ახალციხეში წყლის საფასურის გადახდა მრიცხველის მონაცემების მიხედვით დაიწყო.
წყალზე ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2009 წლის ივლისიდან ხორციელდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,ასტორიამ'' შეასრულა. ოჯახებში ინდივიდუალური, ორგანიზაცია-დაწესებულებებში კი კომუნალური მრიცხველები დამონტაჟდა. წყლის გადასახადის გადახდა, მრიცხველის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მრიცხველები მაშინვე არ ჩართულა.
`საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის'' სამცხე-ჯავახეთის ფილიალში ამბობენ, რომ საჭირო გახდა მრიცხველების სერტიფიცირება. თუ რატომ, ამის მიზეზს ვერ ასახელებენ, რადგან აღნიშნული კომპანია მიმდინარე წლის 14 იანვრიდან ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, მრიცხველების დამონტაჟებაში მონაწილეობა არ მიუღია.
`ფაქტობრივად, ხდება მრიცხველების გადაყენება. მონტაჟდება სერტიფიცირებული მრიცხველები, ხოლო არასერტიფიცირებული, ანუ ძველი მრიცხველები მიაქვთ სტენდზე შესამოწმებლად”, - განმარტავს `საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის~ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი გია ბაგინაშვილი და დასძენს, რომ სტანდარტების შესაბამისად მრიცხველების სერტიფიცირებაც შპს ,,ასტორიას'' ევალება.
ამ ეტაპზე მხოლოდ იურიდიულ პირების მრიცხველები ილუქება: ,,აქცენტი იურიდიულ პირებზე გვაქვს აღებული. თუმცა, პარალელურად არ ჩერდება მუშაობა ფიზიკური პირების გამრიცხველიანების მოწესრიგებაზე”, - ამბობს ფილიალის მენეჯერი.
მას შემდეგ, რაც მრიცხველი დაილუქება, წყლის საფასურის გადახდა წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით მოხდება. ბაგინაშვილის განმარტებით, ახალი ტარიფით იურიდიულ პირებს ერთ ტონა წყალზე 60 თეთრის, ხოლო ფიზიკურ პირებს ერთ სულ მოსახლეზე 1,20 ლარის გადახდა მოუწევთ (იმის გამო, რომ აქამდე წყალზე მრიცხველები არ იყო დამონტაჟებული, მოსახლეობა გადასახადს მოხმარებული წყლის საფუძველზე ვერ იხდიდა). თუმცა, შესაძლოა აღნიშნული ტარიფი უახლოეს მომავალში ისევ შეიცვალოს.
მრიცხველის დალუქვამდე წყლის საფასურის გადახდა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზეც ფიქსირებული ტარიფით ხდება.
,,ინკასატორი ყოველთვიურად მოდის და თანხას მას ვაძლევთ. ძირითადად ხუთ ლარს ვიხდით, რადგან ოჯახში ოთხი სული ვართ. მაგრამ თუ მაშინვე არ მაქვს, მეორე თვეში გადამაქვს”, - ამბობს იაძის ქუჩაზე მცხოვრები ნონა მანჩხაშვილი. მის ოჯახში მრიცხველი ჯერ არ დაულუქავთ და ფიქრობს, რომ ახალ ტარიფზე გადასვლის შემდეგ უფრო მეტის გადახდა მოუწევს.
მრიცხველის მონაცემების მიხედვით, წყლის საფასურის გადახდა, როგორც ბანკში, ასევე ინკასატორებთან არის შესაძლებელი. ფილიალის ინკასატორი, როგორც ფიზიკურ პირებთან, ასევე დაწესებულებებში ანუ იურიდიულ პირებთან, ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტს (ჩგდ) წარადგენს, რის საფუძველზეც ხდება თანხის გადახდა.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი