სამცხე-ჯავახეთში სადაზღვევო კომპანია “იმედი ელ”-ი ლიდერობს
სამცხე-ჯავახეთში დაზღვეული მოსახლეობის უმრავლესობა სადაზღვევო კომპანია ''იმედი ელ”-ის მომსახურებით სარგებლობს. თუმცა, ეს განპირობებულია არა ხალხის არჩევანით, არამედ იმ ფაქტით, რომ კომპანიამ რეგიონში სამწლიანი ტენდერი მოიგო.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
დღეისათვის საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანია მუშაობს. 2008 წელს, მაშინ, როცა საქართველოში სადაზღვევო სფეროს გაფართოება დაიწყო, მათი რაოდენობა მხოლოდ ცამეტით განისაზღვრებოდა.
ქვეყანაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამედიცინო დაზღვევა - 71.06 პროცენტი, შემდეგ - ქონების დაზღვევა - 8.53 პროცენტი და ბოლოს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა - 6.96 პროცენტი (წყარო: ჟურნალი Business Time Georgia).
სადაზღვევო კომპანიების რაოდენობის ზრდა გვიჩვენებს, რომ მათ ამ ბიზნესიდან დიდი მოგება აქვთ. იგივე დაადასტურა საკონტროლო პალატის ჩატარებულმა აუდიტმაც.
ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვის კანონიერების აუდიტიდან, რომელიც საკონტროლო პალატამ ჩაატარა, დადგინდა, რომ 2008-2010 წლებში დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მილიონი ლარი გამოიყო. საკონტროლო პალატის წინასწარი აუდიტის შედეგების თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისთვის გამოყოფილი სახსრების მხოლოდ 40 პროცენტი დახარჯეს. კერძო სადაზღვევო კომპანიების მოგებამ, უმეტეს შემთხვევებში, 60-70 პროცენტი შეადგინა.
2010 წელს რეგიონებში სადაზღვევო კომპანიების ტენდერის საფუძველზე გადანაწილება გადაწყდა. თუმცა ექსპერტები ასეთ მიდგომას უარყოფითად აფასებენ.
პროექტ “სახალხო დაზღვევის” ექსპერტის ლევან კალანდაძის აზრით, საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის აპრილში ჩატარებული ტენდერის იდეა თავიდანვე არასწორი იყო. ტენდერის შედეგების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიებს ცალკეული რეგიონები სამი წლის ვადით გადაეცა.
“ტენდერი, რომელიც სადაზღვევო პროგრამის ლოტებად დაყოფას ითვალისწინებდა, არასწორად იყო დაგეგმილი და მისი ფორმულირება შედეგების მიღებაზე ორიენტირებული არ ყოფილა. საბოლოოდ, მივიღეთ სამწლიანი მონოპოლისტური ზონები, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ზოგიერთ არაკეთილსინდისიერ დამზღვევებს დანაშაულისკენ უბიძგებს”, - ამბობს კალანდაძე (
Business Time Georgia).
2010 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ქართულ სადაზღვევო ბაზარზე კომპანია “იმედი ელ” ლიდერობს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბაზრის 25.64 პროცენტი უჭირავს. მათ შორისაა, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიც, რომელთა სამწლიანი მომსახურება “იმედი ელ”-მა 2010 წლის სახელმწიფო ტენდერში მოიგო.
ჯერ
კიდევ 2008 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სადაზღვევო ბაზრისთვის სამი სადაზღვევო კომპანია - “სახალხო დაზღვევა”, “ჯიპიაი ჰოლდინგი” და “ალდაგი ბისიაი” “იბრძოდა”. დღეისთვის ამ სამი ორგანიზაციიდან მუნიციპალიტეტში მხოლოდ “ალდაგი ბისიაი” დარჩა. ამ უკანასკნელის გარდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კომპანია “ალფასა” და “იმედი ელ”-ის მომსახურებითაც სარგებლობს.
ახალქალაქში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები სტატისტიკას არ აწარმოებენ, თუმცა, კომპანია “იმედი ელ”-ის წარმომადგენელი ჰაიკანუშ გოგორიანი ამბობს, რომ მათ კომპანიას დაახლოებით 4 800 ბენეფიციარი ჰყავს.
მისი თქმით, კომპანია კლიენტებთან წარმატებით თანამშრომლობს: “ხალხი კმაყოფილია, სადაზღვევო პოლისებს სრულად იყენებენ. რაც ჩვენ მოგვმართავენ, ამ ხნის განმავლობაში საჩივარი არ შემოსულა”.
კომპანიების კლიენტებთან მუშაობით “ალფასა” და “ალდაგის” წარმომადგენლებიც კმაყოფილნი არიან, თუმცა, მათ ძალიან ცოტა მომხმარებელი ჰყავთ.
სადაზღვევო კომპანია “ალფაში” მხოლოდ 30 ოჯახია დაზღვეული. სადაზღვევო პოლისებით წლის დასაწყისიდან მათ მხოლოდ 12-მა მოქალაქემ მიმართა.
კომპანია “ალფას” წარმომადგენლის ემმა პეტროსიანის თქმით, იმის გამო, რომ ტენდერი სადაზღვევო კომპანია “იმედი ელ”-მა მოიგო, დანარჩენ სადაზღვევოებს ცოტა მომხმარებელი დარჩა.
თუმცა, თუ კომპანია “ალფა” ახალქალაქის სადაზღვევო ბაზარზე ახალი შემოსული იყო და დიდი დანაკარგები არ განუცდია, კომპანია “ალდაგი” 2010 წლამდე, ანუ, ტენდერის გამოცხადებამდე ამ რეგიონში წამყვანი იყო. 2009 წლის მონაცემებით კი სადაზღვევო კომპანიებს შორის მთელი საქართველოს მასშტაბითაც ლიდერობდა.
დღეისთვის ახალქალაქში “ალდაგმა” კლიენტების ყველაზე მეტი რაოდენობა დაკარგა, მათ შორის, ყველა მასწავლებელი.
“ადრე ჩვენთან მეტი ხალხი იყო დაზღვეული, ძირითადად, პედაგოგები. ტენდერის შემდეგ კი ისინი “იმედი ელ”-ში გადავიდნენ”, - გვითხრა კომპანია “ალდაგის” წარმომადგენელმა ელეონორა სემარჯიანმა.
რაც
შეეხება იმ ფაქტს, რომელი კომპანიის მომსახურებით არიან კმაყოფილი ან უკმაყოფილო დაზღვეულები, ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” უახლოეს მომავალში გიამბობთ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი