რეფორმით ბევრი მასწავლებელი უკმაყოფილოა


სწავლა უკვე დაიწყო, თუმცა, სიტუაცია კვლავ გაურკვეველია. სკოლაში დანერგილმა სიახლეებმა, რასაც სწავლის პროცესის გაუმჯობესება უნდა მოჰყოლოდა, მხოლოდ შემცირებები და მასწავლებლების უკმაყოფილება გამოიწვია.
ახალქალაქში, თუმანიანის სახელობის #1 სკოლიდან 15-16 ადამიანი უნდა გაათავისუფლეს.
`შემცირება დიდია. საკუთარი ნებით სკოლიდან მხოლოდ ოთხი მასწავლებელი წავიდა~, - ამბობს ახალქალაქის #1 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორი ნოდარ დარბინიანი.
თუმანიანის სახელობის #1 სკოლაში ამ ეტაპზე გარკვეული არ არის, ვინ შეამცირეს და ვინ არა. სკოლაში 440 ბავშვი სწავლობს და 24 კლასი იყო, ახლა კლასების რიცხვი 23 -ია. პედაგოგების ნაწილს საათები შეუმცირდა, დანარჩენებს კი პირიქით.
ახალქალაქის განათლების რესურსცენტრის უფროსის ნარცის კარაპეტიანის თქმით, რეფორმა მხოლოდ დიდ სკოლებს შეეხო.
`ეს კლასების შერწყმა არ არის, პირიქით, მათი დაყოფაა. თუ კლასში ბევრი ბავშვია, ის გაიყოფა და გაკვეთილების რაოდენობა მოიმატებს. ჩვენთან სულ 2-3 სკოლაა, სადაც ბევრი მოსწავლე სწავლობს, სოფლის სკოლებში კი ასეთი პრობლემა არ არსებობს. იგივე სიტუაციაა ქართულ სკოლაში და ინტერნატშიც. პირიქით, ჩვენ კლასებს ვყოფთ, რათა ერთ კლასში 40 მოსწავლის ნაცვლად 18-18 ბავშვი იჯდეს~, - განმარტა ნარცის კარაპეტიანმა.
კლასების რაოდენობრივი განსაზღვრა შემდეგნაირად ხდება.
`პარალელურ კლასებში 18-18 ბავშვი მაინც უნდა იყოს, ხოლო თუ მოსწავლეების რაოდენობა, მაგალითად, ოცია, მხოლოდ ერთი კლასი იქნება. ასევე, ერთი კლასი იქნება 30 მოსწავლის შემთხვევაში, ხოლო თუ 36 ბავშვია – ორი კლასი გაიხსნება~, - ამბობს ნარცის კარაპეტიანი.
რეფორმის მიხედვით, თეორიულად კლასები უნდა გაყოფილიყო და შესაბამისად, გაკვეთილების რიცხვი გაზრდილიყო, პრაქტიკაში კი პირიქით მოხდა, კლასები, ძირითადად, შეერთდა და გაკვეთილებიც შემცირდა. დიდი კლასები, სადაც 36 და მეტი ბავშვი სწავლობს, ახალქალაქის სკოლებში არ აღმოჩნდა. ამრიგად, პირველ სკოლაში ერთი კლასი დაიხურა, მეოთხე სკოლაშიც ასევე ერთი კლასი, მეორე სკოლაში დაახლოებით 10 კლასი დაიხურა და მხოლოდ ერთი გაიხსნა. ეს ციფრები, ჯერჯერობით, ბოლომდე დაზუსტებული არ არის. სკოლებიც ცვლილებების განხორციელების პროცესში არიან. ამისათვის კი დრო მხოლოდ 1 ოქტომბრამდე აქვთ, როდესაც მოსწავლეთა, კლასებისა და მასწავლებელთა რაოდენობის შესახებ უკვე საბოლოო ინფორმაცია დაიდება.
მე-4 სკოლაში მე-11 კლასები შეერთდა, მასწავლებლების რაოდენობა კი არ შემცირებულა. სამსახურიდან კადრების შემცირების მიზეზით გათავისუფლებულთა შორის მხოლოდ ლაბორანტები და ბიბლიოთეკარები მოხვდნენ.
`ჩვენს სკოლაში ყველაფერი კარგადაა, წელს სამი პირველი კლასი გვყავს~, - თქვა #4 საჯარო სკოლის დირექტორმა ნათელა გრიგორიანმა და დაამატა, რომ- კლასების შეერთება ჩვენთან ვერ მოხერხდა, რადგან საკლასო ოთახებია პატარა. წესით, ერთ მოსწავლეზე ორი კვადრატული მეტრი ფართი უნდა მოდიოდეს. ჩვენი სკოლის ნახაზის შემოწმებით დავადგინეთ, რომ ამის საშუალება არ გვაქვს. აქ იყო სიტუაცია, რომ ერთ კლასში 31 ბავშვი უნდა ყოფილიყო, თუმცა, რადგან ამხელა საკლასო ოთახი არ გვაქვს, ეს ორი კლასი ვერ შეერთდა~.
მასწავლებელები პრობლემებზე საუბრობენ, თუმცა ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ.
`ჩვენი მასწავლებლები უკმაყოფილონი არიან. სხედან და ერთმანეთში ლაპარაკობენ. რასაკვირველია, ვინც პურის ფულსაც ვეღარ იშოვის, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნება~.
`ჩვენს სკოლაში ბევრი შეამცირეს. ასეთ დროს, როცა ყველაფერი გაძვირდა, ადამიანებს არსებობის სახსარი წაართვეს. არ მესმის, ეს როგორ შეიძლებოდა. შემცირებაში ძირითადად ისინი მოყვნენ, რომლებიც უმწეოები არიან, ხოლო ნაცნობობისა და კავშირების მქონენი სკოლაში დარჩნენ. პირობების გაუმჯობესების ნაცვლად ყელში დანა გამოგვისვეს~.
`პედაგოგები მუდმივად კამათობენ გაკვეთილების რაოდენობის გამო. ისინიც კი, რომლებსაც 18 საათი აქვთ, რატომღაც უკმაყოფილოა~.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი