ფქვილისა და პურის გაძვირებასთან ერთად, ფასმა მოიმატა არა მხოლოდ პურპროდუქტებზე, არამედ სიცოცხლისთვის აუცილებელ ყველა სხვა საქონელზე.
რუსეთში გაჩენილმა ხანძარმა, მარცვლეულის ცუდმა მოსავალმა ფქვილისა და შესაბამისად, პურის გაძვირება გამოიწვია. საქართველო ერთი წლის განმავლობაში 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, საიდანაც ადგილზე მხოლოდ 15% იწარმოება. იმპორტირებული ხორბლის 95% რუსეთზე მოდის, დარჩენილი ნაწილი კი ყაზახეთიდან და უკრაინიდან შემოდის.
ახალქალაქში ფქვილის გაძვირების შესახებ ხმების გავრცელებისთანავე მაღაზიებში, სადაც ფქვილი იყიდება, ტევა აღარ იყო. ხალხი პანიკაში ჩავარდა და ფქვილის მოსამარაგებლად თავიანთ მცირე დანაზოგებსა და მეზობლებისგან აღებულ ვალებს იყენებდნენ. ამ მომენტით ისარგებლეს გამყიდვლებმაც, რომელთაც არა იმიტომ გაზარდეს ფასი, რომ თავადაც ძვირად ყიდულობდნენ, არამედ დარწმუნებული იყვნენ, რომ საქონელი მაინც გაეყიდებოდათ.
ასმიკ უზუნიანს ფქვილის მარაგი ზუსტად საყოველთაო პანიკის დროს გამოელია. იგი ოჯახისთვის პურს სახლში აცხობს.
,,მეზობელთან ერთად ფქვილის საყიდლად წავედი, ამ დღეს ტომარა ფქვილი მაღაზიაში 55 ლარი ღირდა. ამ ფასის გადახდაზე უარი განვაცხადე. მეორე დღეს კი მაღაზიაში ერთი ტომარა უკვე 48 ლარად ვიყიდეთ’’, - ამბობს ასმიკ უზუნიანი.
ახალქალაქში პურის ფასს ფქვილის გაძვირებისთანავე არ მოუმატია. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ პურის წონამ დაიკლო. ხაბაზები კი ამბობენ, რომ მარაგებით სარგებლობდნენ.
,,სანამ ძველ ფასად ნაყიდი ფქვილი მქონდა, პურის ფასი არ გამიზრდია. პური რა ეღირება, ჯერჯერობით, არ ვიცი. ფასი დამოკიდებულია იმაზე, ფქვილს რა ფასად შევიძენ”, - ამბობს ედუარდ მანასიანი, რომელსაც ქალაქის ცენტრში სახაბაზო და მაღაზია აქვს საფუნთუშეთი.
67 წლის ლარისა ავეტისიანი მომავალზე ძალიან ღელავს. ისიც პენსიონერია და ასევე პენსიონერ მეუღლესა და უმუშევარ შვილთან ერთად ცხოვრობს.
,,მაღაზიებში ამბობენ, რომ პროდუქტების გაძვირება კიდევ მოსალოდნელია. მე ფქვილის ან პროდუქტების მომარაგების ფული არა მაქვს”, - ამბობს ლარისა ავეტისიანი.
ექსპერტები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მიიჩნევენ, რომ ფასების კონტროლი აუცილებელია.
,,ფასებზე კონტროლი უნდა დაწესდეს, პროდუქტებს ჰაერიდან მოტანილი ფასები არ უნდა დაედოს. უნდა ვიცოდეთ, სახელმწიფოში საბაზრო ვაჭრობა რა მექანიზმებით რეგულირდება. ამასთან, არის მინიმალური სამომხმარებლო კალათა და თუ გაძვირება ხდება, ეს კალათა არ ივსება, რადგან მოსახლეობის შემოსავლები შესაბამისად არ იმატებს”, - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტი ლევონ ლევანიანი.
ჯერჯერობით, ფასები იზრდება, მომხმარებელთა ჯიბეეები ცარიელდება, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რეგულირების მექანიზმებზე მუშაობს.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი