ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ერთი ჰექტარ სახნავ-სათეს მიწაზე წლიური გადასახადი 19-34 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
გასული წლის დეკემბრის ბოლოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის #394 დადგენილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე წლიური საბაზისო განაკვეთების დადგენის შესახებ. (“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დატკიცების თაობაზე”). დადგენილებაში ნათქვამია, რომ მიწის საბაზისო საგადასახადო განაკვეთები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ისაზღვრება.
დადგენილების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწების საბაზისო განაკვეთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული, ხარისხობრივი და ტიპური კატეგორიების მიხედვით გამოითვლება. საბაზისო განაკვეთების საფუძველზე მიღებული ახალი გადასახადი ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო, ანუ ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებისთანავე, მაგრამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა ჯერ კიდევ არ იციან რამდენი უნდა იხადონ, რადგან ფასები დაზუსტებული არ არის.
ცვლილება არ ეხება მათ, ვინც მიწის გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. დღეისთვის ესენი არიან მიწათმფლობელები, რომელთაც 1,25 ჰექტრამდე მიწა აქვთ.
დადგენილების მიღების შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, მიწის გადასახადის განაკვეთების დასადგენად მუშაობას შეუდგა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ხვდება ტერიტორიულ ერთეულში, სადაც “ა” პუნქტის თანახმად: 1 ჰექტარ სათიბ მიწაზე გადასახადი 18 ლარია, ერთ
ჰექტარ საძოვრისთვის განკუთვნილ მიწაზე კი – 15 ლარი. დადგენილების “ბ” პუნქტში მოყვანილია ცხრილი “სხვა” მიწისთვის, თუმცა, კონკრეტულად რა მიწები იგულისხმება, დაზუსტებული არ არის. ამ პუნქტის თანახმად, საბაზო განაკვეთი მიწის “კარგ” კატეგორიაზე 77 ლარია, “მწირზე” კი – 62 ლარი. დადგენილებაში არ არის საბაზისო განაკვეთები ქალაქ ახალქალაქის მიწებზე.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2011 წლის 28 თებერვალს, ამ ციფრების საფუძველზე, გადასახადების ოდენობის შესახებ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც გადასახადი კარგ მიწაზე დადგინდა 77 ლარის, ხოლო მწირ მიწებზე – 62 ლარის ოდენობით.
ასევე, მკვეთრად გაიზარდა კოეფიციენტები, რომელთა დახმარებითაც ითვლება მიწის გადასახადის თანხა ქალაქ ახალქალაქის ზონაში. ქალაქში მიწის გადასახადით მხოლოდ იურიდიული პირები იბეგრებიან, ფიზიკური პირები კი ამ გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან.
მართალია, საბაზისო განაკვეთი არ შეცვლილა, მაგრამ ტერიტორიული კოეფეციენტების გაზრდის გამო, ქალაქში მიწის გადასახადმა ორჯერ მოიმატა. მაგალითად, ქალაქის ცენტრალურ ზონაში ტერიტორიული კოეფიციენტი, ადრინდელი 0.48-ის ნაცვლად, 1.1-ით განისაზღვრა.
საგადასახადო კოდექში მიწის გადასახადის კუთხით ცვლილების შეტანამდე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით, კარგი მიწებისთვის (კარგი ხარისხის სახნავი მიწები) გადასახადი 34 ლარი იყო, ხოლო ცუდი მიწისთვის (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული ყველა მწირი ხარისხის მიწა) – 19 ლარი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაგზავნილი ახალი, 2011 წლის 28 თებერვლის დადგენილება შეჩერებულ იქნა, თუმცა, მთავრობის დადგენილებას შეესაბამებოდა, და ადგილობრივ ხელისუფლებას გადასახადის განაკვეთების შემცირების განკარგულება მიეცა. არაოფიციალური მონაცემებით, წელს მუნიციპალიტეტის მიწებისთვის საბაზისო განაკვეთები უკვე სამჯერ შეიცვალა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო, 2011 წლის 7 აპრილის ¹16 დადგენილება, რომელიც სავარაუდოდ ძალაშიც შევა, მიწებს კატეგორიებად არ ყოფს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ყველანაირი მიწის ერთ ჰექტარზე 50 ლარია დაწესებული. ახალ დადგენილებაში ქალაქ ახალქალაქის ზონებად დაყოფა საერთოდ გაუქმებულია და ტერიტორიული კოეფიციენტი 0.45-მდეა შემცირებული.
ამ დადგენილებას ჯერჯერობით იურიდიული ძალა არ გააჩნია. ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების ექსპერტმა უნდა შეაფასოს. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ვარიანტი მიღებულ იქნება და დღე-დღეზე ძალაშიც შევა.
მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა უმრავლესობამ გადასახადის გაზრდის შესახებ ჯერ არ იცის. დანარჩენი მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა, თუმცა, არიან ადამიანები, ვინც გადასახადის მომატებაში დადებით მხარეებს ხედავს.
სოფელ კიროვაკანის მცხოვრები ფერმერი ეგიშ აგაჯანიანი გადასახადების გაზრდას სწორ ნაბიჯად მიიჩნევს.
“კარგი ქნეს, რომ გაზარდეს. ვინც მიწას არ ამუშავებს, რასაკვირველია, ვერ გადაიხდის, ვინც მუშაობს და მოსავალს იღებს, გადასახადის გადახდასაც შეძლებს. ვინც მიწას ვერ ამუშავებს, უნდა ჩამოართვან და იმათ გადასცენ, ვისაც მიწაზე მუშაობა შეუძლია. გადასახადი დიდი არაა, თუ მიწას ნორმალურად ამუშავებ, ამ ხარჯის დაფარვა შეიძლება, რასაკვირველია, ვინც მიწაზე მუშაობა არ იცის, მისთვის განაკვეთი დიდია”, - ამბობს იგი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი