19 სექტემბერს თურქეთში, კუნძულ ახტამარზე მდებარე სურბ ხაჩის ეკლესიაში ლიტურგია გაიმართება.
მთელი სომხური სასულიერო სამყარო, სომხური დიასპორა და მთლიანად სომხები ორ ნაწილად გაიყვნენ: ერთი მიიჩნევს, რომ თურქეთში მდებარე სურბ ხაჩის ეკლესიის ოფიციალურ გახსნაზე დასწრება ხალხს სულიერ სიმშვიდეს მოუტანს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს მხოლოდ პოლიტიკური შოუა.
თითქმის საუკუნეა, რაც კუნძულ ახტამარზე მდებარე სურბ ხაჩის ეკლესია, როგორც სომხური სასულიერო სახლი, დაკარგულია. სომხური არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი არქიტექტორმა მანველმა 915-921 წლებში, ვასპურაკანის სამეფოს ზეობის ხანაში ააშენა. თურქეთის მთავრობამ კუნძულ ახტამარზე მდებარე სურბ ხაჩის ეკლესიის რესტავრაცია 2005 წლის მაისში დაიწყო. აღდგენითი სამუშაოები 2006 წლის ოქტომბერში დასრულდა და 2007 წლის მარტში ეკლესიის კარი კვლავ გაიღო, თუმცა, მის გუმბათზე ჯვარი არ აღმართულა. ეკლესია მუზეუმის როლს ასრულებს. შენობის რესტავრაციისთვის თურქეთის მთავრობამ 1.7 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. აღდგენითი სამუშაოები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ვანის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შეასრულა.
თითქმის მთელი საუკუნის შემდეგ, სომხებს სურბ ხაჩის ეკლესიაში ლიტურგიაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ. თურქულ და სომხურ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ეკლესიის გუმბათზე ერთი დღით – 19 სექტემბერს ჯვარიც აღიმართება. სურბ ხაჩის ეკლესია ერთი დღით კვლავ ტაძრის ფუნქციას შეასრულებს, სხვა დროს კი მხოლოდ მუზეუმია, რომელსაც ასობით ათასი ტურისტი, ძირითადად სომხური დიასპორის წარმომადგენლები სტუმრობენ.
მთელ მსოფლიოში მცხოვრები ექვსი ათასზე მეტი სომეხისთვის მათი ეკლესიის დაბრუნება, თუნდაც ერთი დღით, ბევრს ნიშნავს. სწორედ ამ რაოდენობით სომხებმა გამოთქვეს 19 სექტემბერს კუნძულზე ჩასვლისა და ეკლესიის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობის მიღების სურვილი. თუმცა სურბ ხაჩის ეკლესია ერთდროულად ამდენ ადამიანს ვერ დაიტევს.
მართალია, ამ ღონისძიების მოწინააღმდეგეთა რიცხვი უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ის საკმაოდ მაღალი იქნება.
სათვისტომო კავშირის `ვან-ვასპურაკანის~ თავმჯდომარე რაზმიკ ოვნანიანი დარწმუნებულია, რომ სომხებმა ამ ღონისძიებას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, რადგან ,,თურქეთი მორიგ პოლიტიკურ, პროპაგანდისტულ პროვოკაციას ახორციელებს და ამით მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ყველაფერს აკეთებს. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ სომხები იმ კუნძულზე ჩავიდნენ, მაგრამ არა ამ დღეს, არა 19 სექტემბერს’’, - განაცხადა ოვნანიანმა სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს რელიგიის, დიასპორისა და საერთაშორისო ინტეგრაციის კომისიის ისტორიული და ეროვნული ფასეულობებისა და ძეგლების შენარჩუნებისა და გამოყენების ქვეკომისიის სხდომაზე.
სომეხი დრამატურგი კარინე ხოდიკიანი, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდანაა (მისი წინაპრები ერზრუმიდან გადაასახლეს) კუნძულ ახტამარზე წასვლას არ აპირებს. იგი დაგეგმილ ღონისძიებას ,,შეცდომათა კომედიას’’ უწოდებს.
სომხეთის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რუბენ ბაბაიანი კი ამ ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავს, რადგან მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა თამაშს თამაშობს, მას ეკლესიაში ლოცვა სურს.
სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს რელიგიის, დიასპორისა და საერთაშორისო ინტეგრაციის კომისიის ხელმძღვანელი რუბენ საფრასტიანი მიიჩნევს, რომ ღონისძიება სომხურ-თურქული ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობის ჩაშლის შედეგია.
,,თურქეთი სომხურ-თურქული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოგვარების პროცესის ჩაშლის პარალელურად ცდილობს მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ ამ ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ისწრაფვის. ეს ღონისძიებაც მათ, სავარაუდოდ, იგივე მიზეზით წამოიწყეს. გენოციდის არაღიარებისა და განუსჯელობის ფონზე თურქეთი ამ შოუს აწყობს და ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ის შეიცვალა’’, - ამბობს საფრასტიანი, რომელიც ,,როგორც ვანელის შვილიშვილი’’ ეკლესიის გახსნაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
მთელ მსოფლიოში გაფანტული სომხური დიასპორის წარმომადგენლები ამ მოვლენას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ.
ამჟამად, საფრანგეთში მცხოვრები კარინე როსტომიანი, რომელიც წარმოშობით დასავლეთ სომხეთიდანაა, მიიჩნევს, რომ იქ წასვლა საჭიროა.
,,რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ღონისძიებაზე დასწრება დაგვამცირებს?! სიტუაციას ასეთი რაკურსით შევხედოთ, რომ სომხურ წმინდა ტაძარში ლიტურგია, თუნდაც თურქეთის ,,ნებართვით’’, მთლიანად სომხებისთვის კეთილის მომტანი იქნება. ეკლესიის გახსნაზე სომხები არა სომხური სიწმინდის დასათვალიერებლად, არამედ წმინდა ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავლენ, რაც საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა’’, - ამბობს კარინე როსტომიანი.
დასავლეთ სომხეთის კიდევ ერთი შთამომავალი, ჯავახეთში დაბადებული რუზან მიქაელიანი კი ლიტურგიაზე წასვლას არ აპირებს.
,,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ საღმრთო ლიტურგია გაიმართება. ეს, სულ მცირე, ოფიციალურ განცხადებას ნიშნავს, რომ ეკლესია სომხურია. როგორ გაშუქდება საკითხის ხედვა და როგორ მივა ეს ყველაფერი უბრალო ადამიანებამდე, სომეხთა და თურქთა `აქტიურობაზეა~ დამოკიდებული. მე ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებ, არა იმიტომ, რომ საშუალება არ გამაჩნია, არამედ იმის გამო, რომ საკუთარ სამშობლოში სტუმრად თავის გრძნობა არ მინდა’’, - ამბობს რუზან მიქაელიანი, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.
ასევე ორად გაიყო სომხური სასულიერო სახლებიც.
კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსატი (Католикосат Великого Дома Киликийского) ლიტურგიაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსატის პრეს-კანცელარიის გავრცელებულ ცნობაში ვკითხულობთ:
,,გამოვდივართ რა თურქეთის მხრიდან სომეხთა გენოციდის უარყოფის თანმიმდევრული პოლიტიკისა და სომეხი ხალხის შიგნით არეულობის დათესვის სურვილის, ასევე თურქეთის მცდელობების წინააღმდეგ, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარსდგეს, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი, კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსატი კუნძულ ახტამარზე სურბ ხაჩის ეკლესიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობაზე უარს აცხადებს’’.
კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსატმა ასევე დაადასტურა თურქეთისადმი მოთხოვნა სომეხთა გენოციდის აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ამ დროს კი პირველსამკვიდრო წმინდა ეჩმიაძინმა სურბ ხაჩის ეკლესიაში გამართულ ლიტურგიაზე წარმომადგენლების გაგზავნა გადაწყვიტა. ეპისკოპოსი მარკოს ოვანნისიანი და არქიმანდრიტი კომიტას ოვნანიანი ლიტურგიაში მონაწილეობას მიიღებენ.
პირველსამკვიდრო წმინდა ეჩმიაძინის პრეს-კონფერენციაზე მღვდელმა ვაგრამ მელიქიანმა ასევე განაცხადა, რომ ლიტურგიას (სხვათა შორის, პირველს 1915 წლის შემდეგ) კონსტანტინოპოლის პატრიარქის ადგილის მეთვალყურე არქიეპისკოპოსი არამ ატეშიანი ჩაატარებს.
მამა ვაგრამმა თურქეთის ხელისუფლების ამ ნაბიჯს `გონივრული და საქები~ უწოდა და დაამატა, რომ წმინდა ეჩმიაძინი მას `ერთიან ნაბიჯად~ არ აღიარებს.
,,პირველსამკვიდრო წმინდა ეჩმიაძინი სავსეა იმედებით, რომ ამ გადაწყვეტილებას დროთა განმავლობაში გადახედავენ და ეკლესია სომხურ თემს დაუბრუნდება, რომელიც ტაძარს სრულფასოვნად და პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენებს, რითიც სურბ ხაჩის ეკლესია, ისევე, როგორც სომეხთა გენოციდამდე, ჩვენი ხალხის სამსახურში ჩადგება და მის სულიერ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს’’, - თქვა მან.
ლიტურგიას ალბათ სომხეთის ოფიციალური ხელისუფლებაც არ დაესწრება. როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ანკარიდან ოფიციალური მოწვევა არ მიუღიათ.
თურქეთი დიდი ღონისძიებისთვის ემზადება და 19 სექტემბერს ათასობით მორწმუნე სომეხს მიიღებს. ცოტა ხნის წინ კი, შუა აგვისტოში, პატარა სომეხმა მორწმუნეებმა სურბ ხაჩის ეკლესიაში ლოცვა და სანთლების ანთება ვერ შეძლეს. სურბ ხაჩის ეკლესიას საბავშვო სატელევიზიო ინტელექტუალური თამაშის ,სომეხი გმირების’ საუკეთესო მონაწილეები ეწვივნენ.
,,როდესაც სურბ ხაჩში ვიყავით, სანთლები წავიღეთ, რათა ეკლესიაში დაგვენთო, მაგრამ თურქმა პოლიციელმა აგვიკრძალა და გვითხრა, რომ ეს მუზეუმია და კედლები ჭვარტლით გაისვრებოდა. მაშინ ბავშვებს ვუთხარი, რომ ანთებული სანთლებით ეკლესიის ცენტრში დამდგარიყვნენ, იქ ელოცათ და ემღერათ. ჩვენ ლოცვა დავიწყეთ, მაგრამ ამ დროს პოლიციელი მოვიდა და ყვირილი დაგვიწყო, რომ გავჩუმებულიყავით და ეკლესიიდან გავსულიყავით. მთელი ჯგუფი ტიროდა, ეს ძალიან საწყენი იყო. ასეთი შეურაცხყოფა არასდროს გამომიცდია’’, - თქვა პროგრამა ,,სომეხი გმირების’ წამყვანმა კარინ ტონოიანმა.
ბოლოს და ბოლოს, სწორი იქნება თუ არა 95 წლით გვიან ნებადართულ ლიტურგიაზე დასწრება? მოუტანს ეს სულიერ სიმშვიდეს სომეხ ხალხს? აღმოჩნდება თუ არა თურქეთი მომგებიან პოლიტიკურ მდგომარეობაში? ამ ყველაფერს მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი