საქართველო ნატო-ში შესვლის შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, თუმცა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება უცვლელი რჩება - ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში.
გასული წლის 1 ოქტომბერს თბილისში ნატო-ს ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. ეს რეგიონში ნატო-ს ერთადერთი ოფისია. როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ წრეებში, ეს მოვლენა ნატო-ში შესვლის საწინდრად აღიქვეს.
ალიანსიც და მსოფლიო საზოგადოებაც მიესალმება და აფასებს საქართველოში დემოკრატიზაციისა და განვითარების მიზნით გატარებულ რეფორმებს, თუმცა, ალიანსის წევრობას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული პრობლემები ეღობება წინ.
23 მარტს თბილისში, სასტუმრო ''ქორთიარდ მარიოტში'' სამდღიანი სემინარი - ნატო Rose-Roth დაიწყო. სემინარის თემა იყო ''კავკასია გლობალურ ჭრილში: საქართველოს პერსპექტივები და საერთაშორისო ფსონები''. ეს ღონისძიება თბილისში მესამედ ჩატარდა და მასში ოცი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის Rose-Roth-ის ფარგლებში, კონფლიქტების მოგვარებისა და ამ პროცესში ნატო-ს მონაწილეობის საკითხებიც განიხილეს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსიც მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი დაბრკოლება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
''აშკარაა, რომ ქვეყანა დემოკრატიისკენ მიისწრაფვის, აქტიურად ებრძვის კორუფციას და ნატო-ში შესვლისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს. საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ნატო-ს წევრობისკენ მისწრაფებას მიესალმება. თუმცა ქვეყანაში გარკვეული მოუგვარებელი პრობლემები კვლავ რჩება. კერძოდ, საუბარია აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველო მის წინაშე დამდგარ გამოწვევებს გაუმკლავდება'', - აღნიშნა კარლ ლამერსმა (nregion.com 23.03.2011).
საქართველოს ჰქონდა იმედი, რომ ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმას მიიღებდა, რომლის შესრულების შემდეგაც ნატო-ს წევრობას შეძლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველოს ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ამ ეტაპის განხორციელება კვლავ გადაიდო.
16 მარტს ამერიკული ტელევიზიის PBS-ის ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპაში საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით კონსესუსი მიღწეული არ არის.
``ჩვენ ნატო-სთან ურთიერთობის მომდევნო ეტაპზე ვერ გადავედით, თუმცა, ამაში აშშ დამნაშავე არ არის და მიზეზი თავად ევროპაში კონსესუსის არარსებობაა. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ რეგიონზე გეოპოლიტიკური ფაქტორი ახდენს ზეგავლენას``, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ``საქართველო ნატო-ს წევრობის მსურველ ქვეყანათა შორის საუკეთესო ``მოწაფეა`` და სულ კარგ ნიშნებს იღებს``.
მართალია, ნატო-სკენ მიმავალ გზაზე მოსალოდნელი წინსვლა არ განხორციელდა, მაგრამ საქართველო ნატო-ში შესვლის პროპაგანდას კვლავ აგრძელებს. ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ პროცესში, გამოცდილ საშუალებებთან ერთად, ახალგაზრდა თაობაც ჩაერთო. საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ნატო-ს კუთხეების გახსნა გრძელდება. ნატო-ს საინფორმაციო ცენტრმა უკვე 30 ასეთი კუთხე გახსნა და პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
``ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობას კარგად ავუხსნათ სინამდვილეში რა არის ნატო – რომ ეს არა მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის თემაა, ესაა თავისუფლების, მეგობრობის, მშვიდობის დაცვა``, - ამბობს ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ გოგოტიშვილი (sakartvelo.ru, 1 Февраль, 2011).
საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის თქმით, ქვეყანა მაშინ გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც შეძლებს ალიანსის წევრები დაარწმუნოს, რომ ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის იმაზე მეტის მიცემას შეძლებს, ვიდრე თავად გამოიყენებს.
``ისტორიული გარემოებებიდან, ასევე გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ზოგიერთ (ნატო-ს წევრი სახელმწიფოების) მთავრობას აქვს კითხვები, თუ რა პასუხისმგებლობის აღება მოუხდება, როდესაც ნატო-ში საქართველოს მიიღებენ``, - აცხადებს ჯონ ბასი (www.kavkaz-news.info) 25/03/2011).
ნატო-სთან თანამშრომლობისა და ალიანსის წევრობის გეგმის ფარგლებში, მესამე წელია საქართველო ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას ასრულებს. ეს უკანასკნელი საქართველოსთან მიმართებაში 2008 წლის ბოლოს მიიღეს. პროგრამა მოიცავს მიზნებსა და რეფორმებს, რომელთა შესრულების პასუხისმგებლობასაც საქართველო იღებს და რომელთაც ნატო ყოველწლიურად ამოწმებს. ბოლო ასეთი კონფიდენციალური დოკუმენტი საქართველოს მთავრობამ ალიანსს მიმდინარე წლის თებერვალში წარუდგინა. 2011 წლის საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის ეროვნულ პროგრამაზე მუშაობა სწორედ თებერვალში დასრულდა. პროგრამის თანახმად, საქართველო პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში რეფორმების გაგრძელებისა და სამართლებრივი და განათლების სფეროების განვითარების ვალდებულებას იღებს.
საქართველოსა და ნატო-ს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის ``პარტნიორობა მშვიდობისთვის`` (PFP - Partnership for Peace) წევრი გახდა. 2004 წლის ოქტომბერში, ``ვარდების რევოლუციის`` შემდეგ, ალიანსმა საქართველოსთან თანამშრომლობა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP - Individual Partnershio Action Plan) ფარგლებში გააგრძელა.
2006 წელს ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ალიანსმა საქართველოსთან ``წევრობის საკითხებზე ინტენსიური დიალოგის`` (ID - Intensified Dialogue on Membership Issues) დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
ინტენსიური დიალოგების შედეგად, 2008 წლის დეკემბერში, საქართველოს ``ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის`` მიღების იმედი ჰქონდა. ეს უკვე ბოლო ეტაპი იქნებოდა, თუმცა, მაშინ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის ნაცვლად, ურთიერთობის ახალი ფორმატის – ყოველწლიური ნაციონალური პროგრამის შეთავაზება გადაწყდა. საქართველო კვლავ წევრობის სამოქმედო გეგმის მოლოდინშია.
შუშან შირიანიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი