ბოლო რამდენიმე წელიწადია, საკმაოდ იმატა კანის კიბოთი დასნებოვნებამ. ექიმი-დერმატოლოგების უმრავლესობა კი ამას, სავარაუდოდ, ზაფხულის მწველ მზეში დიდხანს ყოფნასა და სოლარიუმში მიღებულ ნარუჯს უკავშირებს. რომელი დაავადებებისთვის არის უკუნაჩვენები გარუჯვა და რა დაავადებებს იწვევს ზღვა და მზის სხივები, ამის შესახებ `სამხრეთის კარიბჭე” ექიმ-დერმატოლოგს თამილა უძილაურს ესაუბრა.
_კანის რომელი დაავადებების რისკი მატულობს ზაფხულში?
პირველ რიგში, მზეზე დიდხანს ყოფნა და გარუჯვა ძალიან ცუდად მოქმედებს სიმსივნურ წარმონაქმნებზე. მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით კანზე აქტიურდება ახალწარმონაქმნები. კანზე არსებული პიგმენტური წარმონაქმნები მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ მზის სხივებს.
არასწორი ნამზეურის შედეგია კანის ნაადრევი გამოშრობაც, ნაოჭები, ალერგიული რეაქციები, რომლებიც კანზე სხვადასხვა სახისა და ხარისხის გამონაყარს იწვევს; ჩნდება ფსორიაზი, ეგზემა, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი და ფოტოდერმატოზი, ასევე სისტემური დაავადებები.
ფოტოდერმატოზი - კანის დაავადებათა კრებითი აღნიშვნა, რომლებიც განპირობებული არიან კანის მგრძნობელობის მომატებით მზის გამოსხივებისადმი.
_ რა სიმპტომებით ხასიათდება ეს დაავადება და როგორ მოვიქცეთ ფოტოდერმატოზის (მზის ალერგიის) გამოვლენის შემთხვევაში?
დაავადების გამწვავების პირველი ნიშნები მზეზე გასვლიდან რამდენიმე წუთში იჩენს თავს_ვითარდება მზისმიერი ეგზემა: კანის ქავილი, წვრილი გამონაყარი, კანისა და ლორწოვანის შეშუპება. მსუბუქი ფორმისას უმჯობესია დროებით თავი აარიდოთ მცხუნვარე მზეს.
_რაც შეეხება სოკოვან პათოლოგიებს, რამდენად არის ამ დაავადების რისკი ზღვაზე?
რა თქმა უნდა, ზღვაზე სოკოვანი დაავადებების რისკი იზრდება, ძირითადად ეს შეიძლება იყოს ტერფის მიკოზი, თუმცა ამ დაავადების რისკი მარტო ზღვაზე არ მატულობს.
ასევე შესაძლებელია სოკოვანი დაავადებები ზღვიდან კი არ ჩამოიტანო, არამედ ზღვაზე წაიღო. უბრალოდ, დაზიანებული უბნები არ ირუჯება, ბაცი ფერის რჩება და მანამდე შეუმჩნეველია.
სოკო ადვილად მრავლდება ტენიან გარემოში, ამიტომ ტანის კარგად გამშრალება აუცილებელია. ამ პრობლემამ შესაძლოა აუზში ან სახლში ბანაობის შემდეგაც იჩინოს თავი. ამიტომ კარგად უნდა გავიმშრალოთ ყველა ნაკეცი.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი