სკოლების შეერთებით უკმაყოფილო პედაგოგები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბორჯომში სკოლების ოპტიმიზაცია განხორციელდა, რამაც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია.
ბორჯომის მეორე საჯარო სკოლა არსებობიდან შვიდ ათეულ წელს ითვლის. ის ბორჯომში ერთ-ერთ ელიტარულ სკოლად მოიაზრებოდა.
მეორე საჯარო სკოლის დაშლით უკმაყოფილოა სკოლის ყოფილი დირექტორი ნუგზარ წიქარიშვილი: ,,სკოლის დაშლამ მასწავლებლების უკმაყოფილება გამოიწვია, სკოლიდან არ ხდებოდა მოსწავლეების გადინება. მოსწავლეები და მათი მშობლებიც კმაყოფილები იყვნენ სწავლების დონით".


სკოლის ოპტიმიზაციის წინააღმდეგი გახლავთ მეორე საჯარო სკოლის უცხო ენების პედაგოგი ჩიტო შარაშენიძეც.

,,56 წელი ვმუშაობდი ამ სკოლაში, ის ჩემთვის მშობლიური სახლი იყო, მიმდინარე წელს სკოლადამთავრეულების უმრავლესობა ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. აქ მრავალი მედალოსანი და გამოჩენილი ადამიანი აღიზარდა,"- გვიხსნის ჩიტო შარაშენიძე და იქვე დასძენს, რომ ბოლო წლებში სკოლის მმართველობაში მრავალხელისუფლებიანობა გაჩნდა, რაც, მისი აზრით, არასწორია: ,,სამეურვეო საბჭო ზედმეტი რგოლია სკოლის ცხოვრებაში. ისმის კითხვა - რა მეურვეობას ეწევა სამეურვეო საბჭო სკოლებში?"

სხვა სკოლაში გადასვლა არც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სურთ.

,,ჩემს სკოლაში მერჩივნა, მაგრამ რა ვქნა?! თავიდან მეგონა, მესამე საჯარო სკოლის კლასებთან გავერთიანდებოდით, ამიტომ სხვა სკოლაში  გადასვლაც კი დავაპირე. ბოლოს გაირკვა, რომ კლასელები და მასწავლებლებიც იგივე იქნებიან, გამოდის მხოლოდ შენობა იცვლება," - ამბობს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე.

ბორჯომში მეორე საჯარო სკოლის დაშლას არაერთი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამბობდნენ, რომ ეს პოლიტიკური მოტივით მოხდა. მეორე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წევრი გედევან ფოფხაძე გახლდათ. იგი ამავე სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, საკუთარი სახსრებით, ყოველთვე ოცდათი ლარით ეხმარებოდა.
პოლიტიკურ მოტივით სკოლის დაშლას კატეგორიულად უარყოფს და აბსურდულს უწოდებს ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია შავიშვილი.
,,ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ მესამე საჯარო სკოლა დაუტვირთავი სკოლაა, ის 720 ბავშვზეა გათვლილი და 500 მოსწავლე სწავლობდა. მეორე საჯარო სკოლიდან 400 მოსწავლე გადავა, მაგრამ სკოლის ფართობი იძლევა ამის საშუალებას," - გვიხსნის შავიშვილი და იქვე ამატებს, რომ  მეორე და მესამე საჯარო სკოლები დეფიციტური სკოლებია და ტერიტორიულადაც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს: ,,ორივე სკოლას რომ სრული დატვირთვა ჰქონოდათ, ოპტიმიზაცია არ მოხდებოდა''.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ირწმუნება, რომ ოპტიმიზაციის შედეგად არცერთი პედაგოგი არ დაზარალდება, მხოლოდ ორივე სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირებაა მოსალოდნელი.
,,შემცირდებიან მხოლოდ არაკვალიფიცირებული პედაგოგები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, იმ მოთხოვნების შესაბამისად რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმა და განათლების სამინისტრო უყენებს მასწავლებლებს",- განმარტავს მაია შავიშვილი და იქვე ამატებს, რომ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები არ გაერთიანდებიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების კლასებთან და მათ მეორე სკოლის მასწავლებლები ჩაუტარებენ გაკვეთილებს.
ნატა კოპაძე, ბორჯომი 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი