შპს ასპინძის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება ვარძიის 67-ში მდებარე სამსართულიან შენობაში ფუნქციონირებს. ოც წელზე ადრე აშენებეულ შენობას რემონტი პირველად მიმდინარე წლის აპრილში ჩაუტარდა. სამი სართულიდან ორის გასარემონტებლად ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 165 ათასამდე ლარი გამოიყო. ამ თანხით პოლიკლინიკის პირველ სართულზე 26 კაბინეტი, სტაციონარში კი თერაპიული, ბავშვთა და ქირურგიული განყოფილებები, ანუ 13 პალატა და საოპერაციო ბლოკი გარემონტდა. მეორე სართული, სადაც სამშობიარო და გინეკოლოგიური განყოფილებებია განთავსებული, მთლიანად გასარემონტებელი დარჩა.
საავადმყოფო 40 პაციენტზეა გათვლილი და ხუთ განყოფილებას აერთიანებს - თერაპიული, ქირურგიული, ბავშვთა, სამშობიარო და გინეკოლოგიური. პოლიკლინიკაში შემდეგი კაბინეტები შედის: თერაპიული, პედიატრიული, რენდგენოლოგიური, ქირურგიული, ეხოსკოპიური, კარდიოლოგიური, ოტოლარინგოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ნევროლოგიური, ონკოლოგიური, პტიზიატრიული, სტომატოლოგიური და ლაბორატორია. თუმცა, თითოეული მათგანი ძველი აპარატურით ან აპარატურის გარეშე ფუნქციონირებს. მაგალითად, ეხოსკოპიის აპარატი 13 წლის წინანდელია.
`ოცდამეერთე საუკუნეში სტაციონალური განყოფილება მართვითი სუნთქვის აპარატის გარეშე წარმოგიდგენიათ?! არ გვაქვს პორტატული რენდგენო აპარატი, კარდიო მონიტორი, ეხო-კარდიოგრაფი~, - ამბობს შპს ასპინძის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი მანანა ცინაძე.
მისი თქმით, ბოლო დროს ისე,როგორც მთელ საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტშიც სარძევე ჯირკვლების სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ იმატა. ამიტომ აუცილებელია მამოგრაფიის აპარატის შეძენაც: `არც სისხლის გადასხმის სადგურია ჩვენთან. არადა, განსაკუთრებით ვარძიის გზაზე ხშირია ავარიული შემთხვევები, ხშირად შემოჰყვათ გადაუდებელი ქირურგიული პაციენტები. ასეთ დროს ახალციხის საავადმყოფოს სისხლის გადასხმის სადგურის იმედად ვრჩებით~,
საავადმყოფოში ყველაზე მეტი დატვირთვა თერაპიულ-ქირურგიულ განყოფილებებზე მოდის. ქირურგიული განყოფილება კი, ფაქტობრივად, ვერ მუშაობს, რადგან არ არის სისხლის სადგური და რეანიმაციული განყოფილება.
`არ გვყავს რეანიმატოლოგები. არც რეანიმაციული განყოფილებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურა გვაქვს~, - აცხადებს მანანა ცინაძე.
საავადმყოფოში კადრების სიმცირე არამხოლოდ ქირურგიულ განყოფილებაშია.
`ოფთალმოლოგი, რენდგენოლოგი, ფტიზიატრი ოტოლარინგოლოგი და ეხოსკოპიის სპეციალისტები ადიგენიდან და ახალციხიდან გვყავს მოწვეული~, - გვიხსნის ცინაძე.
ასპინძის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების 78 მედპერსონალიდან თითქმის ყველა უფროსი ასაკისაა. ცინაძე ახალგაზდა კადრების სიმცირეს დამოუკიდებელი ექიმის სტატუსის მინიჭების პროცედურების გართულებით ხსნის: `ბევრი სამედიცინო განათლების მქონე ახალგაზრდა ლიცენზიის მოპოვებას ვერ ახერხებს. ვინც კი ადგილზე გვყავს, საუკეთესო სპეციალისტები არიან~.
ცინაძის განცხადებით, `საწოლების მიხედვით დატვირთვა სტანდარტებთან შედარებით მაღალია~. თუმცა, 14 სექტემბერს `სამხრეთის კარიბჭეს~ მთელ სტაციონარში მხოლოდ ერთი პაციენტი, სოფელ ტოლოშიდან გელა ნადირაძე დახვდა: `ორი დღეა ვწევარ, ფილტვების ანთება მაქვს და ალბათ ორ დღეში გამწერენ~.
ცარიელია სამშობიარო. აქ თვეში შეიძლება მაქსიმუმ ხუთი მშობიარე ჰყავდეთ. მიზეზი მარტივია - გინეკოლოგიაში ერთი სპეცილისტია.
ჯერჯერობით საკუთარი ძალებით საავადმყოფოში რაიმეს შეცვლა წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
`მომსახურე პერსონალის ანაზღაურებაც კი შესრულებულ სამუშაოზეა დამოკიდებული. ამჟამად არც ის ვიცით ზუსტად, საავადმყოფო ვის ბალანსზეა, ან რომელ პროგრამაში მოხვდება,~ - ამბობს მანანა ცინაძე.
უახლოეს მომავალში მას კვლავ მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარების იმედი აქვს: `დაგვპირდნენ მომავალ წელს აპარატურის შეძენაში დაგეხმარებითო~.
მანამდე კი სპეციალისტების სიმცირისა და აპარატურის არარსებობის გამო, ასპინძის მინიციპალიტეტში სასიცოცხლო საფრთხე არაერთს შეიძლება შეექმნას.
თამუნა უჩიძე, ასპინძა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი