სკოლა დაიწყო

15 სექტემბერს საქართველოს ყველა სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. 2010-2011 სასწავლო წელი დაიწყო. 

დილის 9 საათზე ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ 37 საჯარო სკოლაში, საქართველოს ჰიმნი ერთდროულად გაისმა. სწავლა მხოლოდ სოფელ ფერსის საჯარო სკოლაში არ დაწყებულა. სარემონტო სამუშაოების გამო აღნიშნულ სკოლაში ახალი სასწავლო წელი სავარაუდოდ ერთ კვირაში, 20 სექტემბერს დაიწყება.

ახალციხის საჯარო სკოლებიც ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდნენ. მეორე საჯარო სკოლას განათლების სამინისტრომ არაქართველი მოსწავლეებისთვის ისტორიის და გეოგრაფიის წიგნები გადასცა. წიგნები მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.


ამავე სკოლაში რუსული სექტორის მოსწავლეებისთვის ქართული ენის საათები გაიზარდა: `კვირაში სამი საათი ჰქონდათ, ახლა ხუთი საათი გაუხდათ,”- ამბობს ამავე სკოლის დირექტორი, მარინა ზედგინიძე. აღნიშნული სკოლა მიმდინარე წელს 47 მოსწავლემ დაამთავრა და პირველკლასელი კი 55 მიიღო. სკოლას შვიდი სოციალურად დაუცველი მოსწავლე ჰყავს, რომლებსაც წიგნები უკვე გადაეცათ.

პირველმა საჯარო სკოლამ 115 პირველკლასელი მიიღო, გაიხსნა ოთხი პარალელური კლასი. პირველკლასელები ახალ სასწავლო წელს ახალად გარემონტებულ კორპუსში დაიწყებენ, რომელიც `ალუმნაიას” პროექტით გაკეთდა. მაისის თვის მონაცემებით სკოლაში 53 სოციალურად დაუცველი ბავშვი სწავლობს.

მეექვსე საჯარო სკოლამ 21 პირველკლასელი მიიღო. სკოლის დირექტორის, ზაზა თამარაშვილის თქმით სკოლაში სიახლეები ეტაპობრივად დაინერგება.

მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში სკოლა სულ 624 ბავშვმა დაამთავრა, რაც შეეხება პირველკლასელების რაოდენობას, ამის შესახებ ახალციხის რესურსცენტრს ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

მანანა სარაშვილი, ახალციხე



No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი