ძველი მიდგომა – ახალი დავალებები


 საზღვრისპირა რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლება უნდა გაძლიერდეს

ახალციხის მესამე სომხურენოვანი საჯარო სკოლა.
მომავალი სასწავლო წლიდან ამ ბავშვებმა საგნების
30 პროცენტი ქართულ ენაზე უნდა ისწავლონ.
საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივის საფუძველზე, მომავალი სასწავლო წლიდან არაქართულენოვან სკოლებში საგნების 30 პროცენტი ქართულ ენაზე უნდა ისწავლებოდეს. რა მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივა და როგორ შეხვდნენ სიახლეს არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. სახელმწიფო ენის სწავლების რა პროგრამები არსებობს არაქართულეოვანი სკოლებისთვის და რა სირთულეები ახლავთ მათ.



თამარ თოთაძეახალციხე
შუშან შირინიანიახალქალაქი

 პრეზიდენტის ინიციატივა

საზღვრისპირა რეგიონებში სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 14 აპრილს ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სპორტის მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ლაშა ჭკადუა ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იგიმოხარული იქნებოდა, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წევრები უფრო ინტენსიურად იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა თანამდებობებზე, მთავრობაში, პარლამენტში, ბიზნესში... ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამას ხელს შეუწყობს, ქართული ენის ადეკვატური ცოდნაა” (ახალი ამბები - საქართველო).

მისივე განცხადებით, მომავალი წლის ბოლომდე ყველა არაქართულენოვან სკოლაში საგნების 30 პროცენტი ქართულ ენაზე უნდა ისწავლებოდეს: “ეს ნიშნავს, რომ მათემატიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ისტორიის საგნები უნდა ისწავლებოდეს ორ ენაზესომხურად და ქართულად, რუსულად და ქართულად, აზერბაიჯანულად და ქართულად, ოსურად და ქართულად.

პრეზიდენტის განკარგულებით, ოთხ თვეში სპეციალური პროგრამა უნდა მომზადდეს და დამატებითი ფინანსებიც გამოიყოს.

საზოგადოების რეაქცია

პრეზიდენტის ინიციატივას სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები სხვადასხვაგვარად შეხვდნენ. რეგიონის არაქართულენოვან სკოლებში ძირითადად ეთნიკური სომხები სწავლობენ. მათმა უმეტესობამ სახელმწიფო ენა იმ დონეზე არ იცის, რომ საგნები ქართულად ისწავლონ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 39 სკოლაა, 38 საჯარო და ერთი კერძო. აქედან 13 არაქართულენოვანია. ახალციხის მეორე საჯარო სკოლა ქართულ-რუსულია და მასში 445 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 280 რუსულ სექტორზე. მოსწავლეების უმეტესობა ეროვნებით სომეხია.

არის სიტყვები, რომლებიც ქართულად საერთოდ არ გვესმის. ამიტომ ჩვენთვის ძნელი იქნება საგნების სწავლა ქართულად რომ დავიწყოთ. დაწყებითი კლასებიდანვე რომ ისწავლებოდეს, მაშინ უფრო გაგვიადვილდებოდა”, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსაწავლე რაფაელ მურადიანი.

მას ეთანხმება თანაკლასელი ელიზავეტა მოვსესიანიც: სწავლის გაგრძელებას სომხეთში ვაპირებ და ჩემთვის ქართული ენა საჭირო არ არის. იმდენი ვიცი ქართული, რომ ლაპარაკი შევძლო, მაგრამ საგნებს ვერ ვისწავლი”.

ამავე სკოლის, რუსული სექტორის მათემატიკის მასწავლებელი ელეონორა გვირჯიშვილი ამბობს, რომ კარგია თუ ბავშვებს სახელმწიფო ენა ეცოდინებათ.

რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული. მართალია ქართული ვიცი, მაგრამ გაკვეთილის ახსნა რუსულად მირჩევნია. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ქართულადაც შემიძლია ვასწავლო”, - ამბობს იგი.

იგივეს ფიქრობს ანა ეგზაიანი, რომლის შვილიც ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობს: “თუ საქართველოში ცხოვრობ, ენაც უნდა ისწავლო, მაგრამ სკოლებში მაინც ძნელია. სომხურად ქიმიას, ფიზიკას და სხვა საგნებს ბავშვი ადვილად ისწავლის, ქართულად არა. ყველამ ხომ არ იცის ქართული”.

ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში 598 მოსწავლე სწავლობს. სკოლის დირექტორის სვეტა არუთუნიანის თქმით, არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური სწავლება აუცილებლად უნდა იყოს: ჩვენს სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებმაც სახელმიფო ენა კარგად იციან. ასევე ბავშვებმაც და ვფიქრობ არ გაუჭირდებათ საგნების ქართულად სწავლა”.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მარინა ზედგინიძის თქმით, მულტილინგვური სწავლება ამ სკოლაში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

ჩვენი ვითარებიდან გამომდინარე, რუსული სკოლა მაინც პოზიციებს თმობს. ამიტომ, ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია, როცა სახელმწიფო ენას ვაძლიერებთ. მულტილინგვური პროგრამის ფარგლებში რუსულ სექტორის პირველ კლასში ბუნება თუ ორი საათი რუსულ ენაზე ტარდება, ორი საათი ქართულად ტარდება, - ამბობს მარინა ზედგინიძე და ამატებს, რომ საგნების ქართულ ენაზე სწავლება ეტაპობრივად უნდა მოხდეს და სკოლის პედაგოგების უმეტესობას გაკვეთილების ქართულად ჩატარება არ გაუჭირდებათ: მასწავლებელმა თავად უნდა იფიქროს თავის პროფესიულ განვითარებაზე. თუ მუშაობა უნდა, შეძლებს, რადაგან რაც არ უნდა კარგად იცოდე რუსული, სომხური თუ აზერბაიჯანული, პირველ რიგში სახელმწიფო ენაა აუცილებელი”.

მომატებული ანაზღაურება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პედაგოგები, რომლებიც რეგიონებში ქართული ენის სასწავლებლად წავლენ, 500-ლარიან ხელფასს მიიღებენ. ხოლო, იმ მასწავლებლებს, ვინც ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სკოლებში გაკვეთილებს ორ ენაზე ჩაატარებენ, ხელფასზე 200 ლარი დაემატებათ.

გარდა ამისა, ბაკალავრებს, რომლებიც ქართული ენის მასწავლებლად რეგიონებში იმუშავებენ, სახელმწიფო ერთი წლის შემდეგ მაგისტრატურაში სწავლის ხარჯებს დაუფინანსებს. დოქტორანტურის ყველა სტუდენს კი ქართული ენის სწავლა კრედიტებში ჩაეთვლება.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ინიციატივით, პატრიოტთა ბანაკებში მიმდინარე წელს კონტიგენტის ნახევარი არაქართულენოვანი ჯგუფის წარმომადგენელი უნდა იყოს.

მიმდინარე წელს ბანაკებში 2000-მდე ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი დაისვენებს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამები ახალქალაქში

ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების სხვადასხვა პროგრამები ახალქალაქში დიდი ხანია მუშაობს, თუმცა, განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, მოსალოდნელი და სასურველი შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

მომატებული ანაზღაურების გარდა, პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ  დასახლებულ პუნქტებში ქართული ენის სახლები აშენდეს და საზაფხულო პატრიოტულ ბანაკებში ახალგაზრდებისთვის ქართული ენის გაკვეთილები ჩატარდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალქალაქსა და ასევე, ნინოწმინდაში ენის სახლი დიდი ხანია მუშაობს. მაღალი ხელფასების პროგრამაც სიახლე აღარაა, ქართული ენის ზოგი მასწავლებელი, რომლებიც სამუშაოდ სხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, 1000 ლარს იღებენ.

რას ფიქრობენ ჯავახეთში

სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, არასამთავრობო ორგანიზაციაჯავახეთის სამოქალაქო ფორუმისწევრი სუსანნა გალსტიანი ყოველთვის მომხრე იყო, რომ მოსწავლეებს სახელმწიფო ენა სცოდნოდათ, თუმცა, იგი ფიქრობს, რომ შეუძლებელია 2012 წლის ბოლოსთვის საგნების 30 პროცენტი ქართულ ენაზე ისწავლებოდეს.

კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ორი ენა ეცოდინებათ. თუ ჩვენი მოწაფეები პირველი კლასიდან სიღრმისეულად ისწავლიან ქართულს, შესაძლოა, კარგად იცოდნენ კიდეც, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ენის სწავლებაც, ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, - თუ 2012 წლიდან ქართული ენის სწავლას პირველი, მეორე, მესამე კლასებიდან დაიწყებენ, შესაძლოა, წლების განმავლობაში, დაახლოებით 10-12 წელიწადში, მათ ორ ენაზე სწავლა თავისუფლად შეძლონ. მაგრამ ერთბაშად, თუნდაც, მე-10 კლასში, საგნების 30 პროცენტის ქართულად სწავლების შემოღება შეუძლებელია”.

ქართული სკოლის პედაგოგი ნანა ზაზაძე, “მომავლის სახლისქართული ენის მასწავლებელია. იგი მიიჩნევს, რომ ქართული ენის შესწავლისათვის ყველა წინაპირობა უკვე შექმნილია. სკოლების გარდა, ქალაქ ახალქალაქში ქართული ენის სწავლისთვისმომავლის სახლი”, არასამთავრობო ორგანიზაციამომავლის კორპუსიდა ენის სახლი არსებობს: “თუ საქმეს სერიოზულად მიუდგებიან, ქართული ენის სწავლას შეძლებენ. ამისთვის ყველა პირობა აქვთ. თუმცა არის ხალხი, ვისაც ენების სწავლა უჭირს. როდესაც ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალში ვმუშაობდი, ქართულ ენას სახელმძღვანელოსაიმედო”-თი, კრებულით ვასწავლიდით. სტუდენტებმა ქართული ენა ერთ წელიწადში ისწავლეს და მათი დიდი ნაწილი ახლა ბანკებში მუშაობს. ჩემმა მოსწავლემ რუსული სკოლიდან, რომელმაც ქართული ენამომავლის სახლშიისწავლა, კონკურსი გაიარა და ახლა ბათუმში სწავლობს”.

რაც შეეხება ორ ენაზე სწავლებას, სუსანნა გალსტიანის თქმით, სამი-ოთხი წლის შემდეგ ეს შესაძლებელი იქნება.

რამდენიმე წლის შემდეგ ალბათ მოვლენ ჩვენი შემცვლელები, რომლებიც ახლა თბილისში სწავლობენ და ისინი ორ ენაზე სწავლებასაც შეძლებენ. ჩვენს სპეციალისტებს შორის კი, ალბათ, არ მოიძებნებიან პედაგოგები, რომლებიც მათემატიკისა და ქიმიის ქართულ და სომხურ ენებზე სრულყოფილად სწავლებას მოახერხებენ. ეს ძალიან რთული ამოცანაა, - ამბობს სუსანნა გალსტიანი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი