სოფლის ექიმები გადასამზადებელ პროგრამაში ვერ ერთვებიან. 2011 წლიდან შესაძლოა არა ერთი სოფელი ექიმის გარეშე დარჩეს.
სოფლის ექიმებს, რომლებიც სპეციალურ გადასამზადებელ პროგრამას ვერ გაივლიან, 2011 წლიდან ხელშეკრულებებს აღარ გაუგრძელებენ. ე.წ. ოჯახის ექიმის მოსამზადებელი პროგრამა ექვსთვიანია და მსურველებს მათი გავლა მხოლოდ დედაქალაქში შეუძლიათ.
სამცხე-ჯავახეთისსოფლებში 202 ექიმი და ექთანია რეგისტრირებული. მათ შორის ახალციხის მუნიციპალიტეტს 16 ექიმი და 28 ექთანი ემსახურება, ადიგენს - 11 ექიმი და 17 ექთანი, ასპინძას - 7 ექიმი და 14 ექთანი, ახალქალაქს - 10 ექიმი და 28 ექთანი, ბორჯომს -16 ექიმი და 22 ექთანი, ნინოწმინდას - 15 ექიმი და 18 ექთანი.
75 ექიმიდან გადასამზადებელ პროგრამაში ჩართული 12-ია, 127 ექთნიდან - 9. რუსულენოვანი ექიმებისთვის პროგრამა 7 ივნისს, ქართულენოვანებისთვის კი 21 ივნისს დაიწყო.
`მსოფლიო ბანკმა შეზღუდული რაოდენობით გამოყო გრანტი. ვინც პროგრამაში ახლა ვერ მოხვდა, შემდეგში მათთვის გადასახდელი 1500 ლარი იქნება~, - გვიხსნის აწყურის ამბულატორიის ექიმი ლია ზედგინიძე.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ეტაპი უფასო იყო, ასპინძის მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში ჩართვის სურვილი არცერთმა ექიმმა არ გამოთქვა.
,,ავადმყოფი ძმა და მოხუცი მამა მყავს. ექვსი თვე სახლიდან რომ წავიდე, ოჯახი ვის დავუტოვო?’’ - კითხულობს ხიზაბავრის ამბულატორიის ექიმი ქეთევან ველიჯანაშვილი. იგი გარდა იმისა, რომ ოთხ სოფელს ემსახურება, კიდევ ორ ადგილზე მუშაობს, ასპინძის საავადყოფოში ნეონატოლოგია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში – ექიმი. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი სასწავლებლად თბილისში წავიდოდა, მაშინ ექვსი თვის განმავლობაში მას თავის ადგილზე შემცვლელი უნდა დაეტოვებინა – ,,შემცვლელად ვერავის დავტოვებდი, მაშინ გამოდის რომ ორივე სამსახური უნდა დამეკარგა. გარდა ამისა, იქ ყოველდღიურ თანხას 12 ლარს გაძლევენ. ეს ჭამაში, გზაში თუ ღამის გათევაში უნდა ვიმყოფინო?!’’
შპს ასპინძის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი მანანა ცინაძე აცხადებს, რომ მომავალი წლიდან ასპინძის 24 სოფელი ექმის გარეშე დარჩება: ,,ისედაც გაუამრთავი საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის ფონზე, ეს მოსახლეობის ჯანმრთელობას კიდევ უფრო დიდი საფთხეს შეუქმნის”.
შედარებით უკეთესი მდგოამრეობაა ახალციხის მუნიციპალიტეტში. ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის დირექტორის თინათინ აბულაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში სამი ექიმია ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი ლია ზედგინიძეა: ,,კურსებს თბილისში, საოჯახო მედიცინის სხვადასხვა ცენტრებში გვდივართ. პერიოდულად გამოცდებს ვაბარებთ. ბოლოს სალიცენზიო გამოცდა გვექნება”.
ლია ზედგინიძეს მეცადინეობები შაბათ-კვირას აქვს, ამდენად უბნის დატოვება სულ არ უხდება. იგი სამ სოფელს აწყურს, თისელსა და ტყემლანას ემსახურება. ამბობს რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედით უბანს ორი ექიმი სჭირდება: ,,ჩემ უბანზე მიჭირს თავის გართმევა და კიდევ ერთი უბანი, რომ დამიმატონ მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება”.
მისი თქმით, სოფელს ექიმის გარეშე ძალიან გაუჭირდება: ,,ერთი და იგივე სიმპტომები უამრავი დაავადების ჩამონათვალში გვხვდება. ერთი შეიძლება არ იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო, მეორე კი პირიქით. ამდენად, თუ დროულად არ ამოიცანი დაავადება და არ დაიწყე სწორი მკურნალობა, მერე შესაძლოა გვიანიც იყოს”.
მინაძის ამბულატორიის ექიმი და ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის პედიატრი ნანული ბალახაშვილი ფიქრობს, რომ სოფლის ექიმის გარეშე დარჩენის პრობლემა ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში დადგება: ,,ჩვენი რეგიონი სამედიცინო სფეროში კადრების სიმცირეს ყოველთვის განიცდიდა’’.
ისევე როგორც უმრავლესობა, გადასამზადებელ კურსებზე ნანული ბალახაშვილიც სამსახურის დაკარგვის შიშით, ოჯახისა და ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ წავიდა.
,,ისედაც მწირი ხელფასი გვაქვს, ექვსი თვე იმასაც ვეღარ ავიღებდი და თბილისში როგორ მეცხოვრა”?-კითხულობს ბალახაშვილი და დასძენს, რომ მას არც ექვს თვეში ჩამოყალიბებული ოჯახის ექიმების პროფესიონალიზმის სჯერა – ,,1987 წლიდან პედიატრად ვმუშაობ, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ასე მცირე ხანში ყველაფრის ექიმად გაქციონ?’’
ადიგენის რაიონული პოლიკლინის დირექტორის ნათელა მერაბიშვილის თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან გადასამზადებლად მხოლოდ ერთი, უდის ამბულატორიის ექიმი წავიდა: ,,რაიონში თითო-თითო სპეცილაისტი ძლივს გვყავს, მათი შემცვლელების ნახვა ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველას რომ გამოეთქვა სურვილი და წასულიყო, სამინისტრო უარს არ იტყოდა, მაგრამ მოსახლეობას ამ ხნის განმავლობაში რა ეშველებოდა? თითო ექიმს ჩვენთან მინიმუმ ხუთი სოფელი მაინც აბარია’’.
მიუხედავად იმისა, რომ თითო ექიმი და ექთანი მინიმუმ სამ სოფელს ძლივს წვდება, მოსახლეობას მათი მაინც ეიმედება.
,,ექიმის გარეშე გაგვიჭირდება. სოფელში ხშირად გზის ფულიც კი არ აქვთ, რაიონში საავადმყოფომდე რომ წავიდნენ. ამის გამო შესაძლოა ავადმყოფს მდგომარეობა გაურთულდეს’’, - ამბობს ქვემო ენთელში მცხოვრები ნოდარ ბოლქვაძე.
რა პრივილეგიებით ისარგებლებენ კურსებგავლილი ექიმები, გაეზრდებათ თუ არა ხელფასები ან დადებული ხელშეკრულებების ხანგრძლივობა არავინ იცის. არც ის ი;ციან რა ბედი ეწევა იმ სოფლის ექიმებს, რომლებმაც 6-თვიანი კურისის გავლა ვერ შეძლეს. ერთი კი ნათელია, რეგიონში კადრების სიმცირის გამო ექიმების უმრავლესობა ერთდორულად სოფლის ამბულატორიებში, სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახურებში, პოლიკლინიკებსა და საავადმოყოფოებში ერთდროულად მუშაობენ. ისინი ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებ, ამიტომ, ამ ეტაპზე მრავალმა მათგანმა კითხვის ნიშნის ქვეშ არც სხვა სამუშაო ადგილების საკითხი დააყენა. ამდენად ექიმებს უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა პასუხი კითხვაზე, თუ რა ეშველება სოფლებს ექიმების გარეშე, ჯერ ისევ ღიად რჩება, მასზე მედიცინის მუშაკებს პასუხი ვერც შრომის, ჯანნმრთელობის და სოციალური დაცვის სამინსიტროში გასცეს.
თამუნა უჩიძე, ახალციხე, ასპინძა, ადიგენი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი