''გოგონების მოტაცების'' ბრალდებით სასამართლო პროცესების რიცხვი მკვეთრად შემცირდა
მიმდინარე წელს გოგონას მოტაცების ბრალდებით მხოლოდ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. მომტაცებელი 15 000 ლარით დააჯარიმეს და ორთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.
ქუჩაში გოგონა დედასთან ერთად მიდის. უცებ მის შორიახლოს მკვეთრად ამუხრუჭებს მანქანა, სწრაფად გადმოდის სამი მამაკაცი, რომელთაგანაც ერთი დედას აჩერებს, დანარჩენი ორი კი გოგონას მანქანაში ჩაჯდომას აიძულებს. დედა-შვილი უმწეოდ ყვირის და დახმარებას ითხოვს. მანქანა მიდის, დედა კი ცრემლიანი თვალებით სწრაფად მიემართება უკან. ეს სურათი ახალქალაქელთა თვალში უკვე დაძველდა, თუმცა, მოგონება ახალია.
მომტაცებლებს ბოლო ხანებამდე საქმე უმეტესად არ ურთულდებოდათ, გოგონებს მშობლების სახლში დაბრუნება ერიდებოდათ და რჩებოდნენ. ახლა კი დრო შეიცვალა. 2011 წლამდე ახალქალაქში თავისუფლების აღკვეთის, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გოგონების მოტაცებისთვის დანაშაულის ყოველ მონაწილეს 10 000 ლარამდე თანხით აჯარიმებდნენ. თუმცა 2011 წლიდან ამ დანაშაულისთვის ჯარიმა პროკურატურამ 15 000 ლარამდე გაზარდა და ორთვიანი პირობითი სასჯელი დაამატა.
''როდესაც მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შევუდექი, გოგონების მომტაცებლები, რაც თავისუფლების უკანონო შეზღუდვად კვალიფიცირდება, ათეულობით იყვნენ. ამ მოვლენასთან ბრძოლა 2007 წლიდან დავიწყეთ და დანაშაულობების რიცხვმაც მკვეთრად იკლო. გასულ წელს მხოლოდ 5-6 შემთხვევა მოხდა, წელს კი მსგავსი შინაარსის ერთი პროცესი გაიმართა. სასამართლომ და პროკურატურამ სასჯელი გაამკაცრა, კერძოდ, ჯარიმის თანხა გაზარდა, რათა გოგონების მოტაცება აღარ მოხდეს'', - ამბობს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე არარატ ესოიანი.
ჯარიმა დაწესებულია მოტაცებულის მშობლებისთვისაც, თუ მათ სამართალდამცავ ორგანოებში მოტაცების შესახებ განცხადება შეიტანეს, სრულწლოვანი ქალიშვილი კი მომტაცებელს ცოლად ნებაყოფლობით გაყვა. ამ შემთხვევაში ჯარიმას მოტაცებულის მშობლები იხდიან.
''მოტაცებებისადმი ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი. ჩემი ქალიშვილი რომ მოეტაცებინათ, ეს ჩემთვის უზარმაზარი ტრაგედია იქნებოდა. ახლა ახალგაზრდა მამაკაცებს, ჯარიმის გამო, გოგონების მოტაცების ეშინიათ. დარწმუნებული ვარ, ჯარიმა ცოტა რომ იყოს, ამას მაინც გააკეთებდნენ. ცუდია, რომ აჯარიმებენ მშობლებს, თუ მათი ქალიშვილი მომტაცებლის ცოლობაზე დათანხმდა, მათ კი ამასობაში განცხადება დაწერეს'', - ამბობს ახალქალაქის მკვიდრი სილვა ზადოიანი.
მართალია, სასამართლო პროცესების რიცხვმა იკლო, მაგრამ მოტაცებები მაინც ხდება, თუმცა, მხოლოდ მაშინ იტაცებენ, როდესაც დარწმუნებული არიან, რომ გოგონა თანახმა იქნება.
რა ხდება ჩვეულებრივ, როცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გოგონას იტაცებენ? მოტაცებული საპატარძლო რომელიმე შორეულ სოფელში მიყავთ, სადაც საქმროს ნათესავები გოგონას დამშვიდებასა და მომტაცებელზე გათხოვებაზე დაყოლიებას ცდილობენ.
სრულიად სხვა მდგომარეობა იყო, ვიდრე სამართალდამცავი ორგანოები ამ სახის დანაშაულზე სასჯელს დიდი ჯარიმის სახით დააწესებდნენ.
ზოგიერთ სოფელში 13 წელზე მეტი ასაკის გაუთხოვარ გოგონას ვერც შეხვდებოდით. იტაცებდნენ, თუ გოგონა არ იყო თანახმა, არ იყვნენ თანახმა მშობლები; ისეთებსაც კი იტაცებდნენ, ვინც მხოლოდ ერთხელ ჰყავდათ ნანახი. მშობლებს ცოტა წამოზრდილი, მაგრამ ჯერ არასრულწლოვანი ქალიშვილების სკოლაში გაშვების ეშინოდათ. თუ მოტაცებული გოგონა საქმროს სახლში ერთი ღამით მაინც დარჩებოდა, მას შერცხვენილად მიიჩნევდნენ. ამის შემდეგ ძალადობის მსხვერპლს სხვაზე გათხოვების ძალიან ცოტა შანსი რჩებოდა, რაც გოგონებს მომტაცებელთან იძულებით ქორწინებაზე დათანხმებას აიძულებდა.
საპატარძლოს მოტაცებისა და იძულებითი ქორწინების ტრადიცია კავკასიის გარდა, გავრცელებულია ეთიოპიაში, რუანდაში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და თურქ ხალხებში. აფრიკის ქვეყნებში კი საცოლის მოტაცებას ხშირად თან გაუპატიურებაც ახლავს.
საბჭოთა დროს ეს დანაშაული ''ადგილობრივი ტრადიციების გადმონაშთის შემადგენელი დანაშაულის'' კატეგორიაში ხვდებოდა (ვიკიპედია).
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი