ბორჯომელი აბიტურიენტების პრიორიტეტები


2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა. აბიტურიენტების უმრავლესობა ინტერნეტით დარეგისტრირდა

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრში რეგისტრაცია მხოლოდ 14-მა ახალგაზრდამ გაიარა. რესურსცენტრის უფროსის მაია შავიშვილის თქმით, რამდენი აბიტურიენტი მიიღებს მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში აპრილის ბოლოს გაირკვევა: ამ დროს ჩამოვა რესურსცენტრში პლასტიკური ბარათები”.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხრამეტი საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ჯულიეტა ჯინჯოლავას განმარტებით, პირველ სკოლას 53 მოსწავლე ამთავრებს, აქედან, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, 31 აბიტურიენტი დარეგისტრირდა: “უმრავლესობას სურს, რომ ეკონომიურზე ან იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხონ”.

მეექვსე საჯარო სკოლას, წელს, 36 მოსწავლე ამთავრებს, აქედან რეგისტრაცია 16-მა გაიარა. სკოლის დირექტორის ქეთევან ხაჩიძის თქმით, მოსწავლეებმა სპეციალობები სწავლის ქირის მიხედვით აირჩიეს: ფიქრობდნენ, რამდენის გადახდის საშუალება აქვს ოჯახს”.

ნარი რევაზიშვილმა ყოფილი მეორე საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა. ,,ეროვნულ გამოცდებზე გასასვლელად სახლში ვემზადები, რეპეტიტორებთან სიარულის საშუალება არ გვაქვს. წინა წელსაც ვაბარებდი, სამი ძირითადი საგანი წარმატებით ჩავაბარე, სამწუხაროდ, არჩევით საგანში, მატემატიკაში ჩავიჭერი”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ წელს სხვა სპეციალობაზე ეცდება ჩაბარებას, - არჩევანი ტურიზმზე შევაჩერე. არჩეული მაქვს ახალციხის, გორისა და თბილისის უნივერსიტეტები. პირველი ახალციხის უნივერსიტეტი მიწერია, რადგან ახალციხე ბორჯომთან ტერიტორიულად ახლოსაა და სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით გადასახადიც ნაკლებია”.

მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელმა შაქრო სამსონიძემ არჩევანი ტექნიკურ ფაკულტეტებზე შეაჩერა.

პირველი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დავწერეთ, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირება, სხვა ფაკულტეტებიც ტექნიკური ავირჩიეთ, რადგან სახელმწიფომ ამ სპეციალობებს  მიანიჭა პრიორიტეტი”, - ამბობს შაქრო სამსონიძის დედა, ნანა სამსონიძე.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი