“შენ ირჩევ!”

კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

შეხვედრა ცენტრალურ საჯარო ბიბილიოთეკაში.
13 აპრილს ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ღია კარის დღე გაიმართა, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენებისთვის გამოცხადდა კონკურსი თემაზე - “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო  - შენ ირჩევ!” 

მანანა სარაშვილი, ახალციხე


 ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერით ინიცირებული თემების კონკურსი წარმოადგენს ერთობლივ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებაზე, რომელიც წარდგენილი იქნა 2009 წელს და აცნობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას საქართველოში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს. თუმცა, მონაწილეობის უფლება აქვთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც  სწავლობენ მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც გახსნილია ამერიკული კუთხე. ამერიკული კუთხეები არსებობს შემდეგ ქალაქებში: ახალციხე, ბათუმი, გორი, ხაშური, რუსთავი, თბილისი, თელავი და ზუგდიდი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაურიგდათ საინფორმაციო ცნობარი სადაც სრული ინფორმაციაა კონკურსის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ბავშვები დაინტერესდებიან აღნიშნული თემით”, - ამბობს ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერი,  “ამერიკის კუთხისკოორდინატორი ზაირა კელაპტრიშვილი.    

იმისთვის, რომ ბავშვებს მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, ღია კარის დღეს ახალციხის რაიონული პროკურორი გიორგი ვანიძეც ესწრებოდა. მან დეტალურად ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ.    

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გულისხმობს საზოგადოების ჩართულობას მართლმსაჯულების განხორციელებაში. ეს ის შემთხვევაა, როცა თვითონ საზოგადოების წევრები იღებენ გადაწყვეტილებას პირი უდანაშაულოა თუ დამნაშავე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი კონკურსები. ეს კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საზოგადოება უკეთ იყო ინფორმირებული სიახლის შესახებ”, - ამბობს იგი.

კონკურსის თითოეულმა მონაწილემ უნდა წარმოიდგინოს, რომ არის ადვოკატი და იცავს პატიოსან ადამიანს, რომელიც უსამართლოდაა ბრალდებული მკვლელობაში და დაპატიმრებულია. კლიენტს შეუძლია არჩევანი გააკეთოს მოსამართლის წინაშე წარდგომაზე ან მის თანატოლ 12 ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. კონკურსის მონაწილემ უნდა ახსნას, რომელი არჩევანია უკეთესი და რატომ. თემა უნდა იყოს არაუმეტეს ორი გვერდისა. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 29 აპრილი.

თითოეული ქალაქიდან საუკეთესო თემებს საქართველოს სახალხო პროკურორების პროგრამით დანიშნული კომისიის წევრები აირჩევენ. ფინალისტებს კი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კომისია შეარჩევს. გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული, სამი სკოლის მოსწავლეების კატეგორიაში და სამი - სტუდენტების კადეგორიაში. გარდა ამისა, აირჩევა ექვსი ალტერნატიული საუკეთესო მონაწილეც.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამეტის მიერ გათვალისწინებული პრიზებით. პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა პორტატული კომპიუტერი, მეორე ადგილს - ციფრული ფოტოკამერა, ხოლო მესამეს - აიპოდი (პორტატული ფლეიერი)”, - ამბობს ზაირა კელაპტრიშვილი.

ექვსი გამარჯვებული და ექვსი ალტერნატიული საუკეთესო მონაწილე მიწვეულნი იქნებიან თბილისში დაგეგმილ ერთდღიან პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს: დაჯილდოვების ცერემონიას ამერიკის საელჩოში, ვიზიტს საქართველოს იუსტიციის ახალ სასწავლო ცენტრში, მონაწილეობას პროფესიონალი იურისტების მიერ ინიცირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში და ექსკურსიას თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მომავალში გაიმართება პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. გამარჯვებული თემები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებ-გვერდზე განთავსდება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი