მაჰმუდ გოჰაროვი აზებაიჯანში, |
აზერბაიჯანიდან საქართველოში დაბრუნების ორი უშედეგო მცდელობა; ახალციხეში მცხოვრები მაჰმუდ გოჰაროვი, რომელიც აზერბაიჯანში სამკურნალოდ წავიდა, ოჯახთან ვეღარ ბრუნდება.
ახალციხეში, ეგრეთ წოდებულ, საბარგო სადგურზე, ჭონქაძის 18 ნომერში მცხოვრები გოჰაროვები განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან. ნაცრისფერი რკინის კარი მუდმივად ღიაა და მეზობლები ჩაის დასალევად მათთან ხშირად იკრიბებიან. გოჰაროვებისთვის არც უცხო სტუმარია იშვიათობა, დეპორტირებულ მესხებს, რომლებიც საქართველოში 2009 წელს დაბრუნდნენ, ჟურნალისტებიც ხშირად სტუმრობენ. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა ოჯახის უფროსი, იუნუს გოჰაროვი მათთან შეხვედრას თავს არიდებს. ეს მას შემდეგ, რაც მამა, მაჰმუდ გოჰაროვი საქართველოში ვეღარ ბრუნდება.
“მეუღლეს უკვე აღარ უნდა ამ თემაზე ლაპარაკი, სცხვენია. ხომ ხედავთ, თქვენც აღარ დაგელაპარაკათ”, - გვეუბნება ფავზია გოჰაროვა.
73 წლის მაჰმუდ გოჰაროვი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 26 თებერვალს, ექიმთან, კონსულტაციისთვის წავიდა. წლების წინ, ვიდრე გოჰაროვები საქართველოში დაბრუნდებოდნენ, მაჰმუდ გოჰაროვმა აზერბაიჯანში თვალის ოპერაცია გაიკეთა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ყოველ ექვს თვეში ერთხელ მას ექიმთან ვიზიტი აქვს დანიშნული. საქართველოში 17 მარტს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. ორი დღე საბაჟოზე გაატარა და შემდეგ უკან, აზერბაიჯანში დაბრუნდა. მარტიდან დღემდე მაჰმუდ გოჰაროვმა სამჯერ სცადა დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ.
“საბაჟოზე უარის მიზეზს არ უხსნიან. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე?! მოხუცია, არც შეუძლია ფიზიკურად, ფულსაც ტყუილად ხარჯავს, მიდის საბაჟოზე და უკან აბრუნებენ. ხომ უნდა ვიცოდეთ რა არის უარის მიზეზი”, - ამბობს ფავზია.
გოჰაროვების წინაპრები, რომელთა ისტორიული გვარი თურმანიძეა, იმ 80 ათას მაჰმადიან მესხს შორის იყვნენ, რომლებიც 1944 წლის 14-15 ნოემბერს სამხრეთ საქართველოდან სატვირთო ვაგონებით გაასახლეს. ეს იყო მკაცრად გასაიდუმლოებული, გრანდიოზული სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ოქტომბრის ¹6279 დადგენილებით, “საქართველოში სახელმწიფო საზღვრის დაცვის პირობების გაუმჯობესების მიზნით” სამხრეთ საქართველოდან “არასაიმედო ხალხის გასახლების შესახებ”. მესხეთის 220 სოფელი ერთ ღამეში დაცარიელდა. ერთთვიანი მგზავრობისას თითქმის 17 ათასი ადამიანი დაიღუპა სიცივით, შიმშილით, ანტისანიტარიითა და უჰაერობით. მესხები ჩაასახლეს უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ყაზახეთში, უკან დაბრუნების უფლების გარეშე.
1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე, რომლის საფუძველზე უნდა შექმნილიყო საკანონმდებლო ბაზა მესხეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანი ქართველების რეაბილიტაციის, რეპატრიაციისა და ინტეგრაციისათვის. 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი რეპატრიაციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დეპორტირებულთა შთამომავლების საქართველოში დაბრუნებისთვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნას. რეპატრიაცია 2012 წელს უნდა დასრულდეს. ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დეპორტირებული მესხების განაცხადებს განხილავენ. როგორც ცნობილია, სტატუსის მისაღებად სამინისტროში 5841 განაცხადი შევიდა, მათ შორისაა გოჰაროვების განაცხადიც.
“სტატუსის მისაღებად 2008 წელს განაცხადი აზერბაიჯანში შევიტანეთ და “რეპატრიაციის კანონის” იმედით დავბრუნდით საქართველოში”, - გვეუბნება ფავზია. უხარვეზოა თუ არა მათი აპლიკაცია, გოჰაროვებმა არ იციან, რადგან სამინისტროდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ. “გვეუბნებიან დაელოდეთო”, - ამბობს ფავზია და ამატებს, რომ იგივე პასუხი აქვთ სამინისტროში მაშინაც, როცა ოჯახის უფროსის შესახებ ეკითხებიან, - “სამინისტროში ბაბუას შესახებ იციან, მაგრამ, ამაზეც გვეუბნებიან სტატუსის მიღებას დაელოდეთო”.
ფავზია ფიქრობს, რომ მის მამამთილს პრობლემები სტატუსისა და მოქალაქეობის არქონის გამო აქვს. თავად ფავზია სტატუსის საკითხის მოგვარებას არ დაელოდა, მოქალაქეობის მისაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა და შესაბამისი თანხა, 200 ლარიც გადაიხადა. იუსტიციის სამინისტროდან გოჰაროვებმა პასუხი 2011 წლის 22 მარტს მიიღეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფავზია გოჰაროვას თხოვნა, მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
“...საქმის განხილვისას დადგინდა, რომ იგი (ფავზია გოჰაროვა ს.კ.) არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის ¹80 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფავზია გოჰაროვას მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა”, - ნათქვამია პასუხში, რომელსაც ხელს აწერს მინისტრის მოადგილე, სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილის აზრით, მსგავს მდგომარეობაში ერთადერთი გამოსვალი სასამართლოსთვის მიმართვაა: “არამგონია გოჰაროვებს ვინმე შეგნებულად ურღვევდეს უფლებებს, მიზანინმართულ შეფერხებას ვერ ვხედავ. 73 წლის ადამიანი ვის რაში უნდა უშლიდეს ხელს? დეტალებს არ ვიცნობ და ვერ გეტყვით ირღვევა თუ არა მათი უფლებები, მაგრამ თუ ოჯახს ასე მიაჩნია, უნდა მიმართოს სასამართლოს”.
იგივე მოსაზრება აქვს ადვოკატ გიორგი სარჯველაძესაც. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სავიზო რეჟიმის დარღვევასთან გვქონდეს საქმე. “უნდა მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანის საკონსულოს და სასამართლოს. ასევე შეუძლია მიმართოს საბაჟო დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვოს ახსნა-განმარტება. მაგრამ, ეს ოჯახის წევრებმა კი არ უნდა მოითხოვონ, პირადად მოხუცმა უნდა მოითხოვოს, ვისი უფლებაც დაირღვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ”.
ფავზია გოჰაროვა ამბობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვას არ აპირებენ. მას არც იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია, მოქალაქეობაზე უარის თქმის თაობაზე: “აზრი არ აქვს, ზედმეტი ხარჯია”.
ფავზიას კიდევ ერთი ვარაუდით, მაჰმუდ გოჰაროვს დაბრუნებაში შეიძლება პასპორტი უშლიდეს ხელს. მას აზერბაიჯანში პირადობის მოწმობაც უნდა შეეცვალა. მისი პასპორტის ასლის თანახმად, მაჰმუდ გოჰაროვს, დაბადებულს 1938 წლის 15 ივნისს, პასპორტი აღებული აქვს 2006 წლის 7 მარტს. მისი ვადა განისაზღვრება ხუთი წლით, - 2011 წლის 5 მარტიდან პასპორტი გაუქმებულად ითვლება: “მართალია, ისევ აზერბაიჯანის მოქალაქეები ვართ, მაგრამ, ჩვენ ხომ ვცხოვრობთ აქ?! ბინა უპრობლემოდ ვიყიდეთ და გავიფორმეთ”.
გოჰაროვებს ბინა მართლაც გაფორმებული აქვთ. 2009 წლის 31 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში (მისი რეგისტრაციის ნომერია ¹090352237), რომელსაც ნოტარიუს ლია მინაძის შემცვლელი პირი დავით მეტრეველი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ჭონქაძის 18 ნომერში მდებარე სახლი თბილისში მცხოვრებ ნაირა სუხიტაშვილისგან გოჰაროვებმა 15 000 დოლარად იყიდეს.
ადვოკატ გიორგი ჯვარიძის თქმით, ბინის ყიდვა ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოაქალაქეს შეუძლია. ამდენად, ეს პრობლემასთან კავშირში არ არის: “მათ უბრალოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულეის მიწის ყიდვა არ შუძლიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი პრობლემა სასამართლოს დახმარებით უნდა მოგვარდეს”.
სასამართლოში არა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ხალილ გოზალიშვილის სახელობის “მსოფლიო მესხთა კონგრესის” თავმჯდომარის სანდრო ხოზრევანიძის სახელზე ფავზიამ წერილები უკვე გააგზავნა.
პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილი წერილის ასლი გოჰაროვებს არ აქვთ. სანდრო ხოზრევანიძის სახელზე გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მაჰმუდ გოჰაროვი ავად გახდა და რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის, იძულებული გახდა სამკურნალოდ აზერბაიჯანში წასულიყო. “...სამი თვეა იმყოფება აზერბაიჯანში თავშესაფრისა და დახმარებისა გარეშე. როგორ იცხოვროს 73 წლის მოხუცმა საზღვარგარეთ სახლისა და ოჯახის გარეშე? სპეციალურად გვიქმნიან სატირალ მდგომარეობას, რომ წავიდეთ საქართველოდან”, - ნათქვამია წერილში და იქვე აღწერილია, რომ მსგავსი პრობლემა საქართველოში დაბრუნებულ სხვა ოჯახებსაც აქვთ. “მოგმართავთ თხოვნით მოგვაქციოთ ყურადღება აღნიშნული კონგრესის (“მსოფლიო მესხთა კონგრესის”ს.კ.) წევრებს მაინც და დაგვეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში. პირველ რიგში, გთხოვთ თანადგომას მამის პრობლემის გადასაჭრელად, რომ დაბრუნდეს იგი სახლში”, - ამ სიტყვებით მთავრდება წერილი, რომელსაც გოჰაროვების ექვსივე წევრი აწერს ხელს.
გაგზავნილი წერილების შესახებ არაფერი იციან ასოციაცია “ტოლერანტის” ოფისში, თუმცა გოჰაროვების პრობლემა მათვის ცნობილია. აღნიშნული ორგანიზაცია წლებია დეპორტირებულ მესხთა საკითხებზე მუშაობს. “ძალიან შეწუხებული ვართ მათი მდგომარეობით, მაგრამ ეს ალბათ მათი არაინფორმირებულობის შედეგია. თუმცა ასეც ვერ დავარქმევთ, რადგან ჩვენ ყველა ოჯახი გაფრთხილებული გვყავდა, ვისაც დარღვეული გაქვთ სავიზო რეჟიმი, ნუ გადაკვეთთ საზღვარს. უბრალოდ ავად იყო ოჯახის უფროსი და მისი წასვლა აუცილებლობა იყო”, - ამბობს “ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.
“სამხრეთის კარიბჭემ” მდგომარეობის გარკვევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეპატრიაციის სამმართველოს უფროსთან ირაკლი კოკაიასთან სცადა, თუმცა მან კითხვებზე არ გვიპასუხა.
გოჰაროვების საქმე ასოციაცია “ტოლერანტის” საზოგადოებრივმა ადვოკატმა ტარიელ მახაჭაშვილმა მოიკვლია. მისი თქმით, მაჰმუდ გოჰაროვს სავიზო რეჟიმი აქვს დარღვეული და ერთადერთი გამოსავალია დაელოდოს სტატუსის მიღებას: “სამინისტროსთან გვქონდა მოლაპარაკება იქნებ დააჩქარონ გოჰაროვების სტატუსის განხილვა. რადგან მოხუცია შეეცდებიან დააჩქარონ, მაგრამ კანონს ვერავინ დაარღვევს და გამონაკლისის დაშვებაც არ ხდება”.
ფავზიას თქმით, მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, უკან დაბრუნებას არავინ აპირებს: “არავინ ჩვენგან არ ფიქრობს უკან დაბრუნებას. რაც არ უნდა იყოს, აქ ვიცხოვრებთ!”
მაჰმუდ გოჰაროვის დაბრუნების გზა სტატუსის საკითხზე გადის. როდის მოუწევს განხილვა გოჰაროვების განცხადებას არავინ იცის.
საქართველოში დაბრუნების მოლოდინით, ბაბუა აზერბაიჯანში ნათესავებთან ცხოვრობს. საქართველოში მას მეუღლე, შვილი, რძალი და სამი შვილიშვილი ელოდება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი