19 სექტემბერს კუნძულ ახტამარზე მდებარე სურბ ხაჩის ეკლესიაში საღვთო ლიტურგია გაიმართა. ექვსიდან რვა ათასამდე სომეხი, როგორც თურქები ელოდნენ, კუნძულზე არ ჩასულა.
საუკუნოვანი დუმილის შემდეგ სურბ ხაჩის ეკლესიაში საღვთო ლიტურგია გაიმართა, თუმცა, ჯვარი, რომელიც ამ დღისთვის ეკლესიის გუმბათზე უნდა ყოფილიყო, არ აღმართულა. სომხებს, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტათ, ჩასულიყვნენ თუ არა კუნძულზე, ეს ფაქტი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა და სომეხთა 90%-ზე მეტმა ლიტურგიაზე დასწრებაზე უარი თქვა.
თურქეთის მთავრობამ სურბ ხაჩის გუმბათის უჯვროდ დატოვება ტექნიკური პრობლემებით ახსნა.
,,შეხვედრაზე ჩვენ შევიტყვეთ, რომ ჯვრის აღმართვა ლიტურგიის გამართვამდე ტექნიკური პრობლემების გამო გახდა შეუძლებელი. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ 200 კგ. სიმძიმის ჯვრის დამაგრება საკმაოდ რთული სამუშაოა’’, - განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ადგილის მეთვალყურემ არქიეპისკოპოსმა არამ ატეშიანმა ვანის გუბერნატორთან მიუნირ ყარაოღლუსთან შეხვედრის შემდეგ.
ჯვარი, რომელიც სურბ ხაჩის ეკლესიის გუმბათზე უნდა აღმართულიყო, სომხეთში დამზადდა და ადგილობრივი მასმედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სულ რაღაც 75 კგ-ს იწონის.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიტურგიის დროს ეკლესიის გუმბათზე ჯვარი არ იქნება, სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა, რის შემდეგაც პირველსამკვიდრო წმინდა ეჩმიაძინმა ლიტურგიაში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.
,,პირველსამკვიდრო ეჩმიაძინი დაარწმუნეს, რომ 19 სექტემბრისთვის დანიშნულ წმინდა ლიტურგიამდე ერთი კვირით ადრე სურბ ხაჩის ეკლესიის გუმბათზე ნაკურთხი ჯვარი აღიმართება. ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით მოცემული დაპირების დარღვევის გამო, პირველსამკვიდრო წმინდა ეჩმიაძინი, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქის თხოვნით ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად ორ წარმომადგენელს აგზავნიდა, კუნძულ ახტამარზე მდებარე სურბ ხაჩის ეკლესიაში წმინდა ლიტურგიის ცერემონიალში მონაწილეობაზე უარს აცხადებს’’, - ვკითხულობთ პირველსამკვიდრო ეჩმიაძინის პრეს-კანცელარიის გავრცელებულ ცნობაში.
ამრიგად, სომხური სასულიერო სამყაროს სამ კათედრას - პირველსამკვიდრო წმინდა ეჩმიაძინს, კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსატსა და იერუსალიმის პატრიარქატს ლიტურგიაში მონაწილეობა არ მიუღია.
ლიტურგიამდე ორი დღით ადრე ჯვარი ეკლესიის შესასვლელთან მაინც დადგეს, თუმცა, ამან სომხები ვეღარ გადაარწმუნა. თუ სექტემბრის დასაწყისისთვის კუნძულ ახტამარზე ჩამსვლელ სომეხთა რიცხვი ექვსიდან რვა ათასამდე მერყეობდა, თავად ლიტურგიას სულ რაღაც 750-მდე სომეხი დაესწრო, ისიც, ძირითადად, სტამბულში მცხოვრები სომხები.
,,ეკლესიისა და ჯვრის გარეშე რა ლიტურგია იქნებოდა. ესაა თურქული შოუ, რომელსაც სურს მსოფლიოს დაანახოს, როგორი დემოკრატიული და კაცთმოყვარეა. სინამდვილეში კი, ეს სომხებისთვის ზურგში დანის ჩარტყმის კიდევ ერთი ხერხი იყო’’, - წერს სიუზი ირიციანი, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდანაა, ამჟამად კი რუსეთში ცხოვრობს.
რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ამ მოვლენას თავისებურად აფასებს.
,,ჩემი აზრით, სომხებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა სხვანაირად – მიტინგების მოწყობით უნდა მიეღოთ და თავიანთ პლაკატებზე ეჩვენებინათ სურბ ხაჩის ადრინდელი მდგომარეობა და ახლანდელიც. ტურისტებიც და მთელი მსოფლიოც ნამდვილ ფაქტებს დაინახავდა. ჩვენი დუმილითა და ლიტურგიაზე არდასწრებით დამარცხებას განვიცადეთ. პირიქით, იქ რომ ჩავსულიყავით, დავამტკიცებდით, რომ ეკლესია, ჯვრით თუ მის გარეშე, ჩვენია’’, - ამბობს მოსკოვში მცხოვრები მარიამ თუმანიანი.
ლიტურგიის დროს საპროტესტო აქცია გაიმართა, თუმცა, არა კუნძულ ახტამარზე, არამედ ერევანში. სომეხთა 1915 წლის გენოციდის მსხვერპლთათვის მიძღვნილ მემორიალურ კომპლექსში ჩატარდა ლიტურგია და საპროტესტო აქცია კუნძულ ახტამარზე მდებარე სურბ ხაჩის ეკლესიაში მიმდინარე ღონისძიების წინააღმდეგ.
პროტესტის გარეშე თავად სურბ ხაჩის ეკლესიაში მიმდინარე ლიტურგიასაც არ ჩაუვლია. შეკრებილებს შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომელთაც პლაკატები ეჭირათ ტექსტებით: ,,თურქეთო, შეასრულე შენი საერთაშორისო ვალდებულებები!’’, ,,ჩვენს საკუთარ ეკლესიას ვალად ნუ გვაძლევთ!”. ასევე ახალგაზრდა სომხებს უჯვრო გუმბათისადმი პროტესტის ნიშნად ხის ჯვრები ჰქონდათ აღმართული.
ლიტურგია კონსტანტინოპოლის პატრიარქის ადგილის მეთვალყურემ არქიეპისკოპოსმა არამ ატეშიანმა ჩაატარა, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა: ,,ეს ეკლესია ხელოვნების უდიდესი შედევრი და კულტურის ძეგლია და ის მთელ კაცობრიობას ეკუთვნის. ამიტომ ჩვენ ეკლესიის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის თურქეთის მთავრობას მადლობას ვუხდით’’, - თქვა ატეშიანმა.
ვანის გუბერნატორის დაპირებით, ჯვარი ეკლესიის გუმბათზე თვენახევრის შემდეგ აღიმართება, თუმცა, თუ ჯვრის აღმართვისთვის საკმარის საფუძველად მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეკლამირებული ღონისძიება ვერ იქცა, ძნელი წარმოსადგენია, რა მიზეზი შეიძლება მოინახოს ამისთვის თვენახევრის შემდეგ.
აგუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი