მგლები სოფელში
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანს მგლები შემოესია. მოსახლეობას უკვე გარეთ გასვლის ეშინია. მგლებმა ათეულობით სული პირუტყვი შეჭამა და დაგლიჯა.
სოფელი წახანი კურორტ აბასთუმანში მისასვლელი ცენტრალური გზიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს. სოფელს მარჯვენა მხრიდან სათიბები და ტყე აკრავს. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ სწორედ ამ მხრიდან ჩამოდიან მგლები.
,,ბავშვები შიშით გარეთ ვერ გაგვიშვია, პირუტყვი მგელმა დღისით შეჭამა, თან გაღმა კი არა, ან საძოვრებზე, მგელი სოფელში შემოვიდა. ვინმემ დროზე უნდა მოგვხედოს, თორემ ბავშვებს რომ მგელი დაესხას თავს, ვინ აგებს პასუხს?!” - ამბობს სონია ღვინიაშვილი.
სოფელ წახანში 80 კომლი ცხოვრობს. მოსახლეობა, ძირითადად, მესაქონლეობით ირჩენს თავს. თითქმის ყოველ მეორე ოჯახში მგელმა პირუტყვი დაგლიჯა.
შაქრო თავაძეს მგელმა ღორი და ორი ცხვარი შეუჭამა.
,,მოსაგები ღორი მგელმა ეზოში შემიჭამა. ცხვრები კი ცოტა ქვემოთ მყავდა, შემოღობილში და იქ დაგლიჯა. ტყავმაც კი არ ივარგა. დავრეკე პატრულში, ამოვალთო. ამოვიდნენ სამი დღის შემდეგ, მაგრამ რა? - ამბობს შაქრო თავაძე და ამატებს, - მოკვლა მინდა! მოკლავ და ჯარიმა 500 ლარიაო. ნაკრძალის წითელი მგელიაო და რა ვქნა, აღარ ვიცი”.
იმავეს ამბობს სონა ღვინიაშვილიც: ,,ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის წითელი მგელიაო, ამბობენ. ჩვენი ორი ხბო ერთ საათში შეჭამა, ორიც დაგლიჯა. არავისთვის არ მიგვიმართავს, ან ვის რა უნდა ვუთხრათ?”.
შაქრო თავაძე საკუთარ ვერსიაც გვთავაზობს, თუ საიდან მოხვდნენ წითელი მგლები ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში: ,,ტყეში ირმის დაავადება გავრცელდა. დაავადებული ირმის ხორცს კი ჭამს წითელი მგელი და არაფერი არ მოსდის. ამიტომაც ჩამოიყვანეს ეს ჯიში ნაკრძალში. წითელი მგელი კახეთშიცაა და იქაც ასეთი მდგომარეობაა, იქაც ჩადის სოფლებში.”
,,ჟორა მინაძეს ცხენი შეუჭამა”; ,,მერაბ მაცუკაძეს სამი ხბო შეუჭამა”; ,,რა ვიზარალეთ, ამას არავინ კითხულობს”, - ამბობენ ადგილობრივები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი განმარტავს, რომ მგლის თავდასხმის შემთხვევაში, მოსახლეობას იარაღის გამოყენების უფლება აქვს.
,,კანონით არის ნებადართული ასეთ ექსტრემალურ შემთხვევაში იარაღის გამოყენება”, - განაცხადა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
მისი თქმით, მოსახლეობას დასახმარელად და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ მიუმართავს: ,,ჩვენამდე არავინ არ მოსულა, თუმცა ზარალსაც ვერანაირად ვერ ავანაზღაურებთ”.
შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ის, რომ სოფელ წახანში ჩასული მგელი, შესაძლოა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკიდან გადმოსულიყო და არის თუ არა ნაკრძალში მართლაც წითელი მგელი? - ამის შესახებ კომენტარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის დირექტორს თომა დეკანოიძეს ვთხოვეთ.
,,წითელი მგელი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში არ არის, მაგრამ ტყე-პარკიდან სოფელ წახანში რომ მგელი ჩავიდა, ამის არც დადასტურება და არც უარყოფა არ შემიძლია”, - განაცხადა თომა დეკანოიძემ.
ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ნონა ხელაიას განმარტებით, წითელი მგელი არა თუ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, არამედ საქართველოს არცერთ კუთხეში არ გვხვდება.
,,ეს შეიძლება იყოს მოწითურო ფერის მგელი, ან გაველურებული ძაღლი”, - გვითხრა ნონა ხელაიამ.
ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, წითელი მგელი თუ გაველურებული ძაღლი შეუჭამს პირუტყვს. მათ ახლა ისღა დარჩენიათ, საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ ეზოში შემოჭრილ მხეცებს.
წითელი მგელი
მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 76-103 სმ, მასა 14-21 კგ. ქვედა ყბაზე მესამე ძირითადი კბილი არ აქვს. საერთო შეფერილობა ჟანგისფერ-წითელია, მუცელი კი უფრო ღია ფერისაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ინდოჩინურ მალაკის ნახევარკუნძულისა, კუნძულ სუმატრისა და იავის ჩათვლით. ყოფილ სსრკ-ში — შორეული აღმოსავლეთის მთებში, დასავლეთ საიანებზე, შუა აზიაში. ბინადრობს მთებში ალპურ ზონამდე. ყველგან საკმაოდ იშვიათია. აქტიურია უმთავრესად ღამით. ნადირობს ირემზე, ცხვარზე, თხასა და შველზე. მაკეობის ხანგრძლივობა 62-64 დღე გრძელდება. შობს 5-9 ლეკვს.
გულო კოხოძე, ადიგენი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი