სასამართლო რეფორმა; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და მისი მნიშვნელობა სასამართლო პროცესისა და ზოგადად საზოგადოებისთვის – ამ და სხვა საკითხებზე გაზეთმა ''სამხრეთის კარიბჭემ'' 25 მარტს ახალქალაქში დისკუსია გამართა.
რიმა ღარიბიანი, ახალქალაქი
შეხვედრა გაიმართა ამერიკული ორგანიზაცია NED-ის (ნაციონალური წვლილი დემოკრატიაში) მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის - ''საინფორმაციო კამპანია სასამართლო რეფორმის გამჭვირვალობის შესახებ'' - ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ''სამხრეთის კარიბჭე'' ქუთაისში გამომავალ გაზეთ ''ახალი გაზეთთან'' ერთად ახორციელებს.
პროექტი 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდა. პროექტის ფარგლებში მომზადდა სამი ჩანართი, სახელწოდებით ''თემიდა'' ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე და ორივე რეგიონში გავრცელდა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდები როგორც სამცხე-ჯავახეთში (ახალციხესა და ახალქალაქში), ასევე, იმერეთში (ქუთაისში).
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია Future Corps-ის ახალქალაქის ოფისში ჩატარდა. დისკუსიას ესწრებოდნენ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და სასამართლოს სხვა წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები, ჟურნალისტები და უბრალო მოქალაქეები.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოსთვის სიახლეა, თუმცა, შეკრებილებმა გაიხსენეს, რომ რაღაც მსგავსი საბჭოთა დროსაც არსებობდა. მაშინ სასამართლო პროცესს უბრალო მოქალაქეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ხელს აწერდნენ მოსამართლის განაჩენს და ხალხის ხმას წარმოადგენდნენ, თუმცა, ეს ყველაფერი ფორმალური ხასიათის იყო. ახლა კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დემოკრატიულ მიზნებს უნდა ემსახუროს.
``ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში არსებობს. ეს დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანია. ნაფიცი მსაჯულები – დემოკრატიული ინსტიტუტია, ანუ სასამართლო პროცესში თავად მოქალაქეები მონაწილეობენ. მოსამართლე იურისტია, რომელმაც შეიძლება, მაგალითად, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაამტკიცოს, მაგრამ ადამიანის დამნაშავედ აღიარება დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხის საქმეა``, - ამბობს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე არარატ ესოიანი.
საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის თანახმადაც სასამართლო პროცესში შეიძლება ნაფიცი მსაჯულები ჩაერთონ, ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბერს შევიდა. ჯერ-ჯერობით საქართველოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო პროცესი არ გამართულა.
ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მოსამართლე შემთხვევითი შერჩევის წესით ირჩევს საარჩევნო სიიდან. თავდაპირველად 50 ადამიანს ირჩევენ, ხოლო შემდეგ, მათგან არჩევენ 14 ნაფიც მსაჯულს, ამათგან, 12 ირჩევა ძირითადი სხდომებისთვის, 2 კი სათადარიგო მსაჯულია.
ახალქალაქში მცხოვრებ გრანტ კარახანიანს მსჯულების შემთხვევითი შერჩევის წესი არ მოსწონს
``ნაფიც მსაჯულთა შორის, რომლებიც ადამიანის ბედს გადაწყვეტსენ, შესაძლოა ნაკლებად განათლებული ადმიანები მოხვდნენ, რადგან განათლება სავალდებულო პუნქტი არ არის``, - ამბობს იგი.
ორგანიზაცია Future Corps-ის წარმომადგენელს ანაიდ ასატრიანს კი ის ფაქტი აღელვებს, რომ ნაფიც მსაჯულთა გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება შეუძლებელია. თუმცა აქვე ამბობს, რომ: ``არ საჩივრდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი, რაც შეეხება საბრალდებო განაჩენს, მისი გასაჩივრება შესაძლებელია, მაგალითად, სასჯელის ზომასთან მიმართებით``.
``სამხრეთის კარიბჭემ`` ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი საზოგადოების მზადყოფნის საკითხი დააყენა. კითხვა ასე დაისვა: ``ვინ ხართ მზად, იმისათვის, რომ იკისროთ ნაფიცი მსაჯულის პასუხისმგებლობა? სხვადასხვა მხრიდან გაისმა პასუხები - ``მე არა!``.
``ჩვენგან პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა, ყველა ვამბობთ, რომ ოღონდ მე არა``, - ამბობს ანაიდ ასატრიანი.
თუმცა არარატ ესოიანი მიიჩნევს, რომ სანამ ნაფიც მსაჯულად გახდომის შესაძლებლობა ჩვენამდე მოაღწევს, ეს პრობლემა აღარ იქნება. ახალგაზრდობა დღეს გაცილებით გახსნილი და აქტიურია.
ამ ნათქვამის დასადასტურებლად ესოიანმა მაგალითიც მოიყვანა: ``ახლახანს, რაღაც პროგრამის ფარგლებში, ჩვენს სხდომას 22-23 უფროსკლასელი დაესწრო. ეს იყო სამოქალაქო პროცესი, მომჩივანი მოპასუხისგან თივის დაწვის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა, მოპასუხე კი ბრალს არ აღიარებდა. მხარეებმა პოზიციები განმარტეს და არგუმენტებიც მოიყვანეს. პროცესის შემდეგ ბავშვებს ვკითხეთ, მათი აზრით, ვინ იყო მართალი და მოსწავლეებმა, მართალია, ცოტა ექსტრემალურად, მაგრამ მაინც გვიპასუხეს, რომ მომჩივანი დამნაშავე იყო, მოპასუხე კი უდანაშაულო. მოცემულ შემთხვევაში 22 ადამიანს არ მოერიდა, არ დაკომპლექსდა და ღიად გამოხატა პოზიცია, როგორც ხალხის ხმამ. ხალხის ხმა კი ცოტას არ ნიშნავს``.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეალურ პლუსებსა და მინუსებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან პრაქტიკა არ არის და კოდექსშიც შეიძლება ბევრი ცვლილება შევიდეს. თუმცა მსოფლიოში არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მაგალითად იმ ქვეყნებში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს, მოსამართლეზე თავდასხმები არ ხდება.
``მოსამართლეს ნაფიც მსაჯულებთან ერთად მუშაობა გაუიოლდება. მაგალითად, ხანდახან ძალიან მიჭირს საბრალდებო განაჩენის გამოტანა, მით უმეტეს, როცა დარბაზში ბრალდებულის ნათესავები ტირიან და იტანჯებიან, ეს ემოციურ გავლენას ახდენს. თუ განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ, მე მხოლოდ კვალიფიკაციაზე ვიფიქრებ``, - ამბობს არარატ ესოიანი.
თუმცა მოსამართლეები, წმინდა პროფესიული თვალსაზრისით, ყოველთვის არ ეთანხმებიან ნაფიც მსაჯულებს. ამის მოწმე თავად არარატ ესოიანიც ყოფილა, როდესაც ინგლისელი მოსამართლეები ჩიოდნენ, რომ ისინი იურიდიულად ყველაფერს სწორად აკეთებენ, პოულობენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, რაც ადასტურებს, რომ ბრალდებული დამნაშავეა, ნაფიცი მსაჯულები კი მას ამართლებენ.
დისკუსიის შედეგად ყველა მივიდა დასკვნამდე, რომ ახალი ინსტიტუტის დადებით ან უარყოფით მხარეებზე მსჯელობა ჯერჯერობით ნაადრევია და ჯერ მისი პრაქტიკულად გამოყენებაა საჭირო.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი