კონსტიტუციის პროექტის მიხედვით მოსამართლეები უვადოდ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ ინიშნებიან. ვენეციის კომისიის შენიშვნა საკონსტიტუციო პროექტზე, რომელიც ყურადღების მიღმა დარჩა.
საქართველოს პარლამენტმა 123 ხმით 4-ის წინააღმდეგ, კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიისა და ოპოზიციის რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც კონსტიტუციაში ორგანული კანონის, საკუთრების უფლებისა და შრომის კოდექსის დაფიქსირებას ეხება. თუმცა, არავინ საუბრობს ვენეციის კომისიის კიდევ ერთ შენიშვნაზე, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე, სამწლიან გამოსაცდელ ვადას ეხება.
,,ვენეციის კომისია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას მიესალმება, თუმცა, პირდაპირ მიუთითებს, რომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა უნდა გაუქმდეს. რადგან ეს მოსამართლეებზე ზეწოლისათვის საუკეთესო საშუალებაა'', - გვიხსნის საკონსტიტუციო კომისიის წევრი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი.
იგი ვენეციის კომისიის შენიშვნას იზიარებს და ამბობს, რომ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, მოსამართლეები ეცდებიან ხელისუფლებისათვის ლოიალური გადაწყვეტილებები გამოიტანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი უვადოდ დანიშვნის შანსი ნაკლები იქნება: ,,დღეს არსებულ პირობებში სასამართლო ხელისუფლება როგორ ფუნქციონირებს ყველამ კარგად ვიცით. გამოსაცდელი ვადა კი მოსამართლეებზე ზეწოლის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის''.
აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასა და ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვენეციის კომისიის შენიშვნას ეწინააღმდეგებიან.
,,უნდა იყოს გამოსაცდელი ვადა. შეიძლება ადამიანმა ტესტირება წარმატებით გაიაროს, მაგრამ პრაქტიკულ საქმიანობაში ისეთი გადაწყვეტილებები ვერ მიიღოს, რომ გაამართლოს მოსამართლის მანტიაზე დაკისრებული მოვალეობა'', - ამბობს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი ვაჟა ჩიტაშვილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გია ბერაია აცხადებს, რომ დღეს საქართვლეოში მოსამართლეებზე ზეწოლა არ არსებობს. იგი ზეწოლის ფაქტების არსებობას სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შემთხვევაშიც გამორიცხვას: ,,სამი წლის გასვლის შემდეგ მოსამართლეები უვადოდ მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესაბამისად დაინიშნებიან. ყურადღება მიექცევა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის რამდენი გადაწყვეტილება გასაჩივრდება, მათ შორის რამდენი შეიცვლება. ამაში ზეწოლის ვერანაირ მექანიზმს ვერ ვხედავ''.
ჩიტაშვილისა და ბერაიას მოსაზრებებს არ იზიარებს ადვოკატი გულნარა დიასამიძე. იგი ფიქრობს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ვერც მოსამართლეების გამოსაცდელი ვადის გარეშე დანიშვნის შემთხვევაში იქნება: ,,სამართლიანი სასამრთლო საქართვლოში არ არსებობს. სასამართლო სახლელმწიფოს ზეგავლენის ქვეშაა''.
დიასამიძე ამბობს, რომ ამის განცხადების საფუძველს, მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უამრავი მაგალითი აძლევს: ,,ამაში მათ ხელს კანონენიც უწოყბთ. ხშირად დარღვევაც არ უწევთ. თვითონ კანონი ყვირის უკანონო ვარო. შავზე შეუძლიათ დაწერონ თეთრიაო და წერენ კიდეც''.
სხვაგვარად ფიქრობს ადვოკატი ლალი ბერიძე. იგი აქცენტს მოსამართლეთა მცირე ასაკზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ მათი დანიშვნა 28-30 წლის ასაკში დაუშვებელია: ,,არის შემთხვევები, როდესაც საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოსამართლემ თავის თავზე უნდა აიღოს გარკვეული საკითხები, რომლებიც ხანდახან კანონშიც კი არ ჯდება. მოსამარლთეს ამის უფლება და უნარი უნდა ჰქონდეს. თუ მას ამის უნარი აქვს ჩათვალეთ, რომ ის დამოუკიდებელია”.
რაც შეეხება დღეს მოსამართლეებზე ზეწოლას, ბერიძის აზრით ეს არა მხოლდო ხელისუფლების მხრიდან შეიძლება იყოს: ,,ზეწოლა ხშირად საზოგადოებისგანაც არის, ანუ ამას ყველა ეცდება თუკი გამოუვა’’.
ადვოკატი რევაზ კაჭკაჭაშვილი, გასულ თვემდე ხუთი წლის განმავლობაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა. იგი ბერიძის მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს და ფიქრობს, რომ სამწლიანმა გამოსაცდელმა ვადამ შესაძლოა ფსიქოლოგიურად მხოლოდ ახალგაზრდა მოსამართლეებზე იმოქმედოს. იგი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მიესალმება და აცხადებს რომ გამოსაცდელი ვადა, მათზე გავლენას ვერ იქონიებს: ,,7-8 გამამართლებელი განაჩენი მაქვს გამოტანილი. ჩემი მუშაობის დროს ზეწოლის მცდელობაც კი არ ყოფილა’’.
მიუხედავათ მსგავსი განცხადებებისა მოსახლეობის დიდ ნაწილს, ,,უსამართლო ქვეყანაში ცხოვრების განცდა’’ აქვს. მათი უმრავლესობა არც მოსამართლეების დანიშვნის წესით და არც კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ცვლილებებით ინტერესდება. ინდიფერენტულ განწყობას კი ასე ხსნიან: ,,ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც ხელისუფლებას უნდა’’. შემთხვევით კონსტიტუციის პროექტში მოსამართლეების ზეწოლის საფრთხის შესახებ შენიშვნა ქართველებისთვის არც ვენეციის კომისიას მიუცია. თამარ ხიდაშელის განცხადებით, მათ ამ მუხლს, სწორედ ქვეყანაში არსებული არასამართლიანი ფონიდან გამომდინარე, საგანგებოდ გაუსვეს ხაზი.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი