ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკაში ეთნიკური სომხები, რუსები და ქართველები გვერდიგვერდ ცხოვრობენ. შევეცადეთ გაგვერკვია, როგორია მრავალეროვნული სოფლის ყოფა, როგორ არიან განწყობილი ისინი ერთმანეთისადმი და ნათესავდებიან თუ არა.
90-იანი წლების დასაწყისში დუხობორთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებასთან ერთად, სოფელ ეფრემოვკაში, ისევე, როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვა დუხობორულ სოფლებში, სომხური და ქართული ოჯახების ჩამოსახლება დაიწყო. სოფლის ნაციონალურ-დემოგრაფიული სურათი მკვეთრად შეიცვალა.
დღეს სოფელი ეფრემოვკა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებისგან ალბათ არაფრით განსხვავდება, გარდა იმისა, რომ სოფლის თითქმის ყველა მცხოვრები პოლიგლოტია – ისინი სამ ენას - სომხურს, ქართულსა და რუსულს თავისუფლად ფლობენ. მეზობლები ერთმანეთს შერეული ენით ესაუბრებიან, ასევე შეერია ერთმანეთის მათი ყოფა და კულტურაც. ჩვენ დუხობორებიც და ქართველებიც სომხურ ენაზე გვესაუბრნენ.
ეფრემოვკის თითქმის ყველა მცხოვრები, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მეცხოველეობას ეწევა. ვინც წასვლას აპირებდა, დიდი ხანია აქედან გაემგზავრა, დარჩენილები კი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აზრსმოკლებულად მიიჩნევენ.
''აქ 93 წლიდან ვცხოვრობთ. მართალია, ცოტა გვიჭირს, მაგრამ შეჩვეულები ვართ. სადაც უნდა წავიდეთ, ლუკმაპური მაინც საკუთარი ოფლით გვექნება მოსაპოვებელი. რატომღა წავიდეთ სადმე და ხელახლა დავიწყოთ?! მრავალი წელია გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და ქართველებთანაც და დუხობორებთანაც ძალიან კარგი მეზობლობა გვაქვს'', - ამბობს გურგენ ცარუკიანი.
სოფლის მკვიდრების საუბრიდან ჩანს, რომ სოფელში ეროვნულობის კუთხით ან ყოფითი კონკურენცია არ არის.
''ვცდილობთ, ყველაფერი ისე ვაკეთოთ, რომ ჩვენი მეზობლებიც კარგად იყვნენ, ისინიც ამასვე ცდილობენ. ბევრთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რომელ ოჯახშიც შევალთ, იმ ენაზე ვლაპარაკობ'', - ამბობს გურგენ ცარუკიანი.
ბერიძეების ოჯახი ეფრემოვკაში 1991 წლიდან ცხოვრობს. მათი თქმით, ახალჩამოსულები უცნობ საზოგადოებასთან, ცოტა არ იყოს, გაუცხოებას გრძნობდნენ, მაგრამ უკვე იმდენად გაშინაურდნენ, რომ სოფელში მცხოვრებ ეროვნებებს შორის სხვაობას ვეღარც გრძნობენ.
სოფელში შერეული ქორწინებები ჩვეულებრივი ამბავია. ყველას, ვისაც ვესაუბრეთ, სხვა ეროვნების ნათესავები აღმოაჩნდა.
''დედაჩემი ეთნიკურად სომეხია. მეც არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, ჩემს ვაჟიშვილს ერთ მშვენიერ დღეს სახლში სხვა ეროვნების კარგი და მოკრძალებული გოგონა რომ მოეყვანა. კარგი მეგობარი, კარგი მეზობელი ზოგჯერ ნათესავს სჯობს. ადამიანი ჯერ კარგი ადამიანი უნდა იყოს, ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს'', - ამბობს გიორგი ბერიძე.
ახალგაზრდა დიმიტრი გონჩაროვი ცხოვრების თანამგზავრის ძიებაშია. იგი ამბობს, რომ სიამოვნებით იქორწინებდა ''ლამაზმან ქართველზე'' ან ''მშვენიერ და მოკრძალებულ სომეხ გოგონაზე''. მისი ერთი და სომხურენოვან ოჯახში გათხოვდა, მეორე – ქართულენოვანში და ორივეს ორ-ორი შვილი ჰყავთ.
''როცა ჩვენები ახალი წასულები იყვნენ და სოფელში სომხები და ქართველები ჩამოდიოდნენ და სახლდებოდნენ, ერთგვარი დაძაბულობა, რაღაც შინაგანი შიში ნამდვილად იყო. ხანდახან ვნანობდით კიდეც, რომ ჩვენც არ წავედით, თუმცა, თანდათანობით ეს შეგრძნება სრულიად გაქრა'', - ამბობს დიმიტრი გონჩაროვი.
საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირის წევრი ნაირი ნაზელი მიიჩნევს, რომ სოფელი ეფრემოვკა ტოლერანტობის სიმბოლოა.
''ეთნიკური სომხების, ქართველებისა და დუხობორების დღევანდელი თაობის წარმომადგენლებს სხვა მსოფლმხედველობა აქვთ – ერთიანი, ნათელი და სასიამოვნო. ისინი მათივე შექმნილ მოთმინების გარემოცვაში გაიზარდნენ. მათ შორის ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია, უცხოობის შეგრძნება არ არის. ასეთი თანაცხოვრება დადებითად მოქმედებს მოსახლეობაზე და მთლიანად რეგიონის სიმტკიცესა და უსაფრთხოებაზეც'', - ამბობს ნაირი ნაზელი.
სირან ბაბაჯანიანი, ლენა ბაბაჯანიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი