ფრთხილად – ასპინძაში თურქულია

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაავადება თურქულია გავრცელებული. თითქმის ყოველ მეორე ოჯახში საქონელი, ცხვარი ან ღორია დაავადებული, ვაქცინა კი არ კეთდება.
თვეზე მეტია რაც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში თურქული გავრცელდა.
პროფილაქტიკური ვაქცინაცია ასპინძის მხოლოდ საზღვრისპირა სოფლებში ჩატარდა, დანარჩენი მოსახლეობა კი თურქულს შიშველი ხელებით ებრძვის.
ამავე სოფელში მცხოვრებმა ნორა ბუცხრიკიძემ დილით საბალახოდ ჯანმრთელი საქონელი გაუშვა, საღამოს კი შინ დაავადებული პირუტყვი დაუბრუნდა: `დორბლი სდიოდათ პირიდან, ჩლიქებიც სტკიოდათ და ვერ დადიოდნენ. ვერც ჭამდნენ. მერე ხბოებსაც გადაედოთ. სულ ხუთი სული დამიავადდა.


დაავადებულ საქონელს ბუცხრიკიძეები სახლში დამზადებული წამლებით მკურნალობდნენ:  ,,ძმარი, სოდა და მარილი ერთმანეთში ავურიეთ და ენაზე ვუსვამდით. საქონელი გამოვაკეთეთ, მაგრამ ახლა ღორებს შეხვდათ”.
41 წლის ქეთევან გიგაშვილს ხუთი სული საქონელი ჰყავს და ხუთივე ერთდროულად დაავადდა: ,,პერეკისს ვუსვამდი. პირში თაფლს ვავლებდი და შაქარწყალს ვასმევდი. 22 დღე თითქმის ბოსლიდან არ გამოვსულვარ”.
ასპინძის მუნიციპალიტეტში, ისე როგორც რეგიონის თითქმის ყველა სოფელში, მოსახლეობა მიწათმოქედებითა და მესაქონლეობით ირჩენს თავს. მცირემოსავლიანი წლის გამო, გლეხების ერთადერთ იმედად მსხვილფეხა პირუტყვი რჩება. სოფელში გავრცელებულმა დაავადებამ კი განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახებზე მოახდინა გავლენა.
გიგაშვილები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ სოციალურად დაუცველ მონაცემთა სიაში არიან დარეგისტრირებულნი: ,,საქონელს შევყურებთ მთელი ოჯახი, თუ ყველი არ გავყიდეთ სხვა შემოსავალი არაფერი გაგვაჩნია. თუ არ ვუწამლებდი დამეხოცებოდნენ და ხორცსაც ვერ გამოვიყენებდი, 24 დღე რძესაც ვაქცევდი”.
თურქული დათაშვილების ცხვრებსაც მოედო.
სახლის დიასახლისი შორენა დათაშვილი გვისხნის რომ: ,,ცხვრები ფეხზეც ვერ დგებიან და ვერც საბალახოდ ვუშვებთ, ძროხაც დავარდა რამდენიმე დღეა”.
რწმუნებულის აპარატში ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ივანე გელაშვილი აცხადებს, რომ დაავადებამ უკვე გადიარა: `მუნიციპალიტეტების გამგეობებში ამბობენ, რომ საშიში აღარაფერია~.
ის, რომ სახელმწიფო საქმის კურსშია და საგანგაშო არაფერია, სატელეფონო საუბარში ,,სამხრეთის კარიბჭეს” სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ასპინძის რაიონული სამმართველოს უფროსმა თამილა წიკლაურმაც დაუდასტურა.
სოფელ ოშორის მსგავსად, თურქულით სოფელ იდუმალაშიც ყოველდღე უფრო და უფრო მეტი პირუტყვი ავადდება.
,,თურქული მთელ სოფელში მოდებულია, ჯერ გაღმა გაჩნდა და ახლა აქეთაც გადმოდის”, - ამბობს იდუმალაში მცხოვრები 80 წლის ბესარიონ ჭიკაიძე.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება თითქმის ორი თვეა სოფლებს მოედო, ამ დრომდე არც ოშორაში და არც იდუმალაში გლეხების მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.
,,ადრე სოფელში ვეტ-პუნქტი არსებობდა, აცრებიც ტარდებოდა პერიოდულად. ახლა უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ” - აცხადებს ნორა ბუცხრიკიძე.
სიდონია ციხელაშვილმა ვაქცინის თხოვნით ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც მიმართა: `ტყუილად ითხოვთ, ვაქცინა არ არის და ყიდვითაც ვერ იყიდითო, მითხრეს. არადა, რაც არ უნდა ღირდეს ვიყიდი. ერთი ძროხა მყავს და ისიც თუ მომიკვდა, ბავშვები რძის გარეშე დამრჩება”.
სოფლებში გლეხების ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმებასთან ერთად, მათი დაავადების საფრთხეც იზრდება. თუმცა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ დავადებულ ცხოველებთან, მოსახლეობისთვის რეკომენდაცია არავის მიუცია.
,,პირუტყვს პირიდან წებოვანი სითხე უწყვეტად მოსდის, ღია წყლულები აქვთ ჩლიქებზეც. ამდენად გარშემო ყველაფერი დაბინძურებულია, სადგომი, ხელსაწყოები, ნარჩენი საკვები. იმისათვის, რომ დაავადება არ გავრცელდეს და ეს ადგილი კერად არ დარჩეს აუცლებელია გარემოს დეზინფექცია~, - გვიხსნის სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი ლეილა ნებაძე.
დაავადების ცხოველიდან ადამიანზე გადადების ალბათობა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში იზრდება, თუ ხელზე კანის საფარველი დაზიანებულია.
,,ამიტომ ცხოველებს ხელთათმანებით უნდა მოუარონ”, - ამბობს ლალი კირთაძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგის ლალი კირთაძის განმარტებით, ადუღებული რძიდან და მოხარშული ხორციდან დაავადება ადამიანზე არ გადადის: ,,ტუტე არეშიც სწრაფად კვდება ბაქტერია. ასეთი დაავადების შემთხვევაში ყველი სამი თვის განმავლობაში მარილ-წყალში უნდა ინახებოდეს და მერე შეიძლება საკვებად მიღება”.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვერიკო გულუას განცხადებით, იმისთვის, რომ დაავადება არ გავრცელდეს, ბუფერულ ზონებში, საზღვრისპირა რაიონებში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ცხოველთა სავალდებულო ვაქციანცია უკვე ჩატარდა: ,,არსებობდა ეჭვი თურქულის ერთეული შემთხვევების გავრცელების შესახებ, ამიტომ პროფილაქტიკური ვაქცინანცია ჩატარდა. გაზაფხულზე სამცხე-ჯავახეთში 104 ათასი სული შინაური ცხოველი აიცრა.
საზღვრისპირა ტერიტორიებს უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები განსაზღვრავენ, შორეთი და იდუმალა მათ რიცხვში არ აღმოჩნდა”.

რაც შეეხება ბაზრის კონტროლს, გულუას განმარტებით, სახელმწიფო ვეტერინარები გასცემენ ცხოველთა ჯანმრთელობის დამადასტურებელ დოკუმენტს – ფორმა #2, რაც ნიშნავს იმას, რომ საქონელი დაკვლამდე ჯანმრთელი იყო და შინაგანი ორგანოების გარეგნული დათვალიერებით დაავადების ნიშნები არ აღმოჩენილა: ,,თავის მხრივ, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია მოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტი, რომლის წარდგენის გარეშე ბაზარში ხორცის მიღება და გაყიდვა აკრძალულია”.

,,ბაზარში კი, სადაც ცხოველები ცოცხალი წონით იყიდება მათ უვნებლობას სერთიფიცირებული ვეტერინარები ამოწმებენ’’, - გვითხრა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ახალციხის რაიონული სასამართლოს უფროსმა ლია ბექაურმა.

დაავადება ისეთი სისწრაფით ვრცელდება სოფლებში, რომ შესაძლოა მალე ვეტერინარებს ბაზარში შესამოწმებელი აღარაფერი ჰქონდეთ. მანამდე კი სახელმწიფოსგან უყურადღებოდ, საკუთარი თავის ამარად დარჩენილი გლეხები ღორებს, ცხვრებსა და საქონელს თავად უვლიან.
თამუნა უჩიძე, ასპინძა

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი