ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე ბორჯომში


 ხუთდღიანი ვიზიტით, საქართველოში ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე იმყოფებოდა. იგი სამი დღის განმავლობაში ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიას სტუმრობდა.

13 სექტემბერს, ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ყაზახეთის მიტროპოლიტმა ალექსანდრემ პარაკლისი რუსულ ენაზე გადაიხადა.


მიტროპოლიტ ალექსანდრეს ბორჯომელი მრევლი დიდი სიხარულით შეხვდა. ეკლესიამდე მისასვლელი გზა მწვანე ბუნებრივი ხალიჩით იყო მოფენილი. ამავე დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში მოღვაწე მამა გაბრიელსა და მამა ზოსიმეს დეკანოზის წოდება მიენიჭათ.

ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ აღნიშნა, რომ ყაზახეთში ოთხი მილიონი მართმადიდებელი ცხოვრობს, ამიტომაც ყაზახეთის მიტროპოლიტის ალექსანდრეს ჩამობრძანებას ბორჯომში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყაზახეთის მიტროპოლიტის ალექსანდრეს დაქვემდებარებაში შვიდი ეპისკოპოსია. დაახლოებული პირია რუსეთის კათალიკოს პატრიარქ კირილთან.

,,მიტროპოლიტი ალექსანდრე ჩვენი მოწვევით ჩამობრძანდა თბილისში. მოილოცა ბოდბე, სამების საკათედრო ტაძარი. შეხვდა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს, შემდგომ ჩამობრძანდა ბორჯომში მოილოცა ტიმოთესუბანი, მწვანე მონასტერი, ვარძია და იმყოფებოდა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,~- გვითხრა მეუფე სერაფიმემ და იქვე დასძინა, რომ ყაზახეთის მიტროპოლიტს ძალიან უყვარს საქართველო.
13 სექტემბერს მიტროპოლიტ ალექსანდრეს პატივსაცემად კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ქართული ხალხური სიმღერების და ცეკვების კონცერტი გაიმართა.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი

 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი