ახალციხელი ახალგაზრდების მსვლელობა. |
96-ე წელი გენოციდიდან
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონზე მეტი სომეხი ეროვნების მოქალაქე დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი დეპორტირებული იქნა, რის შედეგადაც დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში ეთნიკურ სომეხთა დიდი და პატარა თემებია თავმოყრილი.
ამ დღის აღსანიშნავად, “ახალქალაქის სომხურ ახალგაზრდულ ცენტრში” სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რის შემდეგაც ახალგაზრდებმა და არა მხოლოდ მათ, ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს მოწოდებებით – “აღიარება”, “განსჯა”, “სამაგიერო”. ანალოგიური ღონისძიება “ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრშიც” მოეწყო.
სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალქალაქის სხვადასხვა დაწესებულებებში, სურბ ხაჩის ეკლესიაში, საჯარო სკოლებში, სამხატვრო სკოლასა და მომავლის სახლში მოეწყო.
საქართველოს ეთნიკურ სომეხთა მოწოდება
გენოციდის აღიარების მოწოდებები საქართველოში 24 აპრილამდე დაიწყო. საქართველოში მცხოვრებმა სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა გენოციდის აღიარების თხოვნით ქვეყნის მთავრობას მეორედ მიმართეს. სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი საქართველოს პარლამენტში განსახილველად პირველად 2010 წელს იდგა.
გენოციდის აღიარების კანონპროექტის ინიცირების თხოვნით წერილი ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებს, ასევე საქართველოს პარლამენტის სომეხი ეროვნების დეპუტატებს გაეგზავნათ.
“ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერი საქართველოს სომხური სათვისტომოს ორგანიზაციები მოგიწოდებთ სამართლიანობისა და დემოკრატიული ფასეულობებისთვის ერთგულების სახელით შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივებს და საქართველოს პარლამენტში ინიცირება გაუკეთოთ ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომეხი ერის გენოციდის აღიარების საკითხის განხილვას”, - ნათქვამია მიმართვაში.
ასეთი წინადადებით “საქართველოს სომეხთა სათვისტომო” გამოვიდა. მოწოდებას კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ მოაწერა ხელი: “საქართველოს სომხური თანამშრომლობის ცენტრმა”, “საქართველოს სომეხ სტუდენტთა ასოციაციამ”, “საქართველოს სომეხთა გაერთიანებამ “ნორ სერუნდ”, “თბილისელ სომეხთა ასამბლეამ”, “საქართველოს სომხურმა ახალგაზრდულმა კავშირმა” და “სომხურმა ახალგაზრდულმა ასოციაციამ”.
თუმცა, საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება რთული და ამ ეტაპზე შეუძლებელი პროცესია. ამას ქართველი დეპუტატების გარდა, სომეხი ეროვნების ექსპერტებიც ადასტურებენ.
“საქართველოს სომეხთა ლიგამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით მოგვმართა. მაგრამ ჩვენ ამ აღიარების კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. რატომ ვავნოთ საქართველოს ინტერესებს და ჩავრთოთ ქვეყანა სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში?”, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა აზერბაიჯანულ ინტერნეტ-გაზეთ Vesti.Az-თან ინტერვიუში.
“გენოციდის აღიარების საკითხი ეთნიკური სომხებისთვის ძალიან მტკივნეულია. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა თემები 24 აპრილისთვის ამ თემას ააქტიურებენ. თავად ფაქტს დადებითად ვაფასებ, მაგრამ საქართველოს პარლამენტის მიერ აღიარების პერსპექტივა მცირეა”, - ამბობს სომხურ ორგანიზაციათა კავშირის “ერკირის” რეპატრიაციისა და ასიმილაციის პროგრამების კოორდინატორი რობერტ ტატოიანი.
მისი თქმით, საქართველო ბაქოს ბუნებრივ აირსა და აჭარაში თურქულ ინვესტიციებზე ეკონომიკურად დამოკიდებულია. “ერკირის” წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სომეხთა გენოციდი – ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკითხს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც ჯავახეთსა და დედაქალაქში მცხოვრები ეთნიკური სომხები ერთიან პოზიციას გამოხატავენ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
უკაცრავად მაგრამ რის აღიარებას ითხოვენ?ოსმალეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ მათი მიწით იკვებებოდნენ და საქმე ასქმეზე რო მიდგა პირველად თითონ დაუწყეს შეტაკება ოსმალებს.შემდეგში კი რაც მოუვიდათ თავის თავებს დააბრალონ
ReplyDeleteუბრალოდ ფაქტია, რომ მართლაც დაიღუპა ათასობით ადამიანი). რა მოხდა, რატომ მოხდა და უნდა ვაღიაროთ თუ არა, ეს ალბათ ექსპერტებმა უნდა გადაწყვიტონ საკითხის ღრმად შესწავლის მერე.
ReplyDeleteმადლობა კომენტარისთვის)
კი გეთანხმებით,რომ ხალხი დაიღუპა და ამას გამოკვლევა ჭირდება მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ნებისმიერი ქვეყანა ვისაც შიგნიდან აუჯანყდებიან შეეცდება მათ შეჩერებას შეიძლება არა გენოციდის გზით მაგრამ რაღაცას მაინც მოიმოქმედებს.ოსმალებმა მიიღეს გადაწყვეტილება და გავამართლებ კიდეც ამის დასაბუთებაც შემიძლია ოღონდ აქ არა
ReplyDelete