ცვლილებები განათლების სისტემაში

ნეტბუქები პირველკლასელთათვის
2010-2011 სასაწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს სიახლეებით დაიწყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილების თანახმად, ამიერიდან, სასწავლო წელი ყველა სკოლაში 15 სექტემბერს დაიწყება. წლევანდელი სასწავლო წლიდან სკოლებში არაერთი პროექტის განხორციელება იწყება, თუმცა მათი ნაწილი რეგიონების სკოლებში მოგვიანებით ამოქმედდება.

სემესტრები ტრიმესტრების ნაცვლად


ტრიმესტრების ნაცვლად სკოლებში სასწავლო წელი სემესტრებად დაიყოფა. პირველი სემესტრი 24 დეკემბერს დასრულდება. მეორე სემესტრი 20 იანვრიდან განახლდება. პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები სწავლას 20 მაისს დანარჩენი კლასების მოსწავლეები კი 15 ივნისს დაასრულებენ.


ახალი საგნები და შეფასების ახალი სისტემა

წლევანდელი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ექვსის ნაცვლად სამი კომპონენტით შეფასდებიან; საშინაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი.

ცვლილებებია სასწავლო გეგმაშიც. სკოლებში სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოებისა და სპორტის გაკვეთილები ჩატარდება; გაიზრდება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საათები;

თბილისის საპილოტე სკოლებში კი იანვრიდან ცეკვის ინტეგრირებული სწავლებაც დაიწყება.

სასკოლო სახელმძღვანელოები

წელს პირველი პრეცენდენტია, როცა სოციალურად დაუცველი მოსწავლეები სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. ამ პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო. სახელმძღვანელოების სკოლებისთვის გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო.

წიგნების დარიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. სახელმძღვანელოები იმ მოსწავლეებს გადაეცემათ, რომელთა ოჯახებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და აქვთ 57 ათასი ან მასზე ნაკლები ქულა.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნინო დემეტრაძის განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ასეთი 423 მოსწავლეა: `სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ სახელმძღვანელოები უნდა გადაეცეს სკოლის ბიბლიოთეკებს, რათა მომავალში სხვებმა გამოიყენონ~.

წელს, განსხვავებით სხვა წლებისგან, პირველკლასელებს არც სასკოლო სახელმძღვანელოები გადაეცათ და არც ჩანთები. პრეზიდენტისგან საჩუქრად ნეტბუქი, მხოლოდ საპილოტე სკოლების 3000-მა პირველკლასელმა მიიღო.

საპილოტე პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც პირველკლასელები ინგლისური ენის სწავლასაც დაიწყებენ, ბათუმის, ზუგდიდის, წეროვანის, მესტიის ყველა და თბილისისა და ქუთაისის რამდენიმე სკოლაა ჩართული. პრეზიდენტის განცხადების თანახმად, პროექტის წარმატების შემთხვევაში, მომავალი წლიდან მასში ყველა სკოლა ჩაერთვება.

,,ასწავლე და ისწავლე’’

პროგრამის `ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად~ ფარგლებში ინგლისურ ენას უცხოელი პედაგოგები შეასწავლიან. ამერიკიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ავსტრალიიდან ჩამოსული ინგლისური ენის პედაგოგები ქართულ ოჯახებში იცხოვრებენ და ქართველ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან. 2010 წლის ბოლომდე საქართველოში 1000 უცხოელი მასწავლებელი ჩამოვა. მომავალი წლიდან კი მათი რიცხვი გაორმაგდება.

ნინო დემეტრაძე აცხადებს, რომ ამ პროგრამაში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებიც ჩაერთვებიან, ოღონდ როდის, ჯერჯერობით ცნობილი არაა. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართვის სურვილი მუნიციპალიტეტის 39 სკოლიდან 12-მა გამოთქვა: `პედაგოგების ჩამოყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამჟამად დასავლეთ საქართველოს დაკომპლექტება ხდება და უახლოეს მომავალში ჩვენთანაც ველოდებით~.


სერტიფიცირებული მასწავლებლები

მასწავლებლები, რომლებმაც სასერტიფიკატო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, მენტორ მასწავლებლებად იმუშავებენ, სექტემბრიდან ხელფასზე 160 ლარი დაემატებათ და სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამაში ჩაერთვებიან. ახალციხის მუნიციპალიტეტიდან სასერტიფიკატო გამოცდებზე 170 პედაგოგი გავიდა. რამდენმა მათგანმა გაიარა ორივე გამოცდა წარმატებით, უცნობია. რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ლია ბერიძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს: ,,სამინისტრო დაჰპირდა პედაგოგებს, რომ ეს ინფორმაცია იქნებოდა კონფიდენციალური’’.

ეთიკის კოდექსები

ამ სასწავლო წლიდან სკოლებში მასწავლებლის პროფესიული ეთიკის, სკოლის დირექტორის ეთიკისა და მოსწავლის ქცევის კოდექსი ამოქმედდება. დიმიტრი შაშკინის თქმით, კოდექსის ამოქმედება ხელს შეუწყობს სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას. კოდექსის საფუძველზე ყველა სკოლამ საკუთარი შინაგანაწესი უნდა შეიმუშავოს.
 
უსაფრთხო სკოლა

უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში თბილისისა და ბათუმის ყველა სკოლაში მანდატურების სამკაციანი ჯგუფი შევა. დაინიშნებიან თუ არა მანდატურები ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ამის შესახებ რესურსცენტრი ინფორმაციას არ ფლობს.
მანდატურის ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორცილება ეკრძალებათ.
 
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი