ბინის მესაკუთრეების შიში


საქართველოს მოქალაქემ რეგისტრაცია რეალური საცხოვრებელი მისამართის მიხედვით უნდა გაიაროს. რეგისტარცია იმის მიუხედავად უნდა მოხდეს, არის თუ არა მოქალაქე იქ ჩაწერილი. რატომ გახდა საჭირო მოქალაქეებისთვის ამის შეხსენება და რისი ეშინიათ ბინის მესაკუთრეებს. 

16 მარტს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ექვსი თვეა, კონკრეტულ საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრობენ, ვალდებული არიან, ამ მისამართის მიხედვით გაიარონ რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქე შესაძლებელია რეგისტრაციიდან ბინის მესაკუთრემ მოხსნას, ამის შემდეგ რეესტრი 15 დღის ვადაში უუქმებს რეგისტრაციას. შესაბამისად, უქმდება მისი პირადობის მოწმობაც. ახალ მისამართზე დარეგისტრირების შემდეგ ახალი პირადობის მოწმობის აღება უფასოა.  

''ამ დროისთვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე წვდომა სულ უფრო მეტ უწყებას და კომპანიას გააჩნია. გაუქმებული საბუთით კი ადამიანი ვეღარ ისარგებლებს სხვადასხვა დაწესებულების მომსახურებებით'', - განაცხადა გიორგი გაბრიელაშვილმა.

გაბრიელაშვილის თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, სად ცხოვრობენ მისი მოქალაქეები: ''შეიძლება საგადასახადოდან მოგივიდეთ შეტყობინება, შესაძლოა სასამართლოს დასჭირდეს მოქალაქესთან დაკავშირება, ეს შეეხება არჩევნებს თუ სხვა საკითხებს. სად მოგძებნოთ, სად დაგეკონტაქტოთ, სად გამოგიგზავნოთ წერილი, ხელისუფლებამ ეს უნდა იცოდეს. ეს ლეგიტიმური მოთხოვნაა, სადაც ცხოვრობ, იქ უნდა იყო რეგისტრირებული''.

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შალვა წივწივაძის თქმით, ის, რომ მოქალაქე ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით უნდა დარეგისტრირდეს, ახალი არ არის. ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა მოქალაქეები ასე არ იქცეოდნენ: ''რეალურად, კანონში ცვლილება არ შესულა, უბრალოდ შეიცვალა მოქალაქის რეგისტრაციიდან მოხსნის პროცედურა. აქამდე პირი რეგისტრაციიდან მხოლოდ მესაკუთრის განცხადების საფუძველზე შეიძლებოდა მოხსნილიყო, მესაკუთრეს კი ამისთვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინა. ახლა კი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიყვანოს ორი სრულწლოვანი მოწმეე და რეგისტრაციიდან მოხსნას ის ადამიანი, რომელიც მითითებულ ადგილზე არ ცხოვრობს~.

წივწივაძის თქმით, ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც წყლის გადასახადი სულადობის მიხედვით დაწესდა: ''სიაში მოხვდნენ ''ზედმეტი სულები'', იმის გამო, რომ სახლიდან არ არიან ამოწერილი. გამოდის, რომ, ბინის მესაკუთრეს ზედმეტი გადასახადის გადახდა უწევს. ამიტომ გახდა სავალდებულო რეგისტრაცია, უნდა დადგინდეს, რეალურად, ვინ სად ცხოვრობს''.

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით დარეგისტრირება იმ პირებსაც მოუწევთ, რომლებსაც ბინა ნაქირავები აქვთ და 6 თვეზე მეტია აღნიშნულ მისამართზე ცხოვობენ. ამისთვის მათ ბინის მესაკუთრის თანხმობა სჭირდებათ. მესაკუთრეებს კი მდგმურების ან ნათესავებისთვის ნებართვის მიცემა ეშინიათ, მათ ჰგონიათ, რომ ეს ქონებრივ  უფლებას წარმოშობს, მდგომარეობა გაურთულდებათ და დამატებითი პრობლემები შექმნებათ.

''ჩემს საკუთრებაზე ვერავის დავარეგისტრირებ. არ მინდა მომავალში პრობლემები შემექმნას. შეიძლება ერთ-ორ წელიწადში ისეთი კანონი გამოვიდეს, რომ ვისაც სახლში ჩაწერის ნებართვა მივეცი, მან უფრო მეტი მოითხოვოს. ამისთვის კი მას ჩემი ნებართვა ექნება ხელში'', - ამბობს ნათენაძის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი, რომელიც ერთ-ერთ საჯარო უწყებაში მუშაობს და გარკვეული მიზეზების გამო   ვინაობის დასახელება არ სურს.

მესაკუთრეები ამბობენ, რომ შემდეგ პრობლემების შექმნას, ურჩევნიათ ბინა საერთოდ არ გააქირავონ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ბინების დაქირავება გართულდეს.

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხში მოქალაქეები კარგად ვერ გაერკვნენ.

`მოქალაქეებმა ეს სხვანაირად გაიგეს. რეგისტრაცია ნიშნავს უბრალოდ მისამართის დაფიქსირებას და ეს რაიმე ქონებრივ უფლებას არ წარმოშობს~, - განმარტავს შალვა წივწივაძე.

ბინის მესაკუთრეებს რომ საკუთრებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, ამას ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილიც ადასტურებს: ''საზოგადოებას სჭირდება სწორი ინფორმირება. საკუთრება და ადგილ-სამყოფელის განსაზღვრა სხვადასხვაა, ეს კი ხშირად ერევათ მოქალაქეებს. მაგალითად, ჩემს საკუთრებაში შეიძლება ხუთი ან ათი ადამიანი იყოს რეგისტრირებული, მაგრამ ერთპიროვნული მესაკუთრე მე ვიქნები. მესაკუთრე იძლევა ერთგვარ თანხმობას მხოლოდ დარეგისტრირების შესახებ, მას სხვა უფლებები არ გააჩნია. მატერიალური შედეგი, რაც ამას უკავშირდება, კომუნალური გადასახადებია''. 

საჯარო რეესტრში განმარტავენ, რომ რეალურ მისამართზე დარეგისტრირება სავალდებულოა. თუმცა, მოქალაქეების მიმართ, ვინც არ დარეგისტრირდება, რაიმე სანქციები დადგენილი არ არის.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი