მინისტრების შეთანხმებები


მინისტრები სამხრეთ კავკასიის
ახალგაზრულ პარლამეტში. 

23-27 მარტს თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი. ამ დღეების განმავლობაში, სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა ჩატარდა, მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ასევე, მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოში სომეხი ეროვნების სტუდენტთა განათლების საკითხთან დაკავშირებით.   


სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტი

სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა საქართველოსა და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა დიმიტრი შაშკინმა და არმენ აშოტიანმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა გახსნეს. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის `დემოკრატია თქვენით იწყება~ ფარგლებში ჩატარდა და მასში საქართველოსა და სომხეთის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

საქართველოსა და სომხეთის განათლების სამინისტროებისა და სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური საკითხების სკოლის მხარდაჭერით, ახალგაზრდულ პარლამენტში 40 მოსწავლე შეიკრიბა. ეს ბავშვები თანაკლასელებმა მას შემდეგ აირჩიეს, რაც სკოლის დონეზე შესაბამის პოლიტიკურ საკითხებში ოთხდღიანი პრაქტიკული დებატები გაიარეს. ახალგაზრდული პარლამენტის სხდომის შედეგად მოსწავლეებმა უნდა შეიმუშავონ ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც მოგვიანებით ბრიუსელში ევროპულ ინსტიტუტებს წარუდგენენ.

ახალ საკანონმდებლო ორგანოს სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნის სკოლების უფროსკლასელები უნდა გაეერთიანებინა, მაგრამ, თბილისში გამართულ საპარლამენტო სხდომას აზერბაიჯანელი მოსწავლეები არ ესწრებოდნენ. აზერბაიჯანიდან დელეგაცია არ ჩამოვიდა. თუმცა, როგორც ``კავკასია Online``  გვამცნობს, პროექტის პირველი ეტაპი აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა გაიარეს, დებატების შედეგად აზერბაიჯანის სკოლებში 20 მოწაფე შეირჩა, თუმცა, მათ პარლამენტის სხდომაში მონაწილეობის მიღება რატომღაც ვერ შეძლეს.

პროგრამის ინიციატორი ფონდი ''კონრად ადენაუერია''. სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისთვის განკუთვნილი სამწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 1.88 მილიონი ევროა.

თანამშრომლობა 

25 მარტს დიმიტრი შაშკინმა და არმენ აშოტიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ცერემონიის შემდეგ მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ``დოკუმენტი მიმართულია უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის კონტაქტის გააქტიურებისა და ერთობლივი პროექტების რეალიზაციისკენ``. 

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, `თბილისმა და ერევანმა, ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქე, ათი სტუდენტის სწავლის დაფინანსების პასუხისმგებლობა აიღეს~.

არმენ აშოტიანი თბილისის რამდენიმე საშუალო სკოლას ესტუმრა და იქ დანერგილ სიახლეებს გაეცნო.

26 მარტს შაშკინმა და აშოტიანმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს, რომლის დროსაც ``ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში რეალიზებულ და დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაციები გაცვალეს``. 

``საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა განათლების სფეროში ძალიან ეფექტურია და ჩვენ, ორი ქვეყნის მინისტრები, ვცდილობთ ეს თანამშრომლობა პოლიტიკური გამოყენებისა და ქვეტექსტებისგან მოშორებით შევინარჩუნოთ``, - განაცხადა სომხეთის განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა.

სომხური სკოლები საქართველოში 

საქართველოში ვიზიტის უმთავრეს შედეგად არმენ აშოტიანი ქართველ კოლეგასთან მიღწეულ შეთანხმებას მიიჩნევს. შეთანხმების თანახმადა, საქართველოს სომხურენოვან სკოლებში სომხური ენა 3-4 საათის ნაცვლად, კვლავ 7 საათი იქნება, როგორც ეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებამდე იყო.

``ჩემი აზრით, ეს შეთანხმება საქართველოს აზერბაიჯანული თემისთვისაც სასარგებლო იქნება. სომხური ენის საათების რაოდენობა თუ გადაიხედა, პარალელურად, აზერბაიჯანული ენის საათების გაზრდის საკითხიც შეიძლება გადაიხედოს``, - ამბობს არმენ აშოტიანი.

მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ სომხური სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგმნაში სომეხი ეროვნების სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას და წიგნები გამოცემამდე გადასამოწმებლად სომხეთში გაიგზავნება. ასევე, გაგრძელდება საქართველოს სკოლების სომხური ენის მასწავლებლების შემდგომი კვალიფიკაციის პროცესიც.

ყველაფერთან ერთად, არმენ აშოტიანმა ქართველ კოლეგას სომხურ სკოლებში ქართული ენის სწავლების მეთოდების გამარტივება სთხოვა, რადგან ამას სომხური საზოგადოების ინტეგრაციის საუკეთესო გზად მიიჩნევს.

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი