ახალი ინიციატივის შესახებ პრეზიდენტმა სასტუმრო-კომპლექს ,,ბაზალეთში'' პედაგოგებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ აბიტურიენტთა უმრავლესობა არჩევანს ჰუმანიტარულ სპეციალობებზე აკეთებს, როცა თანამედროვე მსოფლიო ტექნოლოგიური წინსვლისკენ ისწრაფვის და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგებს ავითარებს.
,,ჩვენ გვჭირდება ოფიცრები, მშენებლები, ინჟინრები, არქიტექტორები, - განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ საინფორმაციო-ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - შეიქმნება ძლიერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს''.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახალ ინიციატივას დადებითად აფასებს. მისი აზრით, ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგიდან ცხადია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება უახლესი წლების პრიორიტეტი უნდა გახდეს.
მინისტრის მოსაზრებას იზიარებს ახალციხის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილიც. მისი თქმით, ბოლო სამი წელიწადია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე სწავლის მსურველი ახალგაზრდების როდენობამ საგრძნობლად იკლო. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გასულ წელს ამ მიმართულებით 40 ადგილიდან მხოლოდ ოთხი შეივსო, წელს კი იგივე რაოდენობის ვაკანტური ადგილიდან, პირველადი ჩარიცხვის შედეგებით, 12 ადგილია დაკავებული: ,,ეს კი არის ზრდის ტენდენცია, მაგრამ ეს ზრდა გამოწვია განათლების სახელმწიფო პოლიტიკამ - გასულ წელს სახელმწიფომ მთლიანად დააფინანსა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები''.
მართალია, დაფინანსების გამო მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ადგილები მაინც ვაკანტური დარჩა, აბიტურიენტებმა ტექნიკურ საგნებში ბარიერი ვერ გადალახეს. ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილი 12 ათასი აბიტურიენტიდან, უმრავლესობას სწორედ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნების ჩაბარება გაუჭირდა.
,,გარკვეულწილად ეს უკავშირდება სკოლას, სადაც არ არის სათანადოდ ამ მეცნიერებების სწავლება. თუმცა ესეც იმის ბრალია, რომ სკოლა კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდის'', - ამბობს თინა გელაშვილი და განმარტავს, რომ ამ საგნებს სკოლებში ხანდაზმული პედაგოგები ასწავლიან. მათ თავადვე უჭირთ გადამზადება, რაც გამოჩნდა კიდეც მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე. აშკარაა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს: ,,ახალგაზრდებს უნდა დაუბრუნდეთ ინტერესი ისეთი საგნებისადმი, როგორებიცაა ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. ადრე დიდი კონკურსები იყო, ახლა აღარავინ აბარებს. ასე თუ გაგრძელდა, მეცნიერებაც აღარ განვითარდება. ბევრი ვაკანტური ადგილი კი ნამდვილად არსებობს ამ მიმართულებით. მაგალითად, ჩვენ ხუთი მაგისტრანტი გვყავს და ხუთივე დასაქმებულია, აქედან სამი - აბასთუმნის ობსერვატორიაში''.
პროფესიების არჩევისადმი დღევანდელი მიდგომა მომავალში კადრების სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ამის შესახებ ახალციხის მეეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილიც საუბრობს:
,,ჩემს სკოლაში ტექნიკური საგნების პედაგოგები ძველი თაობის წარმომადგენლები არიან. ასე თუ გაგრძელდა, რაღაც დროის მერე სკოლებში კადრები აღარ გვეყოლება''.
შეცვლის თუ არა რაიმეს პრეზიდენტის ინიციატივა და დაფინანსების საკითხი და რამდენად იქონიებს გავლენას პროფესიის არჩევის ეტაპზე მყოფ აბიტურიენტებზე, მომავალი წლიდან გაირკვევა. დაფინანსების საკითხისადმი მიდგომა რომ აღარ შეიცვლება, ეს უკვე გარკვეულია. ,,ეს არის ის ბაზა, რომელზეც იქნება აგებული სტრატეგიული განვითარების გეგმა. მას ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას სექტემბერში და ეს იქნება 2010-2015 წლების სტრატეგიული გეგმა'', - განაცხადა განათლების მინისტრმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის ეთერში.
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი