის პროცესში სადაზღვევო კომპანიები უნდა ჩაერთონ. შედის თუ არა, ახალციხის რაიონული საავადმყოფო აღნიშნულ პროექტში, ამის შესახებ საავადმყოფოში ინფორმაცია არ აქვთ.
“ეს არის სააქციო საზოგადოება, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს. ჩვენთვის არ არის ცნობილი უშუალოდ სახელმწიფო აიღებს თავზე ამგვარი საავადმყოფოების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, თუ სადაზღვევო კომპანიებს შესთავეზებს”, - ამბობს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი დავით მაისურაძე.
საავადმყოფოების ახალი სტანდარტები 2011 წლის პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში. აღნიშნული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს ყველა იმ სადაზღვევო კომპანიამ და საავადმყოფომ, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა და სახელმწიფოს მიერ დაზღვეული პირის მომსახურება სურთ.
ახალი სტანდარტების მიხედვით სადაზღვევო კომპანიებმა საქართველოს რაიონებსა და რეგიონებში 15-დან 25 საწოლამდე კლინიკები უნდა ააშენონ. რომელი სადაზღვევო კომაპნიები ჩაერთვებიან ახალ პროგრამაში, აშენდება თუ არა ახალციხეში თანამედროვე სტანდარეტების კლინიკა და საერთოდ, გაამართლებს ახალი პროგრამა თუ “100 ახალი საავადმყოფოს” ბედს გაიზიარებს, ეს ჯერ ისევ ბუნდოვანი საკითხია.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი