მეორე კვირაა, რაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო. უკვე გარკვეულია რომელი წიგნებით ისწავლიან სკოლები. ,,სამხრეთის კარიბჭე'' შეეცადა გაეგო რა ჯდება სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, აქტუალური გახდა სასკოლო წიგნების ფასებიც. სკოლებმა სახელმძღვანელოები უკვე აირჩიეს.
სასკოლო წიგნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფასად იყიდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით ფასი თითქმის ყველა სახელმძღვანელოს უკანა ყდაზე აწერია. თუმცა, მშობლები ამბობენ, რომ ყველა წიგნს ერთი ან ორი ლარი მაინც აქვს დამატებული. მიუხედავად ამისა, საკანცელარიო მაღაზიებში, სადაც სასკოლო წიგნებიც იყიდება, მაინც ხალხმრავლობაა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმძღვანელო მაღაზიაში არ აღმოჩნდება, გამყიდველს შეკვეთით ჩამოაქვს.
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს პირველ კლასელებს სასკოლო წიგნები უფასოდ არ დაურიგდათ. ამიტომ, მშობლებს სხვა ყველაფერთან ერთად, მათი ყიდვაც მოუწიათ. უფასო სახელმძღვანელოები, წელს მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს გადაეცემათ. სახელმძღვანელოები მომავალში სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა სოციალურად დაუცველი ბავშვები შეძლებენ. ,,
,,სამხრეთის კარიბჭე'' შეეცადა, გაერკვია, რა თანხაა საჭირო ერთი მოსწავლისათვის წიგნების შესაძენად. გადავწყვიტეთ, ექსპერიმენტი პირველი, მეცხრე და მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოებზე ჩაგვეტარებინა. მაგალითისთვის ის სახელმძღვანელოები გამოვიყენეთ, რომლითაც ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ხელმძღვანელობენ;
I კლასი:
დედაენა – (ავტ: მაღლაკელიძე, ყურაშვილი, მაღლაკელიძე) 9 ლარი
მათემატიკა – (ავტ: გვილავა, ჩილოჩავა, ჩხეიძე) წიგნი 9,50 ლარი
რვეული 4,50 ლარი
ხელოვნება – (ავტ: მაჭარაშვილი) 7,50 ლარი
ბუნება – (ავტ: ბლიაძე, ახვლედიანი, კვანტალიანი) 7,50 ლარი
მუსიკა – (ავტ: მ. ჩიკვაძე, თ მერკვლიშვილი) 6 ლარი
IX კლასი:
ქართული – (ავტ: როდონაია, ნაკუდაშვილი, არაბული, ხუციშვილი)
16 ლარი
ინგლისური – (ავტ: სტუარდ მარქინელი, ბობ ხასთინეს) 12 ლარი
ბიოლოგია – (ავტ: ზაალიშვილი, იოსებაშვილი) 13 ლარი
`შესავალი გეოგრაფიაში~ - (ავტ: ნ.ელიზბარაშვილი, ზ.დავითაშვილი)
15 ლარი
ხელოვნება – (ავტ: მიქაბერიძე, მეხაშიშვილი, კუნჭილაძე) 9 ლარი
მუსიკა – (ავტ: ჩიკვაიძე) 6,50 ლარი
ამავე კლასის მათემატიკის, ინგლისური ენის, ისტორიის, ფიზიკის, ქიმიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოები მაღაზიებში არ აქვთ და შესაბამისად არც მათი ფასები იციან.
XII კლასი:
ქართული – (ავტ: ვასაძე, მუზაშვილი) 17 ლარი
ბიოლოგია – (ავტ: მაყაშვილი) 8 ლარი
ისტორია – (ავტ: გ.აბდალაძე, ნ.კვიტაიშვილი, ბ.კუპატაძე, ქ.ჯანუაშვილი)
13 ლარი
ახალციხის საკანცელარიო მაღაზიებში ასევე არ აქვთ XII კლასის: მათემატიკა, რუსული, ინგლისური, ფიზიკა, ქიმია და ეკონომიკა.
ამიტომ, აქ მხოლოდ იმ სახელმძღვანელოების ფასებია, რომლებიც ახალციხის საკანცელარიო მაღაზიებში მოვიძიეთ. წიგნის მაღაზიებში ამბობენ, რომ სახელმძღვანელოებს ფასი 10-დან 20%-მდე ემატება.
დაახლოებით იგივე ფასია დანარჩენი კლსების სახელმძღვანელოებიც. მეორე კლასის მოსწავლის მშობელი ნათია სამსონიძე ამბობს, რომ სახელმძღვანელოებში 70 ლარი უკვე გადაიხადა, თუმცა ბუნების წიგნი ჯერ არ შეუძენია.
ამას ისიც ემატება, რომ სახელმძღვანელოები ყოველ წელს იცვლება და მშობლებს ახალ-ახალი წიგნების ყიდვა უწევთ.
დამოუკიდებელ სკოლა ,,მზექას” ამჟამად 130 მოსწავლე ყავს. მათ შორის 14 პირველი კლასის მოსწავლეა. იმის გამო, რომ წელს პირველკლასელებს სასკოლო სახელმძღვანელოები არ დაურიგდათ, სკოლამ საკუთარი სახსრებით მხოლოდ დედაენის წიგნების შეძენა შეძლო.
სკოლის ხარჯებით შეიძინეს წიგნები პირველ საჯარო სკოლაშიც. თუმცა, აღნიშნული სახელმძღვანელოები მოსწავლეებს საჩუქრად არ გადასცემიათ. წიგნები სკოლის ბიბლიოთეკის საკუთრებაა და მომდევნო წელს მას სხვა ბავშვები გაოიყენებენ.
,,სასკოლო ოლიმპიადაზე გამარჯვებულ 11 მოსწავლეს, წიგნების ნაწილი გადავეცით. პრობელმას ის გვიქმნის, რომ წიგნები ყოველ წელს იცვლება და შარშანდელი წიგნების ნაწილი აღარ გამოდგება'', - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.
სწავლის პერიოდში სახელმძღვანელოებთან ერთად მოსწავლეებს სპეციალური ტესტების რვეულები და არაერთი სასკოლო ნივთი სჭირდებათ, რაც საბოლოოდ საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი